11:10 26 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2260
  • 100 RUB4.5177
  • USD2.8333
ნინო ანანიაშვილი

პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი საქართველოში „ევროპა ნოსტრას“ საპატიო პრეზიდენტი გახდა

© photo: Nina Ananiashvili - Official / FB
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (165)
15710

„ევროპა ნოსტრა“ (Europa Nostra) - არის ორგანიზაცია, რომლის მიზანსაც ევროპის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და დაცვა წარმოადგენს

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. მსოფლიოში აღიარებული ქართველი პრიმაბალერინა და თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი საქართველოში „ევროპა ნოსტრას“ წარმომადგენლობის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.

„ევროპა ნოსტრა“ - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყანიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ფედერაციის შტაბბინა ჰააგაში მდებარეობს. „ევროპა ნოსტრა“ თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა ევროკავშირი, ევროსაბჭო და იუნესკო. ორგანიზაციის პრეზიდენტია პლასიდო დომინგო.

საქართველო Europa Nostra-ს ასოცირებული წევრი 2016 წელს გახდა.

ამ თანამდებობაზე ანანიაშვილს ოფიციალურად Europa Nostra-ს გენერალური მდივანი სნეშკა კაიდვლიგ-მიხაილოვიჩი ზ. ფალიაშვილის სახელობის თეატრის სცენაზე 19 აპრილს დანიშნავს, - აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.

„საზეიმო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება „ევროპა ნოსტრას“ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს გამარჯვებული ქართული პროექტები, რომლებსაც დააჯილდოებენ „ევროპა ნოსტრას“ გენერალური მდივანი ქალბატონი სნეშკა კაიდვლიგ-მიხაილოვიჩი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი“, - ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

ქართულმა სამეცნიერო პროექტმა Europa Nostra-ს ჯილდო მიიღო >>

საზეიმო ღონისძიება 16:30 საათზე დაიწყება და პეტრე ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავის“ წარმოდგენით დასრულდება.

ნინო ანანიაშვილის ბიოგრაფია

ნინო გედევანის ასული ანანიაშვილი 1963 წელს თბილისში დაიბადა. 1969 წელს სწავლა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო ქორეოგრაფიულ სასწავლებელში პედაგოგ თამარ ვიხოდცევას ხელმძღვანელობით. 1976 წელს გადავიდა მოსკოვის აკადემიურ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, სადაც მისი ერთ-ერთი პარტნიორი გახდა ანდრის ლიეპა. 1981 წელს ნინო ანანიაშვილი დიდი თეატრის დასში მიიღეს. აქ მას ასწავლიდნენ რაისა სტრუჩკოვა, რიმა კარელსკაია და მარინა სემიონოვა. 1982 წელს ნინო ანანიაშვილი დიდ თეატრში უკვე სოლო პარტიებს ასრულებდა ბალეტებში „ხის პრინცი“ და „შოპენიანა“. ბალეტ „ანა კარენინაში“ მაია პლესეცკაიას მიწვევით და მასთან ერთად ასრულებდა კიწის პარტიას. 1985 წელს ანანიაშვილმა დიდი თეატრის პრიმაბალერინას სტატუსი დაიმკვიდრა.

1988 წელს ნინო ანანიაშვილი და ანდრის ლიეპა პირველი საბჭოთა მოცეკვავეები გახდნენ, რომლებიც ნიუ-იორკის საბალეტო დასში (New York City Ballet) მიიწვიეს. 1993 წლიდან ნინო ანანიაშვილი ამერიკის საბალეტო თეატრის პრიმაბალერინაა. 1999 წელს ჰიუსტონის ბალეტის წამყვანი ბალერინა გახდა.

ნინო ანანიაშვილი რუსული საბალეტო დასის პირველი ბალერინაა, რომელიც დანიის სამეფო ბალეტის დასში ცეკვავდა. მიწვეული სოლისტის სტატუსით იგი გამოდიოდა მსოფლიოს საუკეთესო საბალეტო თეატრების დასებში. ნინო ანანიაშვილის პარტნიორი იყო თანამედროვეობის მრავალი ცნობილი მოცეკვავე. ანანიაშვილს შესრულებული აქვს 90-ზე მეტი პარტია.

2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი საქართველოს ნაციონალური ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი და ვ. ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორია. ანანიაშვილი მრავალი წოდებისა და ჯილდოს მფლობელია, მათ შორის, საქართველოს სსრ-ს სახალხო არტისტის წოდებისა (1988) და რუსეთის სახალხო არტისტის წოდებისა (1995).

თემები:
საქართველო და კულტურა (165)

მთავარი თემები