12:03 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (59)
30610

სპეციალისტებმა ნეოლითის ეპოქის - ქვის ხანის გვიანი პერიოდის ოვალური ნაგებობებისა და სათავსოების კვალი აღმოაჩინეს

თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე, ნეოლითური პერიოდის – 8 ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა აღმოაჩინა. ამის შესახებ აღნიშნულია მუზეუმის ვებგვერდზე.

კერძოდ, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძვ.წ. VI ათასწლეულის ძეგლის ნაწილები - ეს არის წრიული ფორმის სახლების ნანგრევები, რომლებიც შულავერ-შომუთეფეს კულტურისათვის არის დამახასიათებელი.

Археологические раскопки в Квемо Картли
photo: courtesy of National Museum of Georgia
არქეოლოგიური გათხრები ბოლნისში

სპეციალისტების მიერ აღმოჩენილი ნაგებობების ნანგრევები წარმოადგენს მცირე ზომის სათავსოებსა და ნაგებობებს შორის არსებულ კედლებს.

აღმოჩენილ არტეფაქტებს შორის არის თიხის ჭურჭლის ნატეხები, ძვლის, ირმის რქის, ობსიდიანის, მასიური ქვის იარაღები და სარდიონისგან დამზადებული მძივები. აღმოჩენილი არტეფაქტები ამავე რეგიონში, ბოლნისის მუზეუმის კოლექციებს შეემატება.

ბორცვი მდებარეობს მდინარე მაშავერას და ხრამის ხერთვისთან, რომელიც მას ჩრდილოეთით ესაზღვრება, დანარჩენი სამი მხრიდან მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რკალში, რაც იდეალურ პირობებს ქმნიდა 8 ათასი წლის წინ ნეოლითური სოფლის განვითარებისათვის. აღსანიშნავია, ისიც რომ ძეგლი 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს არუხლოსა და იმირის ძეგლებიდან სადაც მსოფლიოში უძველესი ღვინის კვალია აღმოჩენილი.

 Археологические раскопки в Квемо Картли
photo: courtesy of National Museum of Georgia
არქეოლოგიური გათხრები ბოლნისში

მაშავერას გორაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 1988 წელს ჩატარდა. ექსპედიციის მიერ (დ. გოგელიას ხელმძღვანელობით) გამოვლინდა რამდენიმე წრიული ნაგებობა და მცირე რაოდენობით არქეოლოგიური მასალა.

გრაკლიანის გორაზე არქეოლოგებმა კვლავ უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს >>

არქეოლოგიური სამუშაოები ეროვნული მუზეუმის გუნდმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2020 წელს განაახლა. ექსპედიციას ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ჯონი აბულაძე.

თემები:
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (59)

მთავარი თემები