05:04 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
97 0 0

გელათის მონასტერში ტაძრის რეკონსტრუქციით დაკავებული კომპანიები აღდგენითი სამუშაოების პროცესში შეცდომების გამო 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღდგენაზე ამიერიდან ახალი კომპანია - „ბაგინეთი+“ იმუშავებს, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

კომპანიები – „იკორთა 2007“ და „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომლებიც აღნიშნულ სამუშაოებს „ბაგინეთამდე“ აწარმოებდნენ, აღდგენითი სამუშაოების პროცესში შეცდომების გამო 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. 18 იანვარს კი უამინდობის შედეგად ღვთისმშობლის ტაძრის დროებითი სახურავის ნაწილი დაზიანდა და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალური ფრესკები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო. ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის სამუშაოები 2016 წელს შესრულდა, მაგრამ კრამიტის სახურავზე დეფექტები გამოვლინდა, რის გამოც ტაძარში წვიმის წყალი ჩადის და XII, XIV და XVI საუკუნეების უნიკალურ ფრესკებს აზიანებს. სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს.

ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა იქნება მანამ, სანამ ქვედა რეგისტრების წუნდებული კრამიტი მთლიანად არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხი ლაბორატორიული კვლევებით და ექსპერტთა დასკვნებით დადასტურდება.

სამონასტრო კომპლექსი 1125 წლამდე შენდებოდა და ხუთი წლის განმავლობაში მოზაიკებით ირთვებოდა, რომლებიც მთელ ამიერკავკასიაში საუკეთესოდ მიიჩნევა.

გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათალიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და მისი განსასვენებელი გახდა.

მე-13 საუკუნეში სამონასტრო ანსამბლს დაამატეს წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგი ეკლესიები, ასევე სამსართულიანი სამრეკლო. კედლის მხატვრობა სხვადასხვა პერიოდს მიეკუთვნება — XII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით. განსაკუთრებით აღსანიშნავია გვირგვინოსნების პორტრეტები.

მთავარი თემები