„საქართველოში ჯაზი ცოცხლობს": თბილისში ჯაზ-ფესტივალი დაიწყო

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ჯაზ ფესტივალი
თბილისის ჯაზ ფესტივალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები სამი დღის განმავლობაში ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავების მოსმენით დატკბებიან

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. დედაქალაქში თბილისის რიგით 22-ე ჯაზ-ფესტივალი დაიწყო. ფესტივალზე უკვე გამოვიდნენ მუსიკოსები პროექტიდან Tbilisi Big Band & New Jazz Generation, იუწყებიან ორგანიზატორები.

ჯაზის ფესტივალი გუშინ სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიხსნა. კონცერტზე ასევე გამოვიდნენ კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები. ძველი და ახალი თაობის მუსიკოსებმა მსოფლიო ჯაზის შედევრები შეასრულეს.

„ახალგაზრდობასთან საინტერესო თანამშრომლობა შედგა. დღევანდელი კონცერტი ნათელი დასტურია იმისა, რომ ჯაზი მუდამ ცოცხლობდა ჩვენს ქვეყანაში და კვლავაც იცოცხლებს ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლების სახით", - განუცხადა „Sputnik-საქართველოს" Tbilisi Big Band-ის სოლისტმა, მომღერალმა მაია ბარათაშვილმა.

ეს პირველი შემთხვევაა თბილისის ჯაზის ფესტივალის ისტორიაში, როცა ღონისძიება კონსერვატორიაში იმართება.

ხედი ალაზანზე სიღნაღიდან - Sputnik საქართველო
ჯაზი და ღვინო - კახეთში ორიგინალური ფესტივალი გაიმართება

ფესტივალის ფარგლებში 1 მარტს Event Hall-ში გამოვა მთავარი ჰედლაინერი, 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ-გიტარისტი, კომპოზიტორი პეტ მეთინი. მასთან ერთად დაუკრავენ დერეკ ოლეჟკიევიჩი და ჯონათან ბარბერი.

შაბათს, 2 მარტს ფესტივალი თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) სცენაზე პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტით დასრულდება. ორკესტრს უდირიჟორებს ვახტანგ კახიძე. ლეგენდარული პეთ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით Missouri Skies and More წარდგება.

ჯაზ-ფესტივალი თბილისში პირველად 1978 წელს ჩატარდა. პროექტი შემდეგ წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. 1998 წელს ტრადიცია აღადგინა კომპანია Eastern Promotions-მა, რომელიც ოთხმა ენთუზიასტმა მეგობარმა დააფუძნა.

ყველა ახალი ამბავი
0