საგარეჯოელი „დიდი ტედი“ - იუბილარ ლევან თედიაშვილის თავგადასავლები

© photo: Sputnik / Fred Ginberg / გადასვლა მედიაბანკშილევან თედიაშვილი
ლევან თედიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო ფალავნად მსოფლიოს  ხუთგზისა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი აღიარეს.

მასზე საუბრისას მრავალი ეპითეტის გამოყენება მომიწევს, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა ამბობენ, მასზე ყველაფერი ალალიაო. უდიდესი წარმატებების ფონზე ისევ ის, იუმორით აღსავსე საგარეჯოელი ბიჭია.

იქნებ ცოტა უხერხულია, ბიჭი უწოდო 72 წლის ჭარმაგ კაცს, ვინაც ჯანი და ილაჯი სამშობლოს დიდებას შეალია, ვისმა სისხლმა და ხორცმა, უსაყვარლესმა შვილმა, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში თავი გასწირა, რადგან კარგად იცოდა ვისი გორისა იყო, მაგრამ სიმართლეს ვერსად წაუვალთ: ლევან თედიაშვილი ახლაც ხალასი იუმორით აღსავსე გოგია კენკიშვილია, ვისი როლიც ასე ოსტატურად მოირგო გიორგი შენგელაიას ფილმში „ხარება და გოგია“.

ლევანს 700-მდე ოფიციალურ შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ წაუგია და მისი სახელი ჭიდაობის სამყაროში დღესაც უბადლო ოსტატობისა და ვაჟკაცობის სიმბოლოა.

მის შესახებ იმდენი დაიწერა, იმდენი ფილმი გადაიღეს, რომ თითქოს ახალი და განსხვავებული რაღა უნდა თქვა, მაგრამ მაინც შევეცდები მოგითხროთ რამდენიმე ისტორია, რომლებიც ამ ლეგენდარულ კაცს თავს გადახდენია. მოგეხსენებათ, მისარ პიროვნებებს ხალხი ზოგჯერ სხვის ნამოქმედარსაც მიაწერს, ამიტომ ჯერ იმაზე, რასაც, როგორც იტყვიან, წყალი არ გაუვა. 

ჭიდაობა არც მძლეოსნობაა და არც ცურვა, რომ რეკორდები ფიქსირდებოდეს, თუმცა, არის ისეთი შედეგები, რომელთა გამეორება ალბათ შეუძლებელიც კია. 1974 წელს, სტამბულის მსოფლიოს ჩემპიონატზე, შვეიცარიელი რაფაელ მარტინეტი 3(!) წამში ბეჭებზე გააკრა. ამ მარტინეტიმ ლევანის ჯავრი სხვა ქართველ ფალავნებზე იყარა და თანაც, არაერთხელ: ორი ათეული წლის განმავლობაში, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის რანგში, ბევრჯერ გაამწარა ჩვენი ბიჭები მათთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღებით.

© geonoc.org.geლევან თედიაშვილი ჭიდაობისას
საგარეჯოელი „დიდი ტედი“ - იუბილარ ლევან თედიაშვილის თავგადასავლები - Sputnik საქართველო
ლევან თედიაშვილი ჭიდაობისას

ამ ამბებამდე ერთი წლით ადრე, ლევან თედიაშვილი კიდევ ერთი უნიკალური მიღწევის ავტორი შეიქნა. თეირანში ჯერ თავისუფალ ჭიდაობაში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, სამი დღის მერე კი იქვე მიმდინარე სამბისტთა ჩემპიონატზე გამოსვლა სთხოვეს და ამანაც ყველას მუსრი გაავლო.

იქვე მყოფმა დიდმა ირანელმა ფეჰლევანებმა — მანსურ მეჰდიზადემ და აბდალაჰ მოვაჰედიმ ხუმრობით უთხრეს, ბარემ ბერძნულ-რომაულშიც გეჭიდავა და იქაც ხომ ვერავინ მოგერევაო.

ლევან თედიაშვილი ასევე ერთადერთია, ვისაც სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში პირველობა არავისათვის დაუთმია.

ახლა ერთ ისეთ ისტორიას მოგითხრობთ, რომლის ნამდვილობაზეც თავს ვერ დავდებ, თუმცა ფრიად სანდო ადამიანის, ლევანის მეგობრისგან მაქვს მოსმენილი და ამ თხუთმეტიოდე წლის წინ, როცა თავად ვკითხე, მართალია ეს ამბავი თუ არა–მეთქი, გემრიელად ჩაიქირქილა და მიპასუხა: ჰო, მგონი რაღაც მაგდაგვარი მართლა მოხდაო.

© photo: Sputnikოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვახტანგ ბალავაძე. ფოტოარქივი.
საგარეჯოელი „დიდი ტედი“ - იუბილარ ლევან თედიაშვილის თავგადასავლები - Sputnik საქართველო
ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვახტანგ ბალავაძე. ფოტოარქივი.

ჭიდაობაში  საბჭოთა კავშირის ნაკრები მორიგი დიდი ასპარეზობისთვის სომხურ წახკაძორში ემზადებოდა. ამ დროს ლევანი უკვე სახელოვანი ფალავანი და ნაკრების კაპიტანია. ტერიტორიიდან გარეთ ცხვირს არავის აყოფინებენ. ზუსტად იმავე დროს თბილისში ერევნის „არარატის“ ფეხბურთელთა გუნდმა „დინამოს“ 4:1 მოუგო. ამას დიდი არეულობა მოჰყვა, ცემა-ტყეპა და მანქანების დაწვა. წახკაძორში მყოფი ლევანი ისე გამწარებულა, შებნელებულზე ჩუმად გამოპარულა, ერევანში ჩასულა, სასტუმრო „ანის“ წინ მოზეიმე ახალგაზრდების ჯგუფთან მისულა და უთხოვია, 11 კაცი გამომყევით, თქვენთან პატარა საქმე მაქვსო. შემდეგ რაც მოხდებოდა, ძნელი მისახვედრი არ არის.

მეორე დილით ნაკრების მწვრთნელებს ლევანი მოუსაკლისებიათ და ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, ერევნის მილიციის ერთ–ერთ განყოფილებაში მიიკვლევიათ —  მილიციის უფროსის კაბინეტში ორ მაიორთან ერთად ჩაის შეექცეოდა.  ესენი, თავად ყოფილი მოჭიდავეები, უზომოდ ბედნიერები იყვნენ, რომ ამ ბუმბერაზ პიროვნებასთან საუბარი მოახერხეს.

ერს უყვარს თავისი გამორჩეული შვილები, სიხარულით იჯერებს მის მიერ ჩადენილსა თუ მის შესახებ მოგონილს. ლევან თედიაშვილს სხვისი ნამოქმედარის მიწერა არ სჭირდება. თავად იმდენი აქვს გაკეთებული ამ ჭირვარამიან და ხალისიან კაცს, ბარე ბევრს ეყოფა.

თხრობას კი ერთი კანადელი ჟურნალისტის ნათქვამით დავასრულებ, რომელმაც ხუმრობით დიდი ტედი შეარქვა:

„ლევან თედიაშვილი ყველაზე დიდია მსოფლიოში, ყველაზე დიდი და ყველაზე სრულყოფილი“.

მგონი, ასე ზუსტად ვერავინ დაახასიათებდა…

ყველა ახალი ამბავი
0