22:35 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
38120

საქართველოს ისტორიას ბევრი „უდღეური“ მეფე ახსოვს, რომელთა მეფობამაც სულ რამდენიმე თვეს გასტანა

ეს, რა თქმა უნდა, დალხენილი ცხოვრებით არ იყო გამოწვეული. დაშლილ-დაქუცმაცებული ქვეყნისა და დასუსტებული ხელისუფლების ფონზე,  არ იყო ძნელი ხელისუფლების ხელში ჩაგდება, მით უმეტეს, თუ მხარს გიჭერდნენ დიდ იმპერიების ბატონ-პატრონები.

მაგრამ დავით V-ის  ეპოქაზე ამას ვერ ვიტყვით. საქართველო იმ დროს ერთიან სამეფო  და ძალიან ძლიერი ქვეყანა იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ დემეტრე I-მა მაინც დაკარგა ხელისუფლება და ტახტი მისმა უფროსმა ძემ, დავითმა დაიკავა.

პარადოქსია, მაგრამ, როდესაც საქართველოს სამეფო ხელისუფლება იყო ძალიან ძლიერი, სწორედ მაშინ გამოვლინდა მეფის სისუსტე. თუმცა მამა-შვილს შორის დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა, მალე დემეტრეს უმცროსი ძისთვის, გიორგისთვის გვირგვინის დათმობის სურვილი გაუჩნდა.

მართალია, იმ პერიოდის სამეფო კარის ინტრიგებზე ძალზე მწირი ინფორმაცია არსებობს, მაგრამ აშკარად იკვეთება ორი დაჯგუფება: ერთ მხარეს მეფე დემეტრე და უმცროსი უფლისწული გიორგი, მეორე მხარეს კი უფროსი უფლისწული დავითი და მისი  მომხრეები. როგორც ჩანს, დემეტრეს მომხრეები უფრო ძლიერები იყვნენ, ვინაიდან უფროსი ვაჟის ტახტზე ასვლა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

საერთოდ საქართველოს საშინაო პოლიტიკურ სტაბილურობას განსაკუთრებით უფროსი უფლისწულის, დავითის ამბიციები უთხრიდა ძირს. ის მეფე-მამის ტახტიდან ჩამოგდებასა და თავად გამეფებას ცდილობდა, რაც მისი პოზიციების სისუსტეზე მეტყველებს. საქმე ისაა, რომ კანონიკურად, ყველანაირი წესისა და ტრადიციის მიხედვით,  ტახტი მას ეკუთვნოდა და ძლიერი, საკუთარ ძალებში დაჯერებული უფლისწული არ აჩქარდებოდა. მაგრამ, როგორც სომეხი მემატიანენი გვარწმუნებენ, უფლისწულს მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო ქართველი და სომეხი დიდგვაროვანი ფეოდალები აქეზებდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემა პერსონალიებში კი არ იყო (კონკრეტულად თუ რომელი უფლისწული გამეფდებოდა), არამედ არსებობდა ორი პოლიტიკური დაჯგუფება, რომელთაც განსხვავებული ხედვა გააჩნდათ სამეფოს მომავალზე.

ამ მოვლენებამდე არცთუ დიდი ხნით ადრე დავით აღმაშენებელმა ლაგამი ამოსდო თავგასულ ფეოდალებს და მათი უფლებები მინიმუმადე დაიყვანა. რომ იტყვიან, მეფის გარეშე ქვაც კი არ გადაგორდებოდა აღმაშენებლის საქართველოში. დემეტრე  მეორე დავითის კარზე იყო აღზრდილი და მისი პოლიტიკის გამგრძელებელი გახლდათ. რამდენად გამოსდიოდა ― ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ როგორც ჩანს, ესეც მიუღებელი აღმოჩნდა ბევრი დიდებულისთვის.

დემეტრეს კარზე მძლავრი ოპოზიცია რომ არსებობდა, ეს კარგად გამოჩნდა მისი გამეფების პირველსავე წლებში. 1130 წელს აღმაშენებლის უმცროსი ვაჟის, უფლისწულ ვახტანგის (იგივე ცვატა, რომელიც ყივჩაღთა მეფის ასულისგან ჰყავდა აღმაშენებელს) გასამეფებლად შეთქმულება მოეწყო. აშკარაა, რომ შეთქმულებს პატარა ბავშვის გამეფება იმისთვის სურდათ, რომ მერე თავის ნებაზე ეტარებინათ არასრუწლოვანი  ხელისუფალი და თავად ემართათ ქვეყანა. მაშინ დემეტრემ შეძლო შეთქმულთა დასჯა (ივანე აბულეთის ძეს თავი გააგდებინა, უფლისწულ ცვატას  კი თვალები დათხარა), მაგრამ როგორც ჩანს, მეფის მტკიცე ხელით უკმაყოფოთა დიდი ჯგუფი ისევ დარჩა სამეფო კარზე და სავარაუდოდ, მოგვიანებით უფლისწულ დავითის ბანაკში აღმოჩნდნენ. როგორც ჩანს, უფლისწულ დავით დემეტრეს ძეში დაინახეს თანამოაზრე და მხარდამჭერი. ქართველ ფეოდალებს დავითის სახით მართვადი და მათ წინაშე ვალში მყოფი მეფე სჭირდებოდათ.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია საგარეო ფაქტორებიც. მართალია, აღმაშენებლმა წელში გადატეხა საქართველოს საგარეო მტრები, მაგრამ ისინი არასდიდებით არ აპირებდნენ შეგუებოდნენ ძლიერი საქართველოს არსებობას.  უბრალოდ ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს და სამხედრო ლაშქრობების ნაცვლად, სპეცსამსახურების საქმიანობა გააძლიერეს. რაც გამოვლინდა კიდეც გახშირებულ შეთქმულებებში, რომელთა მიზანიც დემეტრეს ტახტიდან გადაგდება იყო.

რაც შეეხება სომეხ დიდებულთა მხარდაჭერას დავით უფლისწულისადმი, ამას პოლიტიკურ მოსაზრებებზე უფრო ანგარება ედო საფუძვლად. ისინი იმიტომ  ებრძოდნენ დემეტრეს, რომ არ სურდათ, საქართველოს მეფეს სომხური ქალაქები (უპირველესად კი ანისი) მაჰმადიანი ვასალი მმართველებისათვის გადაეცა. დიდი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, მეფეს ზოგჯერ უხდებოდა დაეტოვებინა ძველი მუსლიმი მმართველები ― ყმადნაფიცობისა და ვასალობის აღიარების შემთხვევაში. სომეხ ფეოდალებს კი სომხებით დასახლებული ქალაქების მართვა თავადვე სურდათ.  

როგორც ჩანს, უფლისწული, ოღონდაც ტახტზე ასულიყო, ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაზეც ყაბულს იყო და სომეხ დიდებულებზეც გასცა გარკვეული გარანტიები. არათუ დიდებულები, სომეხი ისტორიკოსებიც კი არ მალავდნენ სიმპათიებს დავით V-ის მიმართ. 

1150 წელს უფლისწულმა დავითმა ქართველ და  სომეხ ფეოდალებთან  ერთად სამხედრო ამბოხი მოაწყო და ტახტზე ძალით ასვლა მოინდომა. დემეტრე პირველმა შეძლო აჯანყების ჩახშობა და მოღალატე დიდებულები ზოგი სიკვდილით დასაჯა, ზოგიც ქვეყნიდან გააძევა ან  „განაპატიჟა“ (დააქვეითა). დავით უფლისწულს ეს „ცელქობა“ რატომღაც შერჩა.

ხუთის წლის შემდეგ, 1155 წელს, დავითმა შეთქმულებით მაინც ჩაიგდო ხელში სამეფო ტახტი. მეფე-მამა დემეტრე I დავით გარეჯის მონასტერში დამიანეს სახელით ბერად შედგა. საეჭვოა, ეს გადაწყვეტილება მას ნებაყოფლობით მიეღო, ეს ნათლად გამოჩნდა მოგვიანებით, როდესაც ყოფილმა მეფემ გაიხადა ბერის სამოსი და ტახტზე დაბრუნდა.

დავით V-მ სულ ექვსი თვე იმეფა და მოულოდნელად გარდაიცვალა. (მართლაც რომ ბედის დაცინვა იყო, დავითი თითქმის ორი ათეული წელი ემზადებოდა ტახტის დასაკავებლად, მეფობამ კი მხოლოდ რამდენიმე თვე მოუწია). ამ მოკლე პერიოდში მან ბევრი ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო, ამიტომ ძალიან ძნელია, პოზიტიურად ან ნეგატიურად შევაფასოთ მისი მმართველობა. ერთი კია, რომ მან სასახლიდან დაითხოვა მამისა და ძმის მომხრეები და ისინი თავისი ერთგული ხალხით ჩაანაცვლა. მეფე დავითმა დილეგიდან გამოიყვანა და ამირსპასალარობა (თანამედროვე ტერმინით თავდაცვის მინისტრი) უბოძა მამის დაუძინებელ მტერს, თირქაშ აბულეთის ძეს. სომეხი მემატიანის, ვარდანის ცნობით,  თირქაში მონაწილეობას იღებდა 1130 წელს დემეტრე პირველის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, მაგრამ მისი ძმის, ივანესაგან განსხვავებით, მას საქართველოდან გაქცევა მოუსწრია და შაჰ-არმენის, ანუ ხლათის სასულთნოს შეაფარა თავი. შაჰ არმენს მისთვის არშარუნის ქვეყანა უფეშქაშებია. თირქაშმაც იმით დაუმტკიცა ერთგულება ხლათის სულთანს, რომ გვერდით შემოკრებილი სულგაყიდული ქართველებითა და სულთნის მეომრებით თავს ესხმოდა საქართველოს მონაპირე პროვინციებს და სასტიკად აოხრებდა. დემეტრემ მოახერხა თირქაშის ხელში ჩაგდება და მოღალატე დილეგში გამოამწყვდია, მაგრამ სასახლის გადატრიალების შემდეგ ტახტზე ასულმა დავითმა არათუ გაათავისუფლა ქვეყნის ორგული ერისთავი, ვაზირადაც დაისვა. 

ქვეყნის მოღალატეთა აღზევებით დავით მეხუთემ განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს. ქართველებისათვის უკვე ნათელი შეიქნა, თუ საით მიჰყავდა ქვეყანა ახალ მეფეს და როგორც ჩანს, სანამ ის ხელისუფლების განმტკიცებას მოასწრებდა, თავიდან მოიცილეს. სომეხი ისტორიკოსები მხითარ გოში და ვარდანი დაბეჯითებით ამტიკიცებენ, რომ მეფის მკვლელები სუმბატ და ივანე ორბელები იყვნენ.

უცნობია, თუ რა ბედი ეწია თირქაშს, რომლის აღზევებამაც ბევრი მტერი შესძინა დავით მეხუთეს. მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ტახტზე დაბრუნებულმა დემეტრემ  სუმბატ ორბელი ისევ დააბრუნა სასახლეში და ამირსპასალარობა უბოძა.

ასე უსახურად დაასრულა მეფობა და სიცოცხლეც დავით მეხუთემ, ქვეყნის მთავარსარდალმა, რომელსაც ერთხელაც არ ეღირსა წინ გაძღოლდა ჯარს ქვეყნის გარეშე მტრების წინააღმდეგ (თუმცა ვის უნდა შებრძოლებოდა, როდესაც საქართველოს ყველაზე დიდი მტერი სასახლის კარზე ჰყავდა აღზევებული). მისი სტიქია უფრო სასახლეში შეთქმულებებისა და ინტრიგების  ქსელის ხლართვა იყო და საბოლოო ჯამში, თვითონვე გაება ამ ქსელში, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

მთავარი თემები