04:17 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
174 0 0

ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე ასრულებს, რომლისთვისაც ეს კინოროლი ბოლო აღმოჩნდა.

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე (Tribeca Film Festival) სამი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საერთაშორისო კინოფესტივალი Tribeca 2001 წელს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა რობერტ დე ნირომ და ჯეინ როზენტალმა დააფუძნეს. მას შემდეგ ის ყოველ წელს  ნიუ-იორკში იმართება. წელს ფესტივალი 9–20 ივნისს ტარდება.

ნამუშევარმა საუკეთესო ფილმის, საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მსახიობის (ლევან თედიაშვილი) კატეგორიაში გაიმარჯვა.

ლევან კოღუაშვილს ნიუ-იორკის ფესტივალზე გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიულოცა. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, კოღუაშვილის წარმატება აჩვენებს, რამდენად ნიჭიერები არიან ქართველი რეჟისორები.

„მეოთხე ბრაიტონი“ გვიყვება ამაღელვებელ ისტორიას ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.

კოღუაშვილის დრამის სიუჟეტის ცენტრშია ქართველი მამა-შვილის არცთუ მარტივი ურთიერთობები. ვაჟი აშშ-ში მიდის და მამას ეუბნება, რომ კარგად მოეწყო და სწავლობს. როდესაც მამა იეჭვებს, რომ რაღაც წესრიგში არაა, შვილთან ჩადის და ხედავს, რომ მისი ცხოვრების პირობები სულაც არ ჰგავს „ამერიკულ ოცნებას". ის მუშაობს მტვირთავად და გაჭირვებით ირჩენს თავს.

ფილმში მამის როლს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიო ხუთგზის ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონი – ლევან თედიაშვილი ასრულებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე. ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.

„მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოს, ბულგარეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის კოპროდუქციაა.

ფილმის ერთ-ერთი თანაპროდიუსერია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო თანადამფინანსებელი – საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

ლევან კოღუაშვილისა და საერთაშორისო კინოფესტივალ Tribeca-ს თანამშრომლობა 2006 წელს დაიწყო, როდესაც რეჟისორმა კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ვალი“ წარადგინა.

 

 

მთავარი თემები