ქართველი რეჟისორი გერმანულ სცენაზე „ვერაგობა და სიყვარულს" დადგამს

© FB / Data Tavadzeდათა თავაძე
დათა თავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გერმანელი მაყურებელი ქართველი რეჟისორის ინტერპრეტაციით იხილავს ცნობილ სპექტაკლს „ვერაგობა და სიყვარული".

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველ რეჟისორს დათა თავაძეს გერმანულ სცენაზე, დრეზდენის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ფრიდრიხ შილერის დრამის „ვერაგობა და სიყვარული" დადგმა დაავალეს, აღნიშნულია თეატრის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სპექტაკლის პრემიერა 2019 წლის 9 თებერვალსაა დანიშნული. სპექტაკლის რეპეტიციები მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყება.

ქართველი რეჟისორის განცხადებით, გერმანელი დრამატურგის ნაწარმოების დადგმა გერმანიაში მასში, ერთი მხრივ, „აღუწერელ შიშს იწვევს“, ხოლო მეორე მხრივ - ამგვარი ნდობისთვის უზარმაზარ ბედნიერებას.

„გამიმართლა, რომ საშა ვალცის მუდმივი კოლაბორატორი, დიდი გერმანელი მხატვარი თილო როიტერი დათანხმდა ამ დადგმისთვის დეკორაციის შექმნაზე. ბრწყინვალე კოსტიუმების მხატვარი ირენ ფავრი შეუერთდა ჩვენ ჯგუფს და ნიკა ფასური აკეთებს მუსიკას, რომელიც ცოცხლად შესრულდება სპექტაკლში...", - წერს დათა თავაძე თავის Facebook-გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ გერმანულ თეატრში ეს დათა თავაძის პირველი ნამუშევარი არ არის. ამ დღეებში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართა თავაძის სპექტაკლის „ვეფხვი და ლომი" პრემიერა, რომელიც ქართველი დრამატურგის დავით გაბუნიას პიესის მიხედვით კარლსრუეს თეატრის დასმა წარმოადგინა.

დათა თავაძე ცნობილი ქართველი მსახიობების ნიკა თავაძისა და ნატო მურვანიძის შვილია. სამეფო უბნის თეატრის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მთავარი რეჟისორი პერსპექტიულ თეატრალურ რეჟისორად მიიჩნევა. მის ნამუშევრებს აჩვენებენ როგორც საქართველოს, ისე ევროპის (და არა მხოლოდ) თეატრალურ სცენებზე.

თავაძის სპექტაკლი „პრომეთე: დამოუკიდებლობის 25 წელი" 2016 წელს, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ვერსიით, გამარჯვებულად აღიარეს ნომინაციებში „საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი" და „საუკეთესო სპექტაკლი".

იმავე წელს დათა თავაძის „სახეები" ბულგარეთში სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე „დანაილ ჩირპანსკი" პრიზიორი გახდა.

გერმანული დრამატურგიის კლასიკურ ნაწარმოებად ქცეული „ვერაგობა და სიყვარული" (Kabale und Liebe) ფრიდრიხ შილერმა 1784 წელს დაწერა. იმავე წელს გაიმართა სპექტაკლის პრემიერაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0