03:35 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
თბილისი

თბილისური უქმეები: 4-6 დეკემბერი

© photo: Sputnik /
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
თბილისური უქმეები (71)
3611

თბილისური ზამთარი ძალებს იკრებს და უკვე იგრძნობა, რომ დედაქალაქი საახალწლო და საშობაო დღესასწაულებისათვის ემზადება: საშობაო ბაზრობები, ეროვნული სამოსის გამოფენა, მშვენიერი მუსიკა და  რა თქმა უნდა კონოს მაგიური სამყარო — აი რით შეგიძლიათ გაიმრავალფეროვნოთ უქმეები…

პარასკევი, 4 დეკემბერი

 რა ვიცით ქართული ეროვნული სამოსის ისტორიის შესახებ? ბევრი არაფერი? ამის გამოსწორება შეიძლება თუ ეწვევით ქართული ეროვნული სამოსის ერთდღიან ფესტივალს, რომელიც დედაქალაქში, „კავკასიურ სახლში“ გაიმართება. აქ საკუთარი თვალით იხილავთ საქართველოს ყველა კუთხის ეროვნული სამოსის მრავალსაუკუნოვან ქრონიკას და გაეცნობით მათი ტარების ტრადიციას… და არა მარტო სამოსი — ღონისძიებაზე სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ანსამბლები იქნებიან წარმოდგენილი, დამახასიათებელი სიმღერით, ცეკვითა და პოეზიით. საინტერესო სანახაობა იქნება!

 უნიკალური მასტერ-კლასი ცნობილი გერმანელი მევიოლინე, ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორ  კრისტინ ბუშისაგან (Christine Busch) გელოდებათ კულტურულ ცენტრ "Simfonietta Stage"-ში, თემაზე: ბაროკოსა და კლასიციზმის კომპოზიტორთა მუსიკა. მასტერ-კლასი უფასოა და იგი თბილისის ბაროკოს მუსიკის ფესტივალის ფარგლებში იმართება. მოწვეულნი არიან 16 წელზე უფროსი ასაკის მუსიკოსები!

შაბათი, 5 დეკემბერი

მუსიკა, რომელიც კინოში ცოცხლობს!   ლეგენდარული კომპოზიტორის ვლადიმერ კოსმას მიერ შექმნილ ფრანგული კინომუსიკის შედევრების მოსასმენად ქვეყნის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გიწვევთ, მაესტრო ჯანლუკა მარჩიანოს ხელმძღვანელობით. ძველ და საყვარელ კინომუსიკალურ კომპოზიციებს თბილისის საკონცერყო დარბაზის სცენაზე, თქვენთვის გააცოცხლებენ ისეთი პოპულარული შემსრულებლები, როგორებიც არიან ნინა სულბატი, ქეთი ორჯონიკიძე, ალეკო ბერძენიშვილი, ლუკა ზაქარიაძე და პიანისტები — ლიზა რამიშვილი და ვალერიან შიუკაშვილი. ლამაზი მუსიკალური საღამო გელით!

საქმიანი კვირით დაღლილნი თუ უქმეებზე საკუთარ თავთან განმარტოებას გეგმავთ, თბილისის იოგის გამოქვაბულის 5 წლის იუბილე უდაოდ დაგაინტერესებთ. აქ თბილი ოჯახური გარემო, მედიტაცია და გემრიელ ჩაისთან სასიამოვნო ურთიერთობა გელოდებათ. საღამოს დასრულების შემდეგ, გამოქვაბული კამერულ კინოდარბაზად იქცევა და… ერთი სიტყვით ამ ღონისძიების გამოტოვება არ ღირს!

უკვე შეუდექით საახალწლო საჩუქრების მომარაგებას და ცოცხალი სანტა კლაუსის ნახვა მოგინდათ? მაშინ აუცილებლად ესტუმრეთ საერთაშორისო საახალწლო გამოფენა —გაყიდვას, რომელიც Radisson Blu Iveria-ში გაიმართება. საახალწლო სუვენირები, საჩუქრები, ტკბილეული, ეროვნული კერძები და ხელოვნების ნიმუშები — ამ ყველაფერს ამერიკელი, ევროპელი, აღმოსავლეთ აზიისა და კავკასიელი ოსტატები წარმოგიდგენენ. საოცარი სანახაობაც იქნება და აუცილებლად შეარჩევთ განუმეორებელ საახალწლო საჩუქრებს თქვენთვის საყვარელი ადამიანებისათვის!

საშობაო გამოფენა-გაყიდვა თბილისში
ლ. მორგოშია
საშობაო გამოფენა-გაყიდვა თბილისში

 კვირა, 6 დეკემბერი

თეატრის მოყვარულებს თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრის სცენა გოგოლის სპექტაკლ „ქორწინების“ სანახავად იწვევს. სპექტაკლის დამდგმელმა რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა გოგოლის უკვდავი კომედია მისტიურ პიესად აღიქვა და სწორედ ასე დაიბადა ფილოსოფიით, მეტაფორებითა და მისტიური მინიშნებებით აღსავსე არასტანდარტული სცენიური გადაწყვეტა. 

სპორტული ჟინი მოგეძალათ? ფეხბურთის მოყვარულებს ამ უქმეებზე განსაკუთრებით გაუმართლათ — მათ ორი საფეხბურთო მატჩი ელით!  პირველი — ეს საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის XIV ტურის მატჩია თბილისის „დინამოსა“  და ბოლნისის „სიონს“ შორის (14:00, „დინამო არენა“). ხოლო მეორე მატჩში ამ ტურის ფარგლებში ერთმანეთს „ცხინვალი“ და „საპოვნელა“ ხვდებიან (14:00, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი). ბილეთები სტადიონების სალაროებში იყიდება. 

სამი დღე კინომანებისათვის:

თბილისელ კინომანებსა და არა მხოლოდ მათ, დედაქალაქის კინოთეატრები საერთაშორისო ფესტივალზე იწვევენ, რომელიც თბილისში 30 ნოემბერს დაიწყო და კვირას დასრულდება. 

კინოფესტივალზე, რომელიც თბილისში მეთექვსმეტედ ტარდება,  წარმოდგენილია ფილმები ევროპის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ კორეის, ირანის, ეგვიპტის, ისრაელის, იაპონიის, რუსეთისა და საქართველოს რეჟისორებისაგან. 

წელს კინოფესტივალის მთავარი თემა ფემინიზმის პრობლემატიკა და ქალის როლია კინოხელოვნებაში. 

კინოფესტივალის პროგრამა შედგება ქართული პანორამისგან, საერთაშორისო კონკურსისგან, ევროპული კინოს ფორუმისგან, სექციებისგან „ჰორიზონტები“, „დამზადებულია გერმანიაში“, „კინო სოციალური ცვლილებებისათვის“, ფანგული კოლექციისგან, ასევე სტუდენტი-კინემატოგრაფების ანიმაციებისა და ნამუშევრების ჩვენებისგან. ტრადიციული სექცია „ქვეყანა ფოკუსში“ გამოიყოფა შვეიცარიაში.

პარასკევს ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ფილმები: „მოსკოველი, ჩემი სიყვარული“ (საფრანგეათი, რუსეთი, სომხეთი);  „ისინი წვიმასაც კი ყიდიან“ — მთავარ როლში გაელ გარსია ბერნალი; ამსტერდამის  საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის პრიზით აღნიშნული ქართული ფილმი „როცა მიწა მსუბუქია“. 

შაბათს,  შეგიძლიათ ნახოთ ინდოეთის კინოგაქირავებაში აკრძალული ფილმი „ინდოეთის ქალიშვილი“ და ოთარ იოსელიანის „ზამთრის სიმღერა“. ხოლო კვირას — ფილმი „მოირა“, რომელიც საქართველოსაგან ოსკარის პრემიის კანდიდატადაა წარდგენილი. კინოფესტივალს დიტო ცინცაძის  „ბედნიერების ღმერთი“ დაასრულებს!

 

SPUTNIK  სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ!

 

 

თემები:
თბილისური უქმეები (71)

მთავარი თემები