სოფლის მეურნეობის სამინისტრო: „რთველი 2017" უპრეცედენტოდ წარმატებით დასრულდა

გამოწერა
ღვინის ქარხნებისთვის ჩაბარებული ყურძნის მოსავლიდან ფერმერების შემოსავალმა მიმდინარე წელს დაახლოებით 150 მილიონი ლარი შეადგინა.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. „რთველი 2017" საქართველოში უპრეცედენტოდ წარმატებით დასრულდა, ნათქვამია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

რთვლის დროს გადამუშავდა დაახლოებით 130 ათასი ტონა ყურძენი, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 150 მილიონამდე ლარი შეადგინა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი კვირიკაშვილი: „რთველი 2017" ძალიან წარმატებულად დამთავრდა

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავალი სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის. მათი ეკონომიკური საქმიანობა არის წარმატებული და ეს წარმატება უკავშირდება მთლიანად სექტორის წარმატებას", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მთავრობის სტრატეგია

სახელმწიფოს მხრიდან წელს ჩარევა მინიმალური იყო — სახელმწიფოს არ მოუწია ჭარბი რაოდენობის ყურძნის შეძენა, რადგან კერძო სექტორმა მოსავალი ყოველგვარი შეფერხების გარეშე მთლიანად დააბინავა, აღნიშნავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

„კერძო სექტორი არის გაძლიერებული, რასაც წინ უძღოდა სახელწიფო პროგრამები რამდენიმე წლის განმავლობაში, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ ათობით გადაიარაღებული და ახალი საწარმო, მოდერნიზებული კომპანიები. გაძლიერებული კომპანიები წარმატებული არიან საერთაშორისო ბაზრებზე", — აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ განახორციელა რიგი ღონისძიებები, რათა მევენახეებს ყურძნის რეალიზებაში დახმარებოდა.

ვის და რამდენი

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ 2017 წელს კახელ ფერმერებს სუბსიდიას არ გამოუყოფს, როგორც ეს გასულ წლებში იყო, და ეს ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ყურძენზე დიდი მოთხოვნილებით ახსნა.

თუმცა, იმ ღვინის კომპანიებმა, რომლებმაც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით სეტყვისგან დაზიანებული ყურძენი 0,70 ლარად შეისყიდეს, სახელმწიფოსგან დამატებით 0,35 ლარი მიიღეს.

ქვევრი ღვინის ერთ-ერთ მაღაზიაში - Sputnik საქართველო
მეცნიერებმა ბორდოში „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის" ანგარიში წარმოადგინეს

განსხვავებით კახეთისგან, მთავრობამ რაჭა-ლეჩხუმში გადაწყვიტა სუბსიდირების შენარჩუნება "ალექსანდროულისა" და "მუჯურეთულის" სახეობების (ამ ყურძნის ჯიშებისგან მზადდება "ხვანჭკარა") შესყიდვისას — სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ-ზე 2 ლარს შეადგენს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მთავრობის გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ რეგიონიდან ამ ჯიშის ყურძნის გატანა მისი გადამუშავების მიზნით 2019 წლიდან შეიზღუდება, ამიტომ ამ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება რაჭაში ღვინის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

სტატისტიკური მონაცემები

სულ 2017 წლის ცხრა თვეში საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 116 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 52,7 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო. მიმდინარე წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 55%-ით არის გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც.

საქართველო - ღვინის სამშობლო - Sputnik საქართველო
საქართველო – ღვინის სამშობლო

ქართული ღვინის იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა რუსეთი, სადაც ექსპორტირებული იყო 33,2 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინო. ამ ქვეყანაში ექსპორტის ზრდამ 95% შეადგინა.

მეორე ადგილზეა ჩინეთი, სადაც ექსპორტირებული იყო 5,5 მილიონამდე ბოთლი ღვინო. ჩინეთში ღვინის ექსპორტის ზრდამ 44% შეადგინა. უკრაინამ მესამე ადგილი დაიკავა — 5,3 მილიონზე მეტი ღვინო, ზრდა — 54%.

ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია აშშ-ის, ევროკავშირის, აზიისა და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობის შედეგია.

საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.

ყველა ახალი ამბავი
0