თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ახალ ტელესერიალზე მუშაობს. არხის პავილიონში გადაღებები უკვე დაიწყო, ინფორმაცია ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე ვრცელდება.
სერიალი სახელწოდებით „ქიმია“, რომლის რეჟისორი ნინო დადვანია, სიმსივნით დაავადებული ქალების ისტორიებს გვიამბობს და მისი სატელევიზიო პრემიერა შემოდგომაზეა დაგეგმილი.
ავტორები ფიქრობენ, რომ სერიალი აქცენტს დასვამს არა მხოლოდ იმაზე, რომ სიმსივნური დაავადებები ჩვენ სინამდვილეში მეტისმეტად მოხშირდა, არამედ იმაზეც, რამდენად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და სწორი პროფილაქტიკა.
„პირველი არხის“ გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ სერიალების გადაღება არხის მნიშვნელოვანი განაცხადია.
„ჩვენ სერიალების გადაღების პრაქტიკას ვამკვიდრებთ და, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება წარმატებული. ასეთ შემთხვევაში გავაგრძელებთ კიდევ პრაქტიკას და ვფიქრობთ, რომ წელიწადში რამდენიმე სერიალი ვაწარმოოთ“, – აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.
სცენარის ავტორი ირმა ჩუბინიძე ამბობს, რომ სერიალში განსხვავებული ასაკის, განსხვავებული შეხედულებების, განსხვავებული განათლების მქონე პაციენტები ხვდებიან.