მელიქ-აზარიანცის სახლი, თბილისის ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე წამოჭიმული სევდიანი ნაგებობა, ბავშვობაში უნებლიედ ჩაძინებულ გოლიათად მეჩვენებოდა. თუმცა, რაღა ბავშვობაში, ეს შეგრძნება დღემდე გამომყვა. ახლაც მომინდება ხოლმე ამ საოცრების გულში ჩახუტება და გამხნევება: „ნუ გეშინია, მეგობარო, შენ თავს არავის დავაჩაგვრინებთ!“ და ეს იმიტომ, რომ ამ სახლის ხელყოფა არაერთხელ სცადეს.
თურმე ნუ იტყვით, 70-იანებში მაშინდელ ხელისუფლებას ის ძალიან ტლანქ და მოუხეშავ ნაგებობად მოსჩვენებია და აღება გადაუწყვეტია. მაგრამ მერე გაურკვევიათ, რომ განსაკუთრებული ტექნოლოგიით ყოფილა აგებული, საძირკველში ტყვია ჰქონია ჩატანებული და დანგრევა გადაუფიქრებიათ.
მოგვიანებით, უკვე 2000-იანებში, კიდევ ერთხელ წამოჭრილა მისი არსებობის მიზანშეწონილობის საკითხი, აქაოდა, დიდ ადგილს იკავებს და თანაც მოედანს ორად ყოფსო. თუმცა ამ ჯერზეც გადარჩენია მიწის პირისგან აღგვას.
2015 წელს შენობის პირველ სართულზე ცეცხლი გაჩნდა, მაგრამ ტფილისურმა გიგანტმა ამასაც გაუძლო. ეტყობა, აურა აქვს ისეთი, რომ ნებისმიერ საფრთხეს ირეკლავს…
შემოსავლიანი სახლის მშენებლობა, რომელიც პირველი გილდიის ტფილელმა ვაჭარმა, საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა ალექსანდრე მელიქ-აზარიანცმა დაუკვეთა, 1912 წელს დაიწყო და სამ წელიწადში დასრულდა. ეს ფანტასტიკურად მოკლე დრო იყო, მით უმეტეს, თუ რელიეფის თავისებურებას გავითვალისწინებთ.
რადგან ამ ტერიტორიაზე გრუნტის წყლები ჭარბობდა, მელიქ-აზარიანცს შენობის ფუნდამენტი ტყვიის ჯავშანში მოუთავსებინებია მშენებლებისთვის, რაც იმ დროისათვის აბსოლუტურად ნოვატორული მიდგომა გახლდათ. როგორც ჩანს, ამაში დიდი როლი თავად აზარიანცის გეოლოგიურმა განათლებამ ითამაშა დიდი როლი.
უნდა ითქვას, რომ ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის სახელი იდუმალებითაა მოცული. ზუსტად და ეჭვმიუტანლად რაც ვიცით, ეს ისაა, რომ მდიდარი კაცი იყო, მაგრამ კონკრეტულად რით, რა მანქანებით დააგროვა ქონება, ამაზე ისტორია დუმს. ზოგი წყარო წერს, რომ საბითუმო ვაჭრობას მისდევდა და იქიდან ჰქონდა კარგი შემოსავალი, ზოგი ირწმუნება, რომ ნავთობმომპოვებელ მრეწველობაში ჰქონდა წილი. მაგრამ ეს მერე, მოგვიანებით. მანამდე საიდან და როგორ გამდიდრდა, საინტერესო ესაა.
მოკლედ, ასეა თუ ისე, ახალგაზრდობაშივე სასურველი სასიძო გახლდათ: მდიდარი, წარმატებული, განათლებული… 35 წლისა იყო, ქალიშვილი რომ შეეძინა, რომელსაც თაქუი დაარქვა, რაც ქართულად „დედოფალს“ ნიშნავს.
შესაძლოა თაქუი ერთადერთი ბავშვი არ იყო ოჯახში, მაგრამ მართლა დედოფალივით კი ექცეოდნენ. 22 წლისა იყო, როცა ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. გოგონა მძიმედ დაავადდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მელიქ-აზარიანცმა შემოსავლიანი სახლი სწორედ გარდაცვლილი ქალიშვილის სახელის უკვდავსაყოფად ააგებინა. ეს პირველი ასეთი ტიპის სახლი იყო არა მხოლოდ ტფილისში, არამედ მთელ კავკასიაშიც. მდგმურების განკარგულებაში იყო: მაღაზიები, ფოტოსალონი, სადალაქო, დასასვენებელი ბაღი და მეფაიტონეთა სადგომი. და რაც მთავარია, სახლს იმ დროისათვის უჩვეულო სიახლეებით იყო აღჭურვილი: ავტონომიური ელექტრო და წყალმომარაგების სისტემებით. ამბობენ, წყლის რეზერვუარები შენობის გუმბათში იყო განთავსებულიო.
სახლის პროექტი პოლონელი წარმოშობის პეტერბურგელ არქიტექტორს, ნიკოლაი ობოლონსკის ეკუთვნოდა. მან კარგად იცოდა დამკვეთის პირადი ტრაგედიის შესახებ და ამადაც შეამკო შენობა სამგლოვიარო გვირგვინებითა და ცრემლის ფორმის ფანჯრებით. თუმცა ბევრს მიაჩნია, რომ ეს ცრემლები კი არა, პეპლების ფრთებია.
იმასაც ამბობენ, სახლი თავდაპირველად სულ სხვაგვარად იყო ჩაფიქრებული და ობოლონსკიმ შენობის დეკორში ცვლილებები თაქუის გარდაცვალების შემდეგ შეიტანაო…
ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მელიქ-აზარიანცს რუდუნებით ნაშენები სახლი ჩამოართვეს და სამყოფლად სარდაფში ერთი ოთახი მისცეს, სადაც სულის ამოსვლამდე ცხოვრობდა.
პირველი გილდიის ვაჭარი, მეცენატი და შემოსავლიანი სახლის მფლობელი 1923 წელს სასტიკ სიღატაკესა და შიმშილში გარდაიცვალა. დასამარხი ფული მეგობრებმა შეუგროვეს და ისე დაკრძალეს ქალიშვილის გვერდით.
ტფილისური პასაჟი — სარკმელი არსაით
სხვა ტფილისური სახლებისგან განსხვავებით, მელიქ-აზარიანცის სახლს არც კედლის მოხატულობა ამშვენებს და არც ძვირფასადაა მოპირკეთებული. გარეგნულად მკაცრია, ისეთი, როგორც შემოსავლიან სახლს შეეფერება: მოზაიკის იატაკითა და თუჯის მოაჯირებით, რომელსაც ლამის საუკუნის მტვერი დასდებია ზედ. იმიტომ კი არა, რომ ადამიანები აქ იშვიათად ხვდებიან, არამედ იმიტომ, რომ ხელს არავინ ანძრევს წესრიგის დასამყარებლად. ჰოდა, აზის კიდეც იქაურობას მიშვებულობისა და უპატრონობის დაღი.
პრინციპში, ეს გასაკვირი არცაა, იმიტომ რომ ამ უზარმაზარ სახლში ორიოდე მცხოვრები თუღა დარჩა, დანარჩენი სივრცე სხვადასხვა კომპანიებს, იურიდიულ ოფისებს, სამოდელო სააგენტოებს უკავიათ. ერთ-ერთ სადარბაზოში ტაილანდური მასაჟის კაბინეტიც კი გაუხსნიათ…
რაც უფრო ზემოთ მივიწევთ სართულებზე, მით უფრო იზრდება განგაშის შეგრძნება — რაღაცნაირი მძიმე, ლამის ხელშესახები საფრთხისა.
კიბის უჯრედზე სარკმელი მოჩანს — სარკმელი არსაით, იმიტომ რომ იქითა მხრიდან ბეტონის კედელი მიუბჯენიათ. არადა, წარსულში შიდა ეზოს გადაჰყურებდა…
გამაჯანსაღებელი პროცედურები სახლისთვის
დიახ, მელიქ-აზარიანცის შემოსავლიანი სახლის „ჯანმრთელობის მდგომარეობა“ შესამჩნევად შეირყა. ფასადის ფანჯრების ჩარჩოები ნახევრად დამპალა, ერკერებზე განლაგებულ სკულპტურულ კომპოზიციებს ნაწილები ჩამომტვრევია, სახურავიდან წყალი ჩადის, სხვენი დანგრეულია, სარდაფები ნაგვითაა სავსე და კაცი არ ჩანს მისი გამწმენდ-დამსუფთავებელი…
და მაინც, ყველაზე დიდი პრობლემა სულ სხვაა. არქიტექტორი ავთანდილ სუმბულაშვილი, რომელიც საინვესტიციო კომპანიას ჰყავს მიწვეული შენობის მდგომარეობის შესასწავლად და აზომვითი სამუშაოები ჩასატარებლად, ამბობს, რომ ეს პრობლემა რამდენიმე წლის წინ მელიქ-აზარიანცის სახლისთვის მჭიდროდ მიშენებულმა ნაგებობამ წარმოშვა. ახალ სახლისთვის გრუნტის წყლებს საძირკველი გამოურეცხავს, ამიტომ „დაჯდომა“ დაუწყია და ტვირთად დასწოლია მელიქ-აზარიანცის სახლს, რის გამოც ამ უკანასკნელს ბზარები გასჩენია.
„კომპანიების წარმომადგენლებს მივმართე და ავუხსენი, რომ სახლის ფუნდამენტს გამაგრება სჭირდება, თორემ შეუქცევადი პროცესები დაიწყება. თანაც ახლავე, იმიტომ რომ რაც დრო გავა, ეს სამუშაოები უფრო და უფრო ძვირი დაჯდება“, — ამბობს არქიტექტორი.
ამ ეტაპზე, როგორც ავთანდილ სუმბულაშვილმა გვითხრა, ფანჯრების რესტავრაცია მიმდინარეობს:
„ძალიან ლამაზი ჩარჩოები გამოდის, ზუსტად ისეთი, როგორიც თავიდან იყო. ფასადისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება გვინდა, თუნდაც ორი სადარბაზოსთვის, რათა შენობის მფლობელმა კომპანიამ კარგად გააცნობიეროს, რა საგანძურს ფლობს. მთავარი აზრი მინდა გაიგონ: საქართველოში ჩამოსული ყველა შეიხი და მაგნატი არჩევანს ყოველთვის მელიქ-აზარიანცის სახლში განთავსებულ სასტუმროზე გააკეთებს. ეს ხომ უნიკალური შენობაა! მელიქ-აზარიანცს ბოლო სართულზე ზამთრის ბაღის მოწყობა სურდა. ამას ის ვიტრაჟები ადასტურებს, რომლებიც მოგვიანებით აგურით ამოუშენებიათ. სახლის ქვეშ კიდევ რამდენიმე სართულია, სადაც შექსპირის „ჰამლეტის“ დადგმა შეიძლება. ინგლისელი არქიტექტორების ჯგუფი იყო ჩამოსული, რომელსაც, კომპანიის დაკვეთით, შენობა უნდა შეესწავლა. ეს ყველაფერი რომ ნახეს, გაოგნებისგან ადგილზე გაშეშდნენ!“
ძველი სახლის იდუმალი მოვლენა
ავთანდილ სუმბულაშვილმა რამდენიმე საინტერესო ფაქტი გვიამბო, რომლებსაც შენობისა და მისი პირვანდელი მფლობელის, მელიქ-აზარიანცის ბიოგრაფიის შესწავლისას გადაწყდომია.
თურმე, ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ალექსანდრე მელიქ-აზარიანცს ოჯახი — მეუღლე და მშობლები — საფრანგეთში გაუგზავნია, თავად კი ტფილისში დარჩენილა შემოსავლიანი სახლის მყიდველის, ფრანგი ქალბატონის მოლოდინში. მაგრამ, განვითარებული პოლიტიკური მოვლენების კვალდაკვალ, ქალბატონს ტფილისში ჩამოსვლა გადაუფიქრებია, ხოლო ალექსანდრე ქვეყნიდან ვეღარ გამგზავრებულა.
ჰყავდა თუ არა მელიქ-აზარიანცს თაქუის გარდა სხვა შვილი, ჩვენთვის უცნობია. იქნებ ჰყავდა კიდეც და როგორც მზრუნველმა მამამ, საფრთხისგან დაცვის მიზნით, მათი არსებობა დამალა და შესაბამისად, ვინმე მართლაც გადაურჩა ბოლშევიკურ რეპრესიებს? გამორიცხული არ არის.
სხვათა შორის, როცა ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის სახლის თაობაზე ინფორმაციას ვაგროვებდი, ერთ-ერთ ვებგვერდზე უკრაინაში მცხოვრები ვინმე ნატალია აზარიანცის კომენტარს გადავაწყდი. ქალი წერდა, რომ ალექსანდრეს პირდაპირი მემკვიდრეა და რომ ამის დამადასტურებელი ყველა საბუთი აქვს, მათ შორის, ერთბაშად სამი სახლის ყიდვისა. მაგრამ ნატალიასთან დაკავშირება ვერაფრით მოხერხდა.
დაბოლოს, კიდევ ერთი იდუმალი მოვლენა მელიქ-აზარიანცის სახლიდან.
თუ სარდაფში ჩახვალთ და ერთ გარკვეულ ადგილზე დადგებით, მკაფიოდ გაიგონებთ კაკუნის ხმას… თითქოს ვიღაც ცდილობს, ათწლეულების სიღრმიდან რაღაც მნიშვნელოვანი, ძვირფასი ინფორმაცია მოგვაწოდოს.