23:43 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (381)
29430

მარტყოფის აჯანყება — უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში. აჯანყება, რომელმაც ყველას დაანახა, რომ ქართველები უმალ გაწყდებოდნენ, ვიდრე თავისუფლების დაკარგვას შეეგუებოდნენ...

ურჩი საქართველოს საბოლოოდ გასანადგურებლად ირანის მზაკვარმა შაჰმა აბას პირველმა ახალი ლაშქრობა წამოიწყო. ჯარს სათავეში სიძე, გათათრებული სომეხი, გამოცდილი სარდალი ყარჩიხა ხანი ჩაუყენა.

როსტომ ხანი გვიმოწმებს: „ბრძანება იყო ყეენისა, რომე კახი კაცი გაეწყვიტათ და კახეთში ყიზილბაშები ჩაესახლებინათ“. 

თუმცა ლაშქრობის ნამდვილი მიზეზი ოსტატურად შენიღბეს სპარსთა და ვითომ მშვიდობიანი მიზნით მოდიოდნენ საქართველოში. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ყარჩიხა ხანს თან მოჰყავდა შაჰ აბასის შვილიშვილი ჯაჰან ბანუ, რომელიც გამუსლიმანებულ სიმონ ხანზე უნდა დაექორწინებინათ. ხოლო უზარმაზარი ლაშქარი — ეს მხოლოდ საპატარძლოს მაყრიონი იყო. სინამდვილეში ყარჩიხა ხანს ქართლ-კახელთა აყრა და სპარსეთში გადასახლება, მათ ადგილას კი ყიზილბაშების ჩასახლება ევალებოდა. 

„საპატიო მაყრიონში“ იყო გიორგი სააკაძეც, რომელმაც კარგად უწყოდა შაჰის რეალური ზრახვები და რომელიც მხოლოდ იმიტომ არ უსარდლა შაჰმა თავის ლაშქარს, რომ არ ენდო. ხოლო სამშობლოში წარმოგზავნილ სააკაძეს ღალატი რომ არ გაევლო გულში, მისი ძე პაატა მძევლად დაიტოვა. როგორც შემდეგ გაირკვა, არცთუ უსაფუძვლოდ...

„შესაზარი ხმა აქვთ და საოცარი სისასტიკე“ - როგორია ქართული გმირობა>>

ყარჩიხა ხანი 1625 წლის ადრიან გაზაფხულზე შემოვიდა ქართლში. ავად დაგეგმილი ქორწილის შემდეგ სპარსთა ლაშქარმა აღაიანის ველზე დასცა ბანაკი, მერე კი მარტყოფის ველზე განლაგდა სარდლის ბრძანებით. ყარჩიხამ კახელები იხმო თავისთან, ვითომ იმერეთში ლაშქრობის სათათბიროდ. ბოლო მომენტში კი თითქოს განზრახვა გადაიფიქრა და სათათბიროდ მისულ კახელთა დასაჩუქრება და შინ გაშვება გადაწყვიტა. ბევრი გაბრიყვდა და საჩუქრის მისაღებად ბანაკის განკიდურზე მდებარე, მაღალი თეჯირით შემოსაზღვრულ კარავთან დადგა. სათითაოდ შეხვალთ შაჰის ხალათის მისაღებადო, უთხრეს მათ და ისინიც მორჩილად თითო-თითოდ შედიოდნენ კარავში, საიდანაც აღარავინ გამოდიოდა უკან. კახელები ფიქრობდნენ, ალბათ თავს მოგვიყრიან და შაჰის უდიდესი წყალობით ხელდამშვენებულებს, ერთად გამოგვისტუმრებენ კარვიდანო. ამ დროს კი თავს კი არ უყრიდნენ, თავებს აყრევინებდნენ თეჯირს გადაღმა გაუჩინარებულებს.

ბოლოს სპარსელთა მზაკვრობა ვიღაცამ გასცა. განრისხებულმა კახელებმა ხმლებით გაიკაფეს გზა და სამშვიდობოს გავიდნენ. თუმცა ყიზილბაშებს მაინც მოესწროთ 4000 კახელისთვის ყელის გამოჭრა. 

ყარჩიხა ხანმა გამცემად გიორგი სააკაძე იეჭვა და მაშინვე მაცნე აფრინა „ირანის ლომთან“. შაჰ აბასის ბრძანებამაც არ დაახანა. მუსტაფა ნაიმას ცნობით, შაჰი ყარჩიხა ხანს ქართველთა სრულად ამოხოცვას ავალებდა. მოურავიც არ გაუშვა ცოცხალი, რადაც უნდა დაგიჯდეს, მოჰკალო, უბრძანებდა...

მაგრამ ლოჭინის ხევში ვითომ სანადიროდ გასული გიორგი სააკაძე აბასის მსტოვარს „შემთხვევით“ გადაეყარა და ყარჩიხა ხანისადმი მოწერილი ბრძანება ხელში ჩაიგდო. მოურავმა შიკრიკს სიცოცხლე მოუსწრაფა, მერმე კი ქართველი დიდებულები მიიწვია საიდუმლო თათბირზე და წერილი წაუკითხა. ამის შემდეგ ისინიც კი, ვინც მანამდე ეჭვის თვალით უყურებდნენ მოურავს, საბოლოდ დარწმუნდნენ აბასის საშინელ განზრახვასა და სააკაძის გულწრფელობაში.

და ქართველებმა გადამწყვეტი ბრძოლისათვის სამზადისი დაიწყეს. სააკაძის რჩევით, ყარჩიხა ხანმა ჯარის საგრძნობი ნაწილი კახეთის სხვადასხვა კუთხეში გაგზავნა. მოურავმა სპარსთა ლაშქარი ეშმაკურად დააქსაქსინა ხანს, რომ მტრის მთავარი ბანაკის განადგურება გაიოლებოდათ ქართველთ.

1625 წლის 25 მარტი თენდებოდა — ხარება დღე.  ქართველები, ზურაბ არაგვის ერისთავის წინამძღლობით, მოულოდნელად, გარიჟრაჟისას დაესხნენ თავს მარტყოფის ველზე დაბანაკებულ მძინარე ყიზილბაშებს. თავზარი დაეცა მომხდურთა ლაშქარს, დიდი პანიკა დაიწყო. ამით ისარგებლა გიორგი საააკაძემ, შუბმომარჯვებული დაიძრა ყარჩიხა ხანის კარავისკენ ოთხ მებრძოლთან ერთად. კარავში შესულმა კი სარდალს შეუძახა, ხანო, რას გაჩერებულხარ, თეიმურაზი დაგვესხა თავსო! ის იყო, ცხენზე უნდა ამხედრებულიყო შაჰის სიძე, რომ შუბით განგმირა გიორგი სააკაძემ „მოყვრად“ მოსული მოსისხლე მტერი. შემდგომ ამისა, მოურავის ერთგული თანამებრძოლები დანარჩენ ხანებს დაერივნენ. ხოლო სააკაძის უფროსმა ვაჟმა ავთანდილმა ყარჩიხა ხანის ვაჟი გამოასალმა სიცოცხლეს.

დადრკნენ უსარდლოდ დარჩენილი ყიზილბაშები, უკან დაიხიეს და გაქცევით შეეცადნენ თავის შველას. მაინც არ მოეშვნენ ქართველები — ბოლომდე მისდიეს მტერს და მუსრი გაავლეს მათ. იბრაჰიმ ფეჩევის ცნობით, 30 ათასი ყიზილბაშიდან მხოლოდ სამმა ათასმაღა გაასწრო ცოცხლად. ამის შემდეგ ქართველები კახეთში წინასწარ დაქსაქსულ ყიზილბაშებსაც დაერივნენ და ისინიც ერთიანად გაჟლიტეს.

შაჰ აბასის ისტორიკოსი ისკანდერ მუნში წერს: დიდებულებიცა და უბრალო ხალხიც თავზარდაცემული იქეთ-აქეთ გარბოდა. ყიზილბაშების მთელი ბანაკი დაირბა და გაიძარცვა, ქართველებმა კი აურაცხელი ქონება და იარაღი იგდეს ხელთო. 

ეს იყო უდიდესი გამარჯვება! ამ ბრძოლამ დაანახა ირანის მძვინვარე ლომს, რომ ქართველთა განადგურების ძალა არ და ვერ შესწევდა. თავად ისკანდერ მუნში აღიარებს, რომ ასეთი დიდი მარცხი მანამდე არასდროს ეგემნა ალაჰის ჩრდილს...

და განრისხებულმა შაჰმა ქართველთა ჯავრი გიორგი სააკაძის ვაჟზე, პაატაზე იყარა — თავი მოჰკვეთა და საშინელი „ჯილდო“ მამას გაუგზავნა... 

მძიმე და მწარე ნაყოფად მოიმკო დიდმა მოურავმა შაჰის ღალატი. თუმცა, როცა საქმე სამშობლოს ყოფნა-არყოფნაზე მიდგება, ჭეშმარიტ მამულშვილებს ხომ არად უღირთ არც საკუთარი და არც შვილების  სიცოცხლე...  

თემები:
იცით თუ არა, რომ... (381)

მთავარი თემები