საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი გადადგა

გამოწერა
ზაზა ურუშაძის განაცხადებით, მას არანაირი სურვილი აღარ აქვს, მონაწილეობა მიიღოს იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ თანამდებობა დატოვა, იუწყება საქართველოს კინოაკადემია სოციალურ ქსელში.

2 აგვისტოს კინოაკადემიის ყრილობაზე აკადემიის წევრების ნაწილმა ზაზა ურუშაძის ვადაზე ადრე გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვა.

„კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმა მიიღო, გადავწყვიტე, რომ გადავდგე და დღეიდან ვტოვებ თანამდებობას“, – აღნიშნულია კინოაკადემიის გვერდზე გავრცელებულ ზაზა ურუშაძის განცხადებაში.

კადრი ფილმიდან მანდარინები - Sputnik საქართველო
ზაზა ურუშაძის „მანდარინები" მსოფლიოს საუკეთესო ფილმებს შორის მოხვდა

ზაზა ურუშაძემ განაცხადა, რომ არანაირი სურვილი აღარ აქვს, მონაწილეობა მიიღოს იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში და პრინციპულად მიუღებელია მისთვის.

„ნათლად გავაცნობიერე, რომ ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების ფონზე მოგებას ფასი აღარ აქვს. მინდა მადლობა გადავუხადო კინოაკადემიის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც მართლაც შესანიშნავად, პროფესიონალურად იმუშავეს. მადლობელი ვარ ჩემი მხარდამჭერების და ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემმა ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, იმედი გაუცრუოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ზაზა ურუშაძის აზრით, აუცილებელია კინოაკადემიის გაახალგაზრდავება.

„რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში, რადგან, დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ შემთხვევაში ექნება პერსპექტივა საქართველოს კინოაკადემიას“, – წერია განცხადებაში.

„ოსკარის" ნომინანტმა ზაზა ურუშაძემ ახალი ფილმი გადაიღო >>

ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი ზაზა ურუშაძე კინოაკადემიის პრეზიდენტი 2013 წელს გახდა. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „ბოლო გასეირნება“ (2012) და „მანდარინები“ (2013). 2018 წელს ფილმი „მანდარინები“, რომელსაც საერთაშორისო ფესტივალების 15-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზამ (IMDb) ყველაზე პოპულარული ფილმების სიაში შეიტანა. აღსანიშნავია, რომ ზაზა ურუშაძის ქალიშვილი ანაც წარმატებული კინორეჟისორია.

ყველა ახალი ამბავი
0