22:03 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
CineDOC-Tbilisi

CinéDOC-Tbilisi 2019: როგორი ფილმები და პრიზები იქნება ფესტივალზე

photo: CineDOC-Tbilisi / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (607)
115 0 0

რა ფილმები იქნება ნაჩვენები კავკასიაში პირველ საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალზე CinéDOC–Tbilisi და რა პრიზები ელის გამარჯვებულებს

ფორუმის ამ და სხვა სიახლეების შესახებ „Sputnik-საქართველოს“ ფესტივალის დირექტორმა არჩილ ხეთაგურმა უამბო.

- რა პრიზები ელის ფესტივალ CinéDOC-Tbilisi-ს გამარჯვებულებს?

- მთავარი პრიზი გამარჯვებულს საერთაშორისო კონკურსში გადაეცემა. ეს იქნება 3000 ლარის ოდენობის ფულადი პრემია. დაახლოებით იგივე ფულადი პრიზი გვაქვს გათვალისწინებული სექციაში Focus Caucasus. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რომელიც ასევე აპირებს ჩაერთოს პრიზების გადაცემაში – როგორ ფორმატში, ჯერჯერობით არ ვიცით, მოლაპარაკების პროცესში ვართ.

- რამდენად საინტერესოა წელს ქართული პროგრამა?

- წელს ქართულ პროგრამაში პირველად გვაქვს წარმოდგენილი ათი ფილმი. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. თანაც უმრავლესობა საპრემიერო ჩვენება იქნება.

ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა „მეთევზე და გოგონა" გერმანია დაიპყრო >>

- რის შესახებ არის ქართული ფილმები?

- აბსოლუტურად განსხვავებული თემებია. გვაქვს ფილმი კონფლიქტებზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე გადაღებული ფილმი „ჯამბაზის კალენდარი“, რომელიც ცირკის მოხეტიალე მსახიობის ისტორიას მოგვითხრობს. მარიამ გულბიანის ფილმი „სანამ მამა დაბრუნდება“, რომელიც გადაღებულია პანკისში და სხვადასხვა ფესტივალებზე უკვე საერთაშორისო აღიარება აქვს მოპოვებული. ფესტივალის პროგრამაში ასევე ვიხილავთ სექცია Civil Pitching-ის ორი გამარჯვებულის ნამუშევრებს.

- წელს ფილმები კატეგორიებად დაყავით, ერთ-ერთის სახელწოდებაა „წითელი სული“. ამ კატეგორიაში რომელი ფილმები იქნება?

- „წითელი სული“ – ეს არის სურათები, რომლებიც ეხმიანება სსრკ-ის ეპოქის გავლენის თემას არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, არამედ ევროპაზე და მთლიანად მსოფლიოზე, ასევე იმ დროის გადაფასებასა და საბჭოთა კავშირის დაშლას. ამ კატეგორიაში ბევრი საინტერესო ფილმია. ერთ-ერთი – ვერნერ ჰერცოგის ფილმი „შეხვედრა გორბაჩოვთან“, ასევე ვიტალი მანსკის „პუტინის მოწმეები“. ჩვენი მაყურებლები ასევე ნახავენ ძიგა ვერტოვის მიერ 1918 წელს გადაღებულ პირველ დოკუმენტურ ფილმს „რევოლუციის წლისთავი“, რომელიც რუსეთის არქივში გასულ წელს აღმოაჩინეს.

- როგორ აირჩევთ გამარჯვებულს?

- გამარჯვებულს შეარჩევს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან ქართველი კინორეჟისორი მარიამ ჭაჭია, ასევე ონდრეი კამინიცკი, ადამიანის უფლებების შესახებ დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ One World-ის დირექტორი, სლოვენიელი პროდიუსერი პეტრა სელისკარი და ტელეარხ „ნამდვილი დროის“ მთავარი რედაქტორი კენან ალიევი. გამარჯვებულთა ვინაობა ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე 13 მაისს გამოცხადდება.

იტალიური გახმაურებული ფილმი „იდეალური უცნობები" ქართულ სცენაზე გადმოინაცვლებს >>

დოკუმენტური კინოს რიგით მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი CineDOC-Tbilisi დედაქალაქში 6-13 მაისს გაიმართება

ფესტივალის მაყურებელი იხილავს რუსეთის, უკრაინის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ფინეთის, პოლონეთის, გერმანიის, ავსტრიის, ბელგიის, შვედეთის, შვეიცარიის, იტალიის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, დანიის, უნგრეთის, ჩეხეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, მაკედონიის, ლატვიის, ხორვატიის, სლოვაკეთის, მოლდოვის, სერბეთის, ირანის, მექსიკის, აშშ-ის და ავსტრალიის რეჟისორების ფილმებს. სულ 56 ფილმია წარმოდგენილი.

კინოჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანში“ და არქივის კინოთეატრში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია კინოთეატრის სალაროებში და ონლაინ, ვებგვერდზე www.biletebi.ge.

ფესტივალის დეტალური პროგრამა იხილეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

თემები:
საქართველო და კულტურა (607)

მთავარი თემები