08:36 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (404)
27630

1770 წელს ასპინძის ბრძოლაში მოპოვებულმა გამარჯვებამ ქართლ-კახეთის მეფეს გზა გაუხსნა სამხრეთ საქართველოსკენ.

ახალციხე მოთარეშე ლეკებისა და სხვადასხვა ჯურის ავაზაკთა თავშესაფრად იყო ქცეული, საიდანაც დროგამოშვებით ესხმოდნენ თავს ქართლ-კახეთსა და იმერეთს. ამიტომაც ამ „კრაზანების ბუდის“ მოშლას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

თუმცა მაშინ ლაშქრობის გაგრძელება ვერ მოხერხდა, ერეკლე იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო და ახალციხეზე ლაშქრობა სამომავლოდ გადაედო, რაც საკრალური შეცდომა გამოდგა. იმ დროს ოსმალეთი რამდენიმე ფრონტზე აწარმოებდა ბრძოლას – სამხრეთით ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ, ხოლო ჩრდილოეთიდან რუსეთის არმიის შეტევებს ვეღარ უმკლავდებოდა. მთელი ძალები ამ ორი მიმართულები ჰყავდა გადასროლილი და ქართველებს რომ იერიში გაეგრძელებინათ, ახალციხის ფაშას საჭირო დახმარებას ვეღარ გაუწევდა.

ამ მამულიშვილურ საქმეში „პატარა კახს“ რუსეთისა და ირანის იმედი არ უნდა ჰქონოდა. მართალია, ეკატერინე მეორემ ავანტიურისტი ტოტლებენი უკან გაიწვია და მის ნაცვლად საქართველოში სუხოტინი გამოგზავნა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა – პეტერბურგს სხვა დღის წესრიგი, მიზნები და ამოცანები ჰქონდა ამიერკავკასიაში და ნაკლებად აღელვებდა ახალციხის საფაშოს ბედი. ირანში კი შიდა არეულობა სუფევდა და თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში ერეკლეს არც სპარსელები გამოადგებოდნენ.

სამხრეთ საქართველოს ოსმალთა მრავალსაუკუნოვანი უღლისგან გათავისუფლების საქმეში ქართლ-კახეთის ხელმწიფის ერთადერთ მოკავშირედ იმერეთის მეფე სოლომონ პირველი რჩებოდა. 1773 წლის ივნისის ბოლოს ერეკლე და სოლომონი ერთმანეთს შეხვდნენ და ურთიერთკავშირისა და მეგობრობის ხელშეკრულება გააფორმეს, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში ერეკლე და სოლომონი გორთან შეერთდნენ და 11-ათასიანი ჯარით ჯავახეთში შეიჭრნენ. ქართველები ართვინამდეც კი ჩავიდნენ და უამრავი სოფელი დაიკავეს, მაგრამ ეს წარმატებული ლაშქრობა მოულოდნელად შეწყდა.

მიზეზად სოლომონ მეფის ავადმყოფობა დასახელდა, რაც ნამდვილად არ შეესაბამებოდა სიმართლეს. იმერთა 38 წლის მეფე მაშინ ჯანმრთელობას არ უჩიოდა. სავარაუდოდ, ქართველთა ბანაკში უთანხმოებამ იჩინა თავი, რამაც ეს მამულიშვილური საქმე გაურკვეველი დროით გადადო. იმერთა უკან გაბრუნების შემდეგ ერეკლემ მხოლოდ საკუთარი ძალებით ბრძოლის გაგრძელება ვეღარ გაბედა.

სამწუხაროდ, ახალციხის საფაშო „განხეთქილების ვაშლად“ იქცა ორ დიდ მამულიშვილს - ერეკლე მეორესა და სოლომონ პირველს შორის. გამარჯვების შემთხვევაში ეს ძირძველი ქართული პროვინცია ქართლ-კახეთის სამეფოს უნდა შეერთებოდა, არადა სოლომონსაც ჰქონდა მასზე პრეტენზია. როგორც ჩანს, ამ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და იმერეთის მეფემ ლაშქრობა შეწყვიტა. ავამდყოფობა მხოლოდ საბაბი იყო, თორემ რეალური მიზეზები სხვა იყო.

ასეა თუ ისე, ამის შემდეგ ორ დიდ ქართველ შორის ურთიერთობა ძალიან გაცივდა.

1778 წლის გაზაფხულზე ერეკლესა და ოსმალთა ხონთქარს შორის საიდუმლო შეთანხმება შედგა. სულთნის კარი, გარკვეული დათმობების სანაცვლოდ, ერეკლეს დასავლეთ საქართველოზე გაბატონების უფლებას აძლევდა. ერეკლე მეფე ამ შეთანხმებას მკაცრად ასაიდუმლოებდა და „იყო დიდს მზადებაში, და ჰყვა ჯარი დაბარებული ლეკისა, ოსისა, ქისტისა, ქართლისა, კახეთისა და არავინ იცოდა, თუ სად ნებავდა წასვლა და იყო დიდს საქმეებში შესული“.

როგორც ჩანს, სოლომონ მეფემ ერეკლეს განზრახვის შესახებ შეიტყო და ამ ორ დიდ მამულიშვილს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა. ერეკლეს პასუხად სოლომონ მეფემ იმერეთში ჩაიყვანა ირანში გადახვეწილი ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონი, რომელიც ერეკლეს ქართლის ტახტს ეცილებოდა. მართალია, ეს ავანტიურა ჩავარდა და ერეკლემ ტახტი შეინარჩუნა, მაგრამ იმერეთისთვის ვეღარ მოიცალა – იძულებული გახდა მის დასაკავებლად სამხედრო სამზადისი შეეწყვიტა.

ეს ერთი შეხედვით იდუმალი და უჩინარი დაპირისპირება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მეზობელ იმპერიებს – მათი აგენტურა საქართველოში კიდევ უფრო ამღვრევდა წყალს. 1781 წელს ერეკლე მეფეს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს – გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა მისი ძე ლევან ბატონიშვილი, რომელიც „ემსგავსებოდა მამასა თვისსა სიბრძნითა“. დაუზუსტებელი ცნობით, ლევან ბატონიშვილი ფლავით მოწამლეს. ლევანი მამის იმედი, ბურჯი და საქმის გამგრძელებელი იყო. მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა ერეკლეს დიდი გეგმები ჩაშალა და 61 წლის მეფე ყველაფრის მიმართ ინდიფერენტული გახდა. ქართველი ისტორიკოსის ომან ხერხეულიძის გადმოცემით:

„მეფე მგლოვიარე ძისთვის ლევანისა დამცხრალ იყო ომებისთვის და აღარ ნებავდა არცა ერთსა მხარეს“.

უფლისწულის სიკვდილი გახდა ის მიჯნა, რომლის მერეც ერეკლეს პოლიტიკაში „იმერეთის თემამ“ უკანა პლანზე გადაიწია. უფრო მეტიც, სოლომონსა და ერეკლეს შორის 1783 წელს ისევ აღდგა კავშირი და ამის ინიციატორი იმერთა მეფე გახლდათ. სოლომონს ტახტის მემკვიდრე ვაჟი არ ჰყავდა, უფლისწული ალექსანდრე 1780 წელს ისე გარდაიცვალა, რომ მემკვიდრე არ დაუტოვებია.

სოლომონმა მოძღვარი აახლა ქართლ-კახეთის მეფეს და აცნობა, რომ ტახტის მემკვიდრედ დანიშნავდა თავის ძმისწულსა და ერეკლე მეორის შვილიშვილს, ქართლ-კახეთის სამეფო კარზე აღზრდილ დავით არჩილის ძეს იმ პირობით, რომ ერეკლე სოლომონის ურჩთა შეფარებაზე ხელს აიღებდა.

ურთიერთობა მოწესრიგდა, მაგრამ შემდგომ ისე დრამატულად წარიმართა მოვლენები იმერეთისთვისაც და ქართლ-კახეთისთვისაც, რომ ახალციხის საფაშოს – ქართულ სხეულში ამოზრდილი ამ სივსივნის ამოსაკვეთად ძალა აღარც ერეკლეს შესწევდა და აღარც იმერთა მეფეს.

ასე დასამარდა მაშინ ყოველი ქართველის დიდი იმედი იმისა, რომ მრავალტანჯული სამხრეთ საქართველო დედა სამშობლოს დაუბრუნდებოდა...

თემები:
იცით თუ არა, რომ... (404)

მთავარი თემები