11:59 22 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ბოლივუდის ცნობილი მსახიობი რიში კაპური

ინდური კინოს ვარსკვლავის რაჯ კაპურის ვაჟი საქართველოში ჩამოვიდა

© AFP/ NARINDER NANU
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
11601

რეჟისორი რიში კაპური საქართველოში ერთი კვირა დარჩება და ფილმის გადაღებისთვის საინტერესო ადგილებს დაათვალიერებს.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფება ინდური კინემატოგრაფიის ლეგენდის, თეატრის და კინოს რეჟისორისა და მსახიობის რაჯ კაპურის ვაჟი — მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი რიში კაპური.

ინდოელ სტუმარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უმასპინძლა. როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ინდოეთს შორის კინოინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და პერსპექტივებს.

„რიში კაპურის ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს უკეთ გაცნობას, ფილმის გადაღებისთვის საინტერესო ადგილების დათვალიერებასა და ამ სფეროში მომავალ თანამშრომლობას“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე, კომპანია Maq Entertainment–ის დამფუძნებელი ირაკლი მაქაცარია, ინდოელი მსახიობი ჯაირამ გოპალაკრიშნანი, ინდური ფილმის მცოდნე დავით ბეჟიტაშვილი და კინოპროდიუსერი არჩილ მენაღარიშვილი.

აღნიშნულია, რომ რიში კაპურმა უკვე დაათვალიერა თბილისისა და მცხეთის ისტორიული ღირსშესანიშნაოებები. ცნობილი კინემატოგრაფისტი ასევე დაესწრო „ერისიონის“ რეპეტიციას. ორშაბათს ასევე იგეგმება კაპურის ვიზიტი საქართველოს კინემტოგრაფიის ეროვნულ ცენტრში, სადაც ის ქართულ ეროვნულ კინომრეწველობას გაეცნობა.

რიში კაპური (Rishi Kapoor) 1952 წელს დაიბადა ბომბეიში. ის მსახიობისა და რეჟისორის რაჯ კაპურის შუათანა ვაჟია. ეკრანზე პირველად რიში კაპური 1970 წელს გამოჩნდა მამამისის ფილმში „მე მქვია მასხარა“, სამი წლის შემდეგ მამამისის მელოდრამაში „ბობი“ მთავარი როლი ითამაშა. ინდოეთსა და სსრკ–ში სურათს თავბრუდამხვევი წარმატება ხვდა წილად.

რიში კაპური მრავალ ფილმშია გადაღებული. 1990-იანი წლების დასასრულს ის პროდიუსერული და სარეჟისორო საქმიანობით დაკავდა. 2006 წელს რიში კაპურმა მავრიკიაში ჩატარებულ ცერემონიაზე კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისათვის პრესტიჟული ჯილდო Zee Cine Awards მიიღო.

რიში კაპურის მეუღლე მსახიობი ნიტუ სინგხია. მათ ორი შვილი ჰყავთ – მსახიობი რანბირ კაპური და მოდელიერი რიდჰიმა კაპურ სახნი.

მთავარი თემები