თბილისი, 22 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა ესტონეთში 23 მარტს გაიხსნება, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
ექსპოზიციაზე, რომელიც ტალინში მუზეუმ „მიკელიში" ხუთი თვე, 23 აგვისტომდე გაგრძელდება, დამთვალიერებელი მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელობის მუზეუმში დაცულ სრულ კოლექციასა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კუთვნილ სამ ფერწერულ ტილოს იხილავს.
გამოფენის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან ესტონეთის ეროვნული მუზეუმი, ესტონეთში საქართველოს საელჩო და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
22 მარტს, გამოფენის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე, მიწვეული არიან ესტონეთის მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 23 მარტიდან კი გამოფენის კარი ყველა მსურველისთვის ღია იქნება.
თბილისში, შესაძლოა, ნიკო ფიროსმანის თანამედროვე მუზეუმი აშენდეს>>>
აღსანიშნავია, რომ 23 მარტიდან მუზეუმ „მიკელის" საგამოფენო სივრცე ოთხი დღით ადგილობრივი ქართული დიაპორისა და ესტონეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტებისთვის ორ ღონისძიებას დაეთმობა: შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამა „ვხატავთ ფიროსმანს" და კუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსთან და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის წამყვანი ექსპერტის თამარ მელივას ლექციას თემაზე „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე".
ესტონეთში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ინიციატივითა და ორგანიზებით, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ექსპონირება 2015 წელსაც გახორციელდა.