ლარის გაუფასურება: ეროვნული ბანკი ვითარებას აკვირდება

© Sputnik / Alexander Imedashviliვალუტის გაცვლის პუნქტი
ვალუტის გაცვლის პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის კურსის ცვლილება ხანმოკლე პროცესია და ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულირებას არ საჭიროებს.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნასთან დაკავშირებულ ვითარებას აკვირდება და თუ ინფლაციის ზრდის საფრთხე შეიქმნება, ის მზადაა ჩაერიოს სიტუაციაში, განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.

ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ ბოლო თვეში 4,5%-ით დაეცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს წლიურმა ინფლაციამ სექტემბერში 6,2% შეადგინა.

ბანკის სალაროსთან - Sputnik საქართველო
ლარის გამბიტი, ანუ „გულუხვი“ ბანკები და „გაქცეული“ დოლარი...

„რომ შევხედოთ კურსის განმსაზღვრელ ფაქტორებს, რომლებსაც ჩვენ ფუნდამენტურ ფაქტორებს ვუწოდებთ, ყველაფერი პოზიტიურადაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო და გრძელვადიანად პერსპექტივაში კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება", — განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისი თქმით, მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, არის მოლოდინები, რომლებიც ხანდახან შეიძლება იყოს დასაბუთებული და ხანდახან — დაუსაბუთებელი, მაგრამ ეს კონკრეტული ბიზნეს-სუბიექტების — ფიზიკური პირების ან კომპანიების გადაწყვეტილებაა, რომლებიც ამ მოლოდინებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას, რაც, ბუნებრივია, კურსზე გავლენას ახდენს.

„თუ ამას მოჰყვება აჟიოტაჟი, კურსის გავლენაც, ბუნებრივია, უფრო და უფრო მაღალი იქნება… თუ ჩვენ დავინახავთ, რომ საფრთხე ექმნება ინფლაციას, ჩვენ გვაქვს ყველანაირი ინსტრუმენტი და მას გამოვიყენებთ", — აღნიშნა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი, რომელსაც ახასიათებს ცვალებადობა.

იხილეთ ასევე „უძირო ფსკერის ძიებაში, ანუ სანამდე ჩაყვინთავს ლარი" >>>

„საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ვიცით, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი არის აუცილებელი, რათა ჩვენ გვქონდეს მდგრადი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, გვქონდეს მაღალი და მზარდი დასაქმება, რათა შევინარჩუნოთ კონკურენტული ბიზნეს-გარემო. მცურავი გაცვლითი კურსისთვის დამახასიათებელია ცვალებადობა როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში", — დასძინა მან.

ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაციის მიზეზს ვერ ხედავს ასევე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეც. დეპუტატის განცხადებით, ქვეყნის ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება, რაც ოპტიმისტური პროგნოზების საფუძველს იძლევა.

მშენებლობები თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველო მსოფლიო ბიზნეს-ელიტაში მოხვდა

"თუ ნახავთ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს, ცხრა თვეში, პრაქტიკულად, მივიღეთ 200 მილიონით მეტი, არც ერთი მაჩვენებელი არ არის გაუარესებული. აქედან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლებით ლარის მკვეთრი დევალვაციის არანაირი საშიშროება არ არის", — განაცხადა კოვზანაძემ გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში.

1995 წლის ოქტომბრიდან ლარი საქართველოში გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება გახდა. ეროვნულმა ბანკმა 1995 წლის 25 ოქტომბრისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 1,3 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. 1998 წლიდან ლარის კურსმა ნელ-ნელა დაცემა დაიწყო. წლების განმავლობაში ლარის კურსი 1,6 – 2,2 ნიშნულზე მერყეობდა.

ქართულმა ეროვნულმა ვალუტამ, რომელმაც 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო ვარდნა და, რეკორდული მინიმუმების განახლებით, აშშ დოლარის მიმართ 2,5 ლარის ნიშნულს მიაღწია, 2016 წლის მარტში გამყარება დაიწყო.

ეროვნულმა ვალუტამ ფსიქოლოგიური ნიშნული 2,5 ლარი 2016 წლის 25 ნოემბერს გადალახა. მას შემდეგ, რაც 2016 წლის დეკემბერში აშშ დოლარის მიმართ მორიგი რეკორდი — 2,8 ლარი დამყარდა, ლარის კურსმა დასტაბილურება დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0