03:52 23 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ასტრიდ ლინგრენის სახლი

ორი ქართველი მწერალი ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზეა ნომინირებული

© Sputnik/
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (119)
28 0 0

საბავშვო მწერლები ვასილ გულეური და გურამ პეტრიაშვილი გამარჯვებისთვის 60 ქვეყნის კანდიდატებს შორის იბრძოლებენ

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. შვედი მწერლის, ასტრიდ ლინგრენის საერთაშორისო პრემიაზე საქართველოდან ორი ქართველი მწერალია წარდგენილი. წელს 14 ნოემბერს ლიტერატურული სამყარო ლინდგრენის დაბადებიდან 110 წლისთავს აღნიშნავს.

ასტრიდ ლინდგრენის ხსოვნის პრემია (Astrid Lindgren Memorial Award) არის შვედური პრემია მიღწევებისთვის საბავშვო ლიტერატურაში, რომელიც შვედეთის მთავრობამ 2002 წელს ცნობილი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის საპატივსაცემოდ დააწესა. პრემია გაიცემა ყოველ წელს, საპრიზო ფონდი ხუთ მილიონ შვედურ კრონს შეადგენს.

პრემია გაიცემა არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურის სფეროში მიღწევებისთვის, არამედ ასევე კითხვის პროპაგანდის საქმიანობისთვის.

2018 წლის ნომინანტების ნუსხაშია 235 კანდიდატი მსოფლიოს 60 ქვეყნიდან.

ნომინანტებს საქართველოდან, ტრადიციულად, ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკა წარადგენს. 2018 წელს ოფიციალურად წარდგენილი არიან ვასილ გულეური და გურამ პეტრიაშვილი.

ვასილ გულეური დაიბადა 1971 წელს გორში. მისი პირველი საბავშვო ლექსები ჟურნალ „დილაში" გამოჩნდა.

გულეურის სადებიუტო პოეტური კრებული „მელაკუდას მაღაზია" 2007 წელს გამოვიდა. ამჟამად ის არის ლექსებისა და საბავშვო ზღაპრების 14 კრებულის ავტორი.

გულეური ასევე ნათარგმნი აქვს სერგეი ესენინის, ნიკოლაი გუმილიოვის, ანა ახმატოვას, მარინა ცვეტაევას, ბელა ახმადულინას, იოსიფ ბროდსკის, ჯეიმს ჯოისის, რედიარდ კიპლინგისა და სხვათა ნაწარმოებები.

გურამ პეტრიაშვილი ცნობილი ქართველი საბავშვო მწერალი და მეზღაპრეა, ასევე სცენარისტი, რეჟისორი და მსახიობი. ის დაიბადა 1942 წელს ლენტეხში. ზღაპრების წერა მან 1980 წელს დაიწყო. მისი ცნობილი ნაწარმოებებია „პატარა ქალაქის ზღაპრები", „წვიმის მოყვარული კაცის ამბავი", „ელისა და რარუს თავგადასავალი" და სხვა.

2018 წლის ლაურეატის სახელი 27 მარტს გამოქვეყნდება. 2017 წლის ლაურეატი გერმანელი მწერალი და ილუსტრატორი ვოლფ ერლბრუხი გახდა.

 

თემები:
საქართველო და კულტურა (119)

მთავარი თემები