თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ქართველი მაყურებელი 2018 წლის მაისში იხილავს ლევან კოღუაშვილის ახალ მხატვრულ ფილმს „მეოთხე ბრაიტონი", რომლის მოქმედება ნიუ-იორკში ვითარდება.
დრამის სიუჟეტის ცენტრშია ქართველი მამა-შვილის არცთუ მარტივი ურთიერთობები. ვაჟი აშშ-ში მიდის და მამას ეუბნება, რომ კარგად მოეწყო და სწავლობს. როდესაც მამა იეჭვებს, რომ რაღაც წესრიგში არაა, შვილთან ჩადის და ხედავს, რომ მისი ცხოვრების პირობები სულ არ ჰგავს „ამერიკულ ოცნებას". ის მუშაობს მტვირთავად და გაჭირვებით ირჩენს თავს.
ფილმში ნაჩვენებია ქართველი ემიგრანტების პრობლემები, ასევე ის ეხება მამებისა და შვილების ურთიერთობების მარადიულ საკითხებს. თუმცა, რეჟისორის თქმით, ფილმის მთავარი თემა მაინც თანამედროვე ქართველების ცხოვრების ჩანახატებია.
„აქ მაინც უფრო მამისა და შვილის ისტორია არის. ემიგრაცია არის უბრალოდ საინტერესო კინემატოგრაფიული ფონი. ეს ფილმი არის უბრალოდ საბაბი, რომ ვილაპარაკო ქართულ ცხოვრებაზე სხვადასხვა გამოვლინებაში. ნიუ-იორკში იქნება, თბილისში, ზღვაზე, ქობულეთში, ზამთარში გადაღებული თუ გორის რაიონის სოფელში, არა აქვს მნიშვნელობა. ეს არის ჩანახატები თანამედროვე ქართული ცხოვრებიდან", — აცხადებს კოღუაშვილი.
„მეოთხე ბრაიტონის" პირველი ნაწილის გადაღებები 2017 წლის თებერვალში დაიწყო და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონებში მიმდინარეობდა. დანარჩენი და ძირითადი ნაწილის გადაღებები ნიუ-იორკში მიმდინარეობს.
ფილმის ოპერატორია ამერიკელი კინოოპერატორი, რეჟისორი და პროდიუსერი ფიდონ პაპამაიკლი.
„ლევან კოღუაშვილს პირველად კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შევხვდი. ზოგადად მისი მანერით, კინოხედვითა და ფილმით „შემთხვევითი პაემნები" ყოველთვის მოხიბლული ვიყავი. 1999 წლის შემდეგ, რაც ნანა ჯორჯაძის "27 დაკარგულ კოცნაზე ვიმუშავე", სულ მინდოდა, ქართველ რეჟისორთან კიდევ ერთხელ მემუშავა. „მეოთხე ბრაიტონი" საინტერესო, დრამატული სცენარია. კოღუაშვილს შეუძლია, დააფიქროს მაყურებელი. ასე რომ, ფილმი აუცილებლად წარმატებული იქნება", — მიიჩნევს ფიდონ პაპამაიკლი.
ფილმი საქართველოს, საფრანგეთის, საბერძნეთის ადა ბულგარეთის ერთობლივი ნამუშევარია.