თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. „Sputnik-საქართველო" ქართველი დიზაინერების ჩვენებების განრიგს გთავაზობთ.
21 ოქტომბერი, 20:30 საათი
ღონისძიების პირველ დღეს საკუთარ კოლექციებს წარადგენენ დიზაინერები თინათინ მაღალაშვილი და ეკატერინე ბუზალაძე. ისინი წარადგენენ კოლექციებს სახელწოდებით „დაცემული ანგელოზი" და „თავისუფალი ფრენა".
დიზაინერებს მოსკოვში 36 კოსტიუმი მიაქვთ. მაღალაშვილის კოსტიუმები ძირითადად ხელნაკეთია და რამდენიმე ტონალობაშია გადაწყვეტილი: შავში, თეთრში, წითელში და იასამნისფერში. ბუზალაძის კოლექცია წარმოადგენს აღორძინებას, ახალი ცხოვრების დასაწყისს, რომელიც იმედით არის სავსე. ამიტომაც ის ფერადი და მრავალფეროვანია.
22 ოქტომბერი, 18:00 საათი
დიზაინერი თამთა შინდელიშვილი ძირითადად ქმნის ფეხსაცმელს, როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე სტილის. გამჭვირვალე და ლითონის ქუსლები, ორიგინალური ფორმა და ლამაზი ფასონი — თამთა ქმნის უხეში, სამხედრო და ასევე კლასიკური სტილის ფეხსაცმელს.
22 ოქტომბერი, 19:00 საათი
გოგა ნიკაბაძე — დიზაინერი, რომელიც მოსკოვში მოდის კრიტიკოსების, ბლოგერებისა და სტილის მქონე ქალების ფავირიტად ითვლება. ბათუმელმა მოდელიერმა პირველი კოლექცია 14 წლის ასაკში შექმნა, 2001 წელს კი მისი ბრენდი GOGA NIKABADZE შეიქმნა. სამოსს, აქსესუარებსა და ფეხსაცმელს გოგა თბილისის სახელოსნოში ქმნის. მოდელიერის თქმით, ბრენდის მესიჯია "ჭკვიანი ფუფუნება", სამოსი ტრენდების ნამდვილი მოყვარულთათვის, რომელშიც კოსტიუმის შექმნის ევროპული სკოლა ოდნავ შესამჩნევ აღმოსავლურ აქცენტს ერწყმის.
25 ოქტომბერი, 19:00 საათი
უკვე მთელ მსოფლიოში ცნობილი ქართული ბრენდ MACH & MACH-ის ჩვენება 25 ოქტომბერს გაიმართება. ქართული ბრენდი Mach & Mach დებმა დიზაინერებმა გვანცა და ნინა მაჭარაშვილებმა შექმნეს (Gvantsa Mach და Nina Mach).
გვანცა თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია, ხოლო ნინა — დიპლომირებული ექიმი.
თავისი ბრენდი გოგონებმა 2012 წელს შექმნეს. Mach & Mach — ესაა ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და საქორწინო კაბების ბრენდი, რომელიც ყოველ წელს სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ბოლო დროს ქართველი დიზაინერების სამოსით გატაცება არც ისე იშვიათი მოვლენა გახდა უცხოელ ვარსკვლავებს შორის. ქართველი დიზაინერების შეკერილი კოსტიუმებით თავს იწონებენ მოდელები ბელა ჰადიდი და დაუტცენ კრუსი, შეიხი მოზა და ჯენიფერ ლოპესი, ლედი გაგა, ნიკოლ კიდმანი და მსოფლიო დონის სხვა ვარსკვლავები.