თბილისი, 6 მარტი - Sputnik. ამერიკელი პოპ-მომღერალი ლედი გაგა ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას სამოსით გამოჩნდა.
ლედი გაგამ სამოსი ქართული ბრენდიდან AVTANDIL შეარჩია >>
ფოტო, რომელზეც შავ კაბაში გამოწყობილი მომღერალი პოზირებს, დიზაინერმა თავის Instagram-გვერდზე ატვირთა.
ტოტალურად შავი სამოსი მომღერლის ექსტრავაგანტურობას ხაზს უსვამს უჩვეულო ფორმებით: განიერი მხრები, მოცულობითი სახელოები და გრძელი შლეიფი - ყველა ეს ელემენტი ლედი გაგას სტილს სრულიად შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ ლედი გაგა თამუნა ინგოროყვას სამოსს პირველად არ ირგებს - ადრე მომღერალი რძისფერი ლაბადით გამოჩნდა.
ლედი გაგა ცნობილია ქართველი დიზაინერებისადმი სიყვარულით. ის არაერთხელ გამოჩნდა ავთანდილ ცქვიტინიძის, გიორგი ქებურიას და Mach&Mach-ის სამოსით.
ბრენდი Tamuna Ingorokva 2002 წელს შეიქმნა. დიზაინერმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ხოლო მალევე — მსოფლიოში მოდის პირველი სკოლა ESMOD, რომელიც საფრანგეთში 1841 წელს დაარსდა. პარალელურად თამუნა სტილისტის სახით პრაქტიკას გადიოდა პარიზში, Lagerfeld Gallery-ში.
ლედი გაგა ქართველი დიზაინერის ლაბადაში გამოეწყო >>
მის კოლექციებში ყველა საჭიროების სამოსს ნახავთ — საღამოს კაბებს, კოსტიუმებს, რომელთა ჩაცმაც შესაძლებელია როგორც სამუშაოზე, ისე ყოველდღიურად.
ინგოროყვას სამოსი პოპულარულია ასევე Victoria's Secret-ის ერთ-ერთი „ანგელოზის", ნიდერლანდელი მოდელის დაუტცენ კრუსის გარდერობში, ხოლო მსოფლიოში ცნობილ ფოტომოდელ ედიტა ვილკევიჩუტეს ინგოროყვას სამოსი ქორწილის დღეს ეცვა.