ფოტოგრაფების საყურადღებოდ! Kolga Tbilisi Photo გელოდებათ

გამოწერა
კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულთა მრავალი გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საერთაშორისო ფოტოკონკურსი Kolga Tbilisi Photo 2019 საქართველოს დედაქალაქში 3-12 მაისს ჩატარდება – გამოფენის სტუმრებს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ფოტოხელოვანების ნამუშევრები ელოდებათ.

საერთაშორისო არენაზე კარგად ცნობილი ახალგაზრდა ფოტოგრაფები თბილისში მეთვრამეტედ შეიკრიბებიან. Kolga Tbilisi Photo 2019-ის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო, ადგილობრივი, ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენები. გარდა ამისა, ფოტოკონკურსის დროს ტრადიციულად გაიმართება უფასო ვორკშოპები, სემინარები, დისკუსიები, ლექციები და საუკეთესო პორტფოლიოს მიმოხილვა.

„კონკურსში გამარჯვებული ფოტოგრაფების გამოფენებთან ერთად საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები", – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ფოტოკვირეული სტარტს აიღებს კონკურსის საუკეთესო ფოტოპროექტების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიით. Kolga Tbilisi Photo-ს საპრიზო ფონდი 7,5 ათასი დოლარია. თანხა გამარჯვებულებს შორის ოთხ ნომინაციაში გადანაწილდება: დოკუმენტური სერია, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, რეპორტაჟი და ერთი კადრი, ასევე კომპანია Huawei-ის ქვენომინაცია – მობილური ფოტო. ასევე გამოცხადდება Kolga Newcomer Photo Award-ის პრემიის ლაურეატი, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა ფოტოგრაფს გამოავლენს.

გიორგი პინხასოვი - Sputnik საქართველო
ცნობილი ფოტოგრაფი საქართველოში: თბილისელებს გიორგი პინხასოვთან შეხვედრა ელოდება

დაჯილდოების ცერემონია მეცნიერებათა აკადემიის ტერიტორიაზე, ყოფილი საბაგირო გზის ქვედა სადგურზე 3 მაისს, 22:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ბენდი The BearFox.

ცერემონიის დაწყებამდე ასევე დაგეგმილია ნომინაცია „პორტრეტების" საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა. ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

Kolga Tbilisi Photo 2019-ს TBC bank-ი წარმოადგენს. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

გამოფენებისა და სემინარების დეტალური პროგრამა იხილეთ ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0