თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. თბილისის ისტორიულ ცენტრში, ღვინის აღმართზე რესტავრაციის დროს აღმოაჩინეს კედლის მოხატულობა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება.
თბილისის ისტორიულ სადარბაზოებში სარესტავრაციო სამუშაოები მასშტაბური პროექტის „ახალი ტფილისი“ მეორე ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს.
კედლის მხატვრობა საღებავების სქელი ფენის ქვეშ აღმოჩნდა და იმდროინდელი თბილისური სადარბაზოებისთვის დამახასიათებელ ნამუშევარს წარმოადგენს, განაცხადეს თბილისის განვითარების ფონდში.
ამ ეტაპზე ისტორიულ სადარბაზოში საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გულისხმობს კედლების გაწმენდას, ბზარების შევსებასა და ინექცირებას.
სადარბაზოს რესტავრაცია მთლიანად 2017 წლის ზაფხულში დასრულდება.
თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მასშტაბური პროექტი „ახალი ტფილისი“ 2016 წლის თებერვალში დაიწყეს. პროექტი თბილისის ცენტრში ახალი საზოგადოებრივ სარეკრეაციო ზონებისა და ტურისტული მარშრუტების გაჩენას ითვალისწინებს.
პროექტ „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპის მსვლელობისას აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახე დაუბრუნდა 47 ისტორიულ შენობას, აქედან 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
პროექტის მეორე ეტაპი 2017 წელს დაიწყო. მის ფარგლებში ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენა იგეგმება.