ბერგმანი, იტალია და ბაიოპიკები: რას ველოდოთ თბილისის მე-19 კინოფესტივალზე

© photo: Sputnikკინოთეატრის აფიშა
კინოთეატრის აფიშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინოფესტივალის ფარგლებში აჩვენებენ გიორგი შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივას და რეჟისორს საპატიო პრიზით დააჯილდოებენ.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. იტალია ფოკუსში, ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, შვედი საკულტო კინორეჟისორის ინგმარ ბერგმანის მემკვიდრეობა და მრავალი სხვა საინტერესო პროგრამა ელოდებათ კინომანებს თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 3-9 დეკემბერს ჩატარდება.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის იუბილეს მიეძღვნება პროგრამა „ბალტიისპირეთი-100", რომლის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ლიეტუველი, ლატვიელი და ესტონელი კინემატოგრაფისტების ნამუშევრების ნახვა. პროგრამის შედგენაში სამი ქვეყნის საელჩოები და კინოცენტრები მონაწილეობენ.

ქვეყნის სექციის ფოკუსშია იტალია – აჩვენებენ იტალიური კინოს ბოლო პერიოდის შედევრებს.

ძველი კინოფირი - Sputnik საქართველო
ტოკიოში ქართული კინოს ფესტივალი გაიხსნა

წელს ფესტივალის თემად გამოცხადდა „ლიტერატურა და კინო", რომელზეც არაორდინარულ ეკრანიზაციებსა და მწერლების შესახებ ბაიოპიკებს (ბიოგრაფიული ფილმი) ელოდებიან.

ასევე შვედეთის საელჩოსთან და ამ ქვეყნის კინოინსტიტუტთან თანამშრომლობით დაგეგმილია პროგრამა „ბერგმანი–100". აქ მაყურებელი იხილავს დიდი ხელოვანის ისეთ ფილმებს, როგორებიცაა „მარწყვის მდელო", „პერსონა", „შემოდგომის სონატა" და სხვა.

საპატიო „პრომეთეს" მიიღებს გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია. მაყურებელი იხილავს რეჟისორის ნამუშევრების რეტროსპექტივას.

ორი მთავარი პრიზისთვის – „ოქროს პრომეთე" (საუკეთესო ფილმისათვის) და „ვერცხლის პრომეთე" (საუკეთესო რეჟისურისათვის) იბრძოლებენ სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორების ფილმები. ფესტივალი, ტრადიციულად, წარმოადგენს საერთაშორისო და ეროვნულ კონკურსებს, ასევე სექციებს „ქართული პანორამა", „ჰორიზონტები", „დამზადებულია გერმანიაში" და სხვ.

ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „ამირანში". პროგრამა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ფესტივალზე მოწვეული არიან სხვადასხვა ქვეყნის კინემატოგრაფისტები. ინდუსტრიული დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრების, სემინარებისა და მასტერ-კლასების ჩატარება.

კინოფესტივალს ატარებს კინოხელოვნების ცენტრი „პრომეთე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

 

ყველა ახალი ამბავი
0