დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა რეკორდულია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდინოზავრის ფიგურა სათაფლიისკენ მიმავალ გზაზე
დინოზავრის ფიგურა სათაფლიისკენ მიმავალ გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, მით მეტი შემოსავალი აქვთ მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, რომლებსაც აქვთ სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. კეთილმოწყობილ დაცულ ტერიტორიებს, რომლებსაც წელს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია, შემოსავალი მოაქვს არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

წლის დასაწყისიდან ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებსა და სხვა ადგილებში იმყოფებოდა 860 ათასი ადამიანი, რაც 33%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

„ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნახევარი უცხოელი ვიზიტორია მსოფლიოს 97 ქვეყნიდან. ძალიან კარგია, რომ ასეთი სპექტრი გვაქვს. ეს არის ნამდვილად ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სწორი სახელმწიფო მექანიზმების გამოყენებით როგორც შიდა, ასევე გარე ტურიზმის წახალისება", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მარტვილის კანიონი - Sputnik საქართველო
ტურისტები კმაყოფილები არიან დაცული ტერიტორიების სტუმრობით

ვიზიტორების რაოდენობის ზრდა — ესაა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების, საოჯახო ტიპის სასტუმროების, კვების, სავაჭრო ობიექტების ზრდა, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

„ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა მიკროგრანტების პროგრამა, ან „უმასპინძლე საქართველოში", არის შესაძლებლობა, წამოიწყონ მცირე ბიზნესი და არჩინონ საკუთარი ოჯახი. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ მარტო მარტვილის კანიონისა და მისი შემოგარენის მოსახლეობისთვის შემოსავლებმა 3 500 ათასი ლარი შეადგინა. ეს სწორედ იმით არის განპირობებული, რომ იქ აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და მოეწყო ინფრასტრუქტურა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და პირადად მინისტრ გიგლა აგულაშვილს, რომელიც ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. კარგი მუშაობისთვის მადლობა კვირიკაშვილმა სხვა უწყებებსაც გადაუხადა.

კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მიწის ფასი გაიზარდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ადგილობრივი მოსახლეობა ამჯობინებს, არ გაყიდოს მიწა, გამოიყენოს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ინსტრუმენტები და შემოსავალი მიიღოს.

ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების სტუმრებისგან იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შემოსავალმა 1,2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

მნახველების რაოდენობით ლიდერობენ პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, სათაფლიას გამოქვაბული და ოკაცეს კანიონი.

ყველა ახალი ამბავი
0