თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ციხეების პატიმრები 1 აპრილიდან სურვილისამებრ სამსახურის არჩევას, ასევე თავისი ნაკეთობების გაყიდვას შეძლებენ, – ასეთი შესწორებები შედის „პატიმრობის კოდექსში“.
ეს საქართველოს ხელისუფლების პირველი ინიციატივა არ არის, რომელიც ციხეში სასჯელის მოხდის შემდეგ პატიმარს ცხოვრების ნორმალური წესის დაუბრუნებაში უნდა დაეხმაროს. ჩატარებული რეფორმების წყალობით ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულის ტიპის მიხედვით პატიმართა დაყოფის სისტემა არსებობს, რის მიხედვითაც გამოსწორების შესაბამისი პროგრამა გამოიყენება.
აღნიშნული შესწორებების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იმ სპეციალობებს განსაზღვრავს, რომელთა არჩევასაც პატიმრები შეძლებენ, ხოლო ციხის ადმინისტრაცია, თავის მხრივ, ვალდებული იქნება პატიმრები საჭირო ინვენტარითა და მასალებით უზრუნველყოს.
ზოგიერთ პატიმარს არა მარტო ციხეში, არამედ ციხის ფარგლებს გარეთ მდებარე საწარმოებშიც მუშაობის საშუალება მიეცემა, სადაც, კონტრაქტის მიხედვით, ხელფასს უნაღდო ანგარიშსწორებით მიიღებს.
ამ შესწორებების ავტორი, რაც პატიმართა პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებენ, საქართველოს პრობაციის სამინისტროა. სამშაბათს პარლამენტი კანონპროექტის განხილვას შეუდგება.
პრობაციის სამინისტროზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия იუწყება, რომ საქართველოს ციხეებში ამჟამად სასჯელს იხდის 9,7 ათასი პატიმარი, მათგან 483 ადამიანია სამეურნეო სამუშაოებით დაკავებული და იღებს ხელფასს.