როგორ შეცვალა დიუმამ თავისი გმირების ნამდვილი ისტორიები: საინტერესო საკითხავი

CC BY 2.5 / Wikipedia / D'Artagnan's monument in Paris / დ'არტანიანის სტატუა პარიზში
დ'არტანიანის სტატუა პარიზში - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2021
გამოწერა
ძნელად მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ წაეკითხოს ალექსანდრე დიუმას რომელიმე ისტორიული რომანი. თუმცა ისიც ცნობილია, რომ დიუმას რომანებს მხოლოდ პირობითად თუ ვუწოდებთ ისტორიულს.

ამის მიზეზი ისაა, რომ იგი საკმაოდ უდიერად ექცეოდა წყაროებს და თავისი შეხედულებისამებრ ცვლიდა მათ.

„ისტორია ჩემთვის ლურსმანია, რომელზეც სხვადასხვაგვარ ტანსაცმელს ვკიდებ“, — ასე ამბობდა დიდი მწერალი.

ამის მაგალითად გამოდგება რომანი „გრაფი მონტე-კრისტო“, რომლის მთავარი გმირის პროტოტიპის ისტორიას დიუმა 1838 წელს გაზეთების მეშვეობით გაეცნო.

Книги на полке - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
რატომ დამკვიდრდა ქალის წინ გატარება, ჭიქების მიჭახუნება და სხვა ჩვევები

ნამდვილი გრაფი მონტე-კრისტო (ფრანსუა პიკო) მარსელელი მეზღვაური კი არა, პარიზელი მეწაღე გახლდათ. ის, ედმონ დანტესის მსგავსად, მეგობრის დასმენის გამო აღმოჩნდა ციხეში, ვინაიდან მას და თერძ მატიე ლუპენს ერთი ქალი — მარგარიტა ვიგორუ უყვარდათ. ქალმა ფრანსუა პიკოზე შეაჩერა არჩევანი, რის გამოც ლუპენმა მეგობარი დაასმინა, თითქოსდა ის ინგლისის ჯაშუში იყო.

პიკომ პარიზის ციხეში 7 წელი გაატარა, სადაც იტალიელი პრელატი (სასულიერო პირი) გაიცნო. მან სიკვდილის წინ გაანდო მეწაღეს დიდი განძის ადგილსამყოფელი. ციხიდან გათავისუფლებულმა ფრანსუა პიკომ ბორდოსთან ახლოს გადამალული განძი იპოვა და გამდიდრებული დაბრუნდა პარიზში. სწორედ მაშინ შეიტყო ლუპენის ვერაგობის ამბავი. გრაფ მონტე–კრისტოს პროტოტიპმა სიცოცხლეს გამოასალმა დამსმენი და მისი ორი თანამზრახველი. მაგრამ გამომძიებელმა, რომელმაც პიკო შვიდი წლით ჩასვა ციხეში, იქით გაისტუმრა გამდიდრებული მეწაღე.

ასე რომ, კუნძულ მონტე-კრისტოსა და იფის ციხეს ფრანსუა პიკოს ცხოვრებასთან თითქმის არავითარი კავშირი არ ჰქონია.

იგივე ითქმის „დარტანიანისა და სამი მუშკეტერის“ გმირებზეც. დარტანიანის პროტოტიპი შარლ დე ბაცი-კასტელმორო იყო, რომელიც 1613 წელს სოფელ არტანიანში დაიბადა. მისი მშობლები წარჩინებული გვარისა ყოფილან, მაგრამ ისე გაღარიბებულან, რომ მათი საგვარეულო მამული, სოფელი არტანიანი სხვისი საკუთრება გამხდარა.

კითხვის ნიშანი ლაბირინთში - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
შეცდომები, რომლებმაც დიდ აღმოჩენებს დაუდო სათავე: საინტერესო ამბები

ღარიბი შარლ დე ბაცი მამისეული ჯაგლაგი ცხენითა და რამდენიმე ეკიუს ამარა პარიზს გაემგზავრა. მისი ორი ძმა მუშკეტერთა რაზმში მსახურობდა და მათი დახმარებით სურდა ამ ელიტურ გვარდიაში მოხვედრა. ქალაქ სენ-დენიში მას მართლაც მოუხდა ბრძოლა, მაგრამ გრაფი როშფორი არაფერ შუაში იყო — უბრალოდ ქედმაღალ გასკონელს ბაზრის მოედანზე ვიღაც დიდებულის მზერა არ მოეწონა და დუელში გამოიწვია. მაგრამ ორთაბრძოლა არ შედგა, ვინაიდან კარდინალ რიშელიეს აკრძალული ჰქონდა დუელების გამართვა. ამიტომ ჩხუბისთავ შარლ დე ბაცს დიდებულმა სიტყვებით „ყვინჩილებს არ ვეჩხუბები, მაგრამ მიტყეპვა კი შემიძლია“, უბრალოდ დაშნა გადაუმტვრია, რის შემდეგაც ბაცი ორი თვით გამოკეტეს ციხეში.

გასკონელმა ყველაფერი დაკარგა — ცხენიც, ფულიც, დაშნაცა და დე ტრევილის სახელზე დაწერილი სარეკომენდაციო ფურცელიც. მას ფეხით მოუხდა პარიზში ჩასვლა, თუმცა წერილის გარეშე დე ტრევილთან ვეღარ მივიდა.

პარიზში შეიტყო, რომ ერთი ძმა ბრაბანტში, ბრძოლის ველზე დაცემულიყო, მეორე კი შორეულ იტალიაში იბრძოდა. სასოწარკვეთილი გასკონელი ფოსუეარის ქუჩაზე ღვინის სარდაფში ჩავიდა დარდის გასაქარვებლად, სადაც ის წარმოშობით გასკონელ, ასევე მუშკეტერობაზე მეოცნებე ისააკ პორტოს დაუახლოვდა. სწორედ მან გააცნო დარტანიანის პროტოტიპს თავისი მეგობარი მუშკეტერები: ანრი დე არამიცი და არმან დე სილემ დე ათოს დე ოტვიელი.

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 04.12.2020
ნამდვილი ისტორიები: სამი საარაკო ამბავი მკლავმაგარ და რკინისმკვნეტელ ქართველებზე

ათოსი შეძლებული ბურჟუას შთამომავალი ყოფილა, რომელსაც აზნაურობა ეყიდა, ხოლო არამისზე კი მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მამამისი მუშკეტერთა რაზმის კვარტირმაისტერად მსახურობდა და თავად შეეყვანა შვილი მეფის სამსახურში. არამისიცა და ათოსიც დე ტრევილის ნათესავები გახლდნენ და ახალგაზრდა გასკონელს მათ გაუკაფეს გზა დე ტრევილისკენ.

რაც შეეხება ანა ავსტრიელის ბრილიანტების ამბავს, ეს ისტორია ნამდვილია, მაგრამ მუშკეტერებს მასთან არავითარი კავშირი არ ჰქონიათ. როცა ეს ამბავი მოხდა, გასკონელი შარლ დე ბაცი იმ დროს 11 წლისა იყო და, რაღა თმა უნდა, ვერანაირად ვერ დაეხმარებოდა დედოფალს. „დარტანიანი“ გაცილებით გვიან, კარდინალ მაზარინის დავალებით გაემგზავრა ინგლისში „არამისთან“ ერთად, ისიც რამდენიმე დღით. მაზარინის სურდა ოლივერ კრომველი საფრანგეთს ესპანელებთან ბრძოლაში დახმარებოდა და „დარტანიანს“ ინგლისის მმართველის გადაბირება დაევალა, რაც გასკონელმა ვერ მოახერხა.

ერთხელ, 1644 წელს, 7 წლის მეფე ლუდოვიკომ საგუშაგოზე მდგარ დე სეზარის პოლკის გვარდიელს მოჰკრა თვალი და უთხრა: „მე თქვენ მომწონხართ, მუშკეტერო!“ მეფის ეს სიტყვები მაზარინიმ გაიგონა და შარლ დე ბაცი მუშკეტერებში ჩაირიცხა. ხოლო 1654 წელს არასის ციხე-სიმაგრესთან გამართულ ბრძოლაში ესპანელთა წინააღმდეგ გასკონელმა ისე ისახელა თავი, რომ მარშალმა ტიურენმა ბრძოლის ველზევე გადასცა გვარდიის კაპიტნის წოდება, მისი განუყრელი მეგობარი ისააკ პორტო (პორთოსი) კი ასეულის მეთაურად დანიშნა.

კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ დე ბაციმ მეფის ბრძანებით დააპატიმრა ფინანსთა მინისტრი ნიკოლა ფუკე და ამ სამსახურისათვის მუშკეტერთა ლეიტენანტის (ანუ სამეფო გვარდიის მეთაურის) წოდება მიენიჭა.

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2020
კახელი თავადის სხარტი პასუხი იმპერატორს, სამყურა ბალახის ძალა და სხვა საინტერესო ფაქტები

შარლ დე ბაცი ოჯახსსაც მოეკიდა, ცოლად მდიდარი ქვრივი შეირთო, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა. მათგან ერთ-ერთი თავად მეფე-მზე ლუი XIV-მ მონათლა.

მეფე მოწყალე თვალით უყურებდა იღბლიან გასკონელს, ამიტომ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მშვიდი და შემოსავლიანი სამსახური გამოენახა და პინიეროლეს ციხის კომენდანტობა შესთავაზა. მაგრამ ბაცმა უარი განაცხადა:

„მეფეო, ჩემი სიცოცხლე თქვენ გეკუთვნით, გული — ქალებს, მე ერთი ღირსება დამრჩენია და ამას ვერავის დავუთმობ. ამიტომ გთხოვთ, ნუ მიბრძანებთ იმის გაკეთებას, რაც ჩემს ღირსებას შელახავს. მირჩევნია რიგითი ჯარისკაცი ვიყო, ვიდრე პირველი მედილეგე“.

და მისი სიტყვებით აღფრთოვანებულმა ხელმწიფემ დე ბაცს მარშლობა უბოძა.

დარტანიანის პროტოტიპი შარლ დე ბაცი 1673 წელს ჰოლანდიასთან ომში, მაასტრიხტთან დაიღუპა. იმ დროს მისი სამი მეგობარი უკვე აღარ იყო ცოცხალი.

ცნობილია, რომ ისააკ პორტო — პორთოსი, რომელმაც სიკვდილამდე ოთხი თვით ადრე ბაცის დახმარებით მუშკეტერთა ლეიტენანტის მოსასხამი მიიღო, საკუთარ სახლში იპოვეს გარდაცვლილი. შემდეგ მოკლეს ანრი დე არამიცი — იგივე არამისი, მაგრამ რა მიზეზით, უცნობია. ყველაზე ადრე კი არმან დე სილემ დე ათოს დე ოტვიელი — იგივე ათოსი დაიღუპა, რომელსაც პეო-კლერის ბაზართან უცნობმა პირებმა ყელი გამოღადრეს და მიატოვეს.

ასეთი გახლდათ დიუმას გმირთა რეალური ცხოვრება — გაცილებით სასტიკი და სისხლიანი, ვიდრე ეს რომანის ავტორს აქვს აღწერილი.

ყველა ახალი ამბავი
0