300 წლის ვეფხისტყაოსანი და სხვა უნიკალური წიგნები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამოიფინება

გამოწერა
გამოფენა ქართველი პოეტის იოსებ გრიშაშვილის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს ეძღვნება.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში იოსებ გრიშაშვილის ფონდში დაცული იშვიათი და უნიკალური წიგნების გამოფენა გაიმართება, აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იოსებ გრიშაშვილის უნიკალური წიგნსაცავი (45 ათასი ტომი) და სამუზეუმო რელიკვიები, პოეტის ანდერძის თანახმად, 1957 წელს უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას.

წიგნების გამოფენა ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის იოსებ გრიშაშვილის დაბადებიდან 130 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენა 23 აპრილს გაიხსნება და სამ დღეს გასტანს.

საჯარო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დარბაზი - Sputnik საქართველო
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1712 წელს ვახტანგ VI-ის სტამბაში დაბეჭდილი „ვეფხისტყაოსანი", 1924 წელს გამოცემულ პირველი ქართული ფუტურისტული ჟურნალი H2SO4, „ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემის" პირველი გამოცემა, მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში დაბეჭდილი მოოქროვილი მინიატურული „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა იშვიათი და უნიკალური წიგნები იოსებ გრიშაშვილის ფონდიდან.

პოეტის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი "იოსებ გრიშაშვილი – 130" ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და იშვიათი და უნიკალური წიგნების გამოფენას, სტუდენტურ კონფერენციას, საჯარო ლექციას, ფოტოკონკურსს და სხვადასხვა აქტივობას მოიცავს.

იოსებ გრიშაშვილი 1889 წლის 12 აპრილს თბილისში დაიბადა. გრიშაშვილს ეკუთვნის ლიტერატურული გამოკვლევები: „საიათნოვა", „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა", ნაშრომები ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, მიხეილ ლერმონტოვისა და სხვა მწერლების შესახებ. თარგმნა სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ბევრი კლასიკური ნიმუში, ანა ახმატოვას, სერგეი მიხალკოვის, სტეფანე შჩიპაჩოვის, ვერა ინბერისა და სხვების ლექსები.

 

ყველა ახალი ამბავი
0