თბილისი, 3 მარტი – Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა დათა თავაძემ ბერლინის გერმანულ საოპერო თეატრში (Deutsche Oper Berlin) დადგა სპექტაკლი „ყველა [კვდება]“. ამის შესახებ რეჟისორი თავის Facebook–გვერდზე წერს.
„ყველა [კვდება]“ ავსტრიელი დრამატურგის ფერდინანდ შმალცის პიესაა, რომელმაც ეს ნაწარმოები ჰიუგო ფონ ჰოფმანსტალის Jedermann-ის მოტივებზე შექმნა. დადგმაში მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთმა ქართველმა – ნიკა ფასურმა, რომელმაც სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა.
„დათა თავაძემ, თბილისის სამეფო უბნის თეატრის რეჟისორმა და საქართველოში ერთ–ერთმა გამოჩენილმა ახალგაზრდა რეჟისორმა, წარმოადგინა თამაში ფულზე, ხელისუფლებასა და სიკვდილზე“, – ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაში სპექტაკლის შესახებ.
რეჟისორი და მსახიობები ბისზე შვიდჯერ გამოიძახეს, უკრავდნენ მქუხარე ტაშს.
დათა თავაძე ცნობილი ქართველი მსახიობების ნიკა თავაძისა და ნატო მურვანიძის შვილია. სამეფო უბნის თეატრის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მთავარი რეჟისორი პერსპექტიულ თეატრალურ რეჟისორად მიიჩნევა. მის ნამუშევრებს აჩვენებენ როგორც საქართველოს, ისე ევროპის (და არა მხოლოდ) თეატრალურ სცენებზე.
თავაძის სპექტაკლი „პრომეთე: დამოუკიდებლობის 25 წელი" 2016 წელს, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ვერსიით, გამარჯვებულად აღიარეს ნომინაციებში „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი" და „საუკეთესო სპექტაკლი".
იმავე წელს დათა თავაძის „სახეები" პრიზიორი გახდა ბულგარეთში სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე „დანაილ ჩირპანსკი".
თავაძე ამჟამად გერმანულ თეატრებში აქტიურად დგამს სპექტაკლებს.
ქართველი რეჟისორი გერმანულ სცენაზე „ვერაგობა და სიყვარულს" დადგამს>>
რეჟისორი 30 წლისაა. ჰყავს მეუღლე – ნათია კახიძე, რომელიც ქართველი დირიჟორისა და კომპოზიტორის ჯანსუღ კახიძის შვილიშვილია.