ჩაშლილი თურქული რეფერენდუმი და თავწაცლილი აღა - მუსლიმ ქართველთა ღვაწლი

© Pixabay / Atlantiosქვიშის საათი
ქვიშის საათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, საქართველოს სამხრეთ ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე დაემუქრა.

ოსმალებმა ხელსაყრელად მიიჩნიეს ვითარება და საქართველოს ძირძველი ტაო-კლარჯეთი წაართვეს. ამასაც არ დასჯერდნენ და მესხეთი, გურია-აჭარის რეგიონი ამოიღეს მიზანში.

სტამბულმა ორი მიმართულებით წარმართა აგრესია:

  • პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია — ე.წ. კავკასიის ფრონტის მოშლის გამო (რუსეთში ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა ქვეყანა პირველი მსოფლიო ომიდან გაიყვანეს და, შესაბამისად, ასობით ათასმა ჯარისკაცმა კავკასიის ფრონტი მიატოვა და სახლებში გაბრუნდა) საქართველო გამძვინვარებული ოსმალეთის პირისპირ აღმოჩნდა.
  •  აგენტურისა და პროოსმალური ძალების ამოქმედება — სტამბულის წაქეზებით ძირძველ ქართულ და სომხურ ტერიტორიაზე 1918 წლის 1 დეკემბერს შეიქმნა კვაზისახელმწიფო „ყარსის რესპუბლიკა“. აქ თავი მოიყარეს რენეგატმა ქართველებმა, რომლებიც თურქების სამსახურში ჩადგნენ. „ყარსის მთავრობა“ და მოღალატე მუსლიმი ქართველები ოსმალების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ კავკასიაში და სანამ თურქეთი სხვა ფრონტებზე აწარმოებდა სისხლისმღვრელ ბრძოლებს, მანამ ამ კვაზისახელმწიფოს ხელით იტაცებდა ქართულ მიწა-წყალს და აძლიერებდა თავის გავლენას რეგიონში. 
ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
ჟამიანობა საქართველოში: ყვავილზე „აჭრილი“ უფლისწული და ქოლერას შეწირული პატრიარქი

1918 წლის აპრილში ბათუმი ოსმალეთის ჯარმა დაიკავა და დამპყრობლებმა პატრიოტი ქართველების დევნა-დაპატიმრებას მიჰყვეს ხელი. გულხელდაკრეფილი არც ქართველები იყვნენ. სამუსლიმანო საქართველო ოსმალური აგრესიის ასალაგმად დაირაზმა და ჰაიდარ აბაშიძემ, ჰასან თხილაიშვილმა, ჯემალ ნოღაიდელმა, რეჯებ ნიჟარაძემ, ყადირ შერვაშიძემ და სხვებმა 1918 წლის 15 მაისს „სამუსლიმანო საქართველოს გამანთავისუფლებელი კომიტეტი“ ჩამოაყალიბეს, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა საქართველოს ერთიანობის საქმეში.

აჭარის მისატაცებლად სტამბულმა ახალი ხერხი - რეფერენდუმი მოიგონა. ოსმალებს თავიანთი აგენტურისა და სულგაყიდული ქართველების იმედი ჰქონდათ და ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ რეფერენდუმი მათთვის სასურველ შედეგს მოიტანდა. მაგრამ „სამუსლიმანო საქართველოს გამანთავისუფლებელი კომიტეტის“ წევრებმა დიდი აგიტაცია გასწიეს რეგიონის საქართველოში დასატოვებლად.

მაგალითად გამოდგება ჰასან თხილაიშვილის გმირობა. ის ქობულეთში, ფიჭვნარში სახელდახელოდ მოწყობილ „სარეფერენდუმო უბანზე“ გამოცხადდა, ხელში თეთრის ფერის ბიულეტენი აიღო და ყუთში ჩააგდო. ეს იმას ნიშნავდა, რომ მან საქართველოს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება — ოსმალეთთან შეერთების მომხრეებს მწვანე ბიულეტენებით უნდა მიეცათ ხმა. თხილაიშვილმა საკმაოდ შთამბეჭდავი სიტყვაც წარმოთქვა მაშინ: 

„ძმებო, მეზობლებო! დღევანდელ კრებაზე საკითხი დგას, თუ ვისთან ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენს ძმებთან, ქართველებთან თუ ოსმალებთან. ჩვენ ქართველები ვართ ეროვნებით, სისხლითა და ხორცით, ჩვენი სამშობლო საქართველოა და ჩვენი დედა ენა — ქართული! ამიტომ ჩვენ, როგორც ქართველებს, არაფერი საერთო არ გვაქვს თურქებთან. ისინი აქ მოსულან როგორც დამპყრობლები, უცხოელები და მათ უნდა დატოვონ ჩვენი მიწა-წყალი. ეს კრება ნაძალადევია, ჩვენ ჯარებითა და ზარბაზნებით ვართ გარშემოტყმული. მე პირადად, როგორც ქართველი მუსლიმანი, ხმას ვაძლევ ჩვენს დედა სამშობლოს — საქართველოს!"

მაგრამ, სამწუხაროდ, ოსმალებმა, ხალხის მოსყიდვითა თუ შანტაჟით, სასურველ შედეგს მიაღწიეს — დღის ბოლოს სარეფერნდუმო ყუთში მწვანე ბიულეტენები ჭარბობდა თეთრს.  

მაშინ ჰასან თხილაიშვილმა უბანი დაარბია, ყუთი გაიტაცა და რეფერენდუმი ჩაშალა. თუმცა, გამცემების წყალობით მტერმა ხელში ჩაიგდო გმირი ქართველი და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. თურქებმა ჰასანი ზარბაზნის ლულაზე მიაბეს, მაგრამ სასიკვდილოდ განწირული გერმანელმა ოფიცერმა იხსნა. 

საზღვაო ხომალდის საჭე - Sputnik საქართველო
ამბავი ჯვაროსნების ბათუმზე ლაშქრობისა და დატყვევებული ბურგუნდიელი ადმირალისა

1918 წლის აგვისტოში ბერლინში უნდა გადაწყვეტილიყო აჭარის საქართველოში შემადგენლობაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი. ქართულ დელეგაციაში იმყოფებდნენ აჭარის წარმომადგენლები ყადირ შერვაშიძე და ზია აბაშიძე. მათ დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდათ ბერლინში მოლაპარაკების მაგიდასთან, ვინაიდან ოსმალო წარმომადგენლები არ თმობდნენ აჭარას. მაგრამ ყადირ შერვაშიძისა და მისი თანამოაზრეების წყალობით ბათუმი საქართველოს დაუბრუნდა.

გერმანიის წარმომადგენლებმა ქართულ დელეგაციას დაუჭირეს მხარი, მათ ზეგავლენა მოახდინეს ოსმალებზე და აიძულეს ოფიციალური სტამბული, დაეცალა ბათუმი და გასულიყო აჭარიდან. მათი ადგილი კი გერმანიის სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს.

საქართველოს მაშინდელი მთავრობის გადაწყვეტილებით ყადირ შერვაშიძე ქართული ლეგიონის სამახსოვრო ორდენით ბერლინშივე დააჯილდოეს.

სხვათა შორის, ყადირ შერვაშიძეს, სახელოვან ექიმსა და საზოგადო მოღვაწეს, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზეც აქვს ხელი მოწერილი.

მანამდე კი, პირველი მსოფლიო ომის დროს, ყადირი — როგორც სამხედრო ექიმი, მობილიზებული იყო სამხრეთის (კავკასიის) ფრონტზე. ომში გამოჩენილი მამაცობისათვის მალე პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1916 წლის ბოლოს, ფრონტიდან დაბრუნებულმა, ქედაში არსებული საცხოვრებელი ორსართულიანი სახლი ჰოსპიტლად აქცია, სადაც უსასყიდლოდ მკურნალობდა პაციენტებს.

როცა „ყარსის რესპუბლიკამ“ საქართველოს სამცხე და კოლა-არტაანი წაართვა და მერე მისმა ჯარებმა ახალციხეზე მიიტანეს იერიში, ყადირ შერვაშიძემაც იქით გადაინაცვლა.

მან სამცხეში ჩამოაყალიბა ქართველ მუსლიმთა ცხენოსანი დივიზია, რომელსაც თავადვე სარდლობდა თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში ზემო აჭარასა და მესხეთში. 

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
ფაქტები საქართველოს ისტორიიდან: რა იცით საკუთარ ქვეყანაზე

სწორედ ყადირის დივიზია ჩაუსაფრდა ახალციხის გამპარტახებელთა შორის გამორჩეულ ალი მუსტაფა აღას, რომლის რაზმიც ქართულ მოსახლეობას არბევდა, ძარცვავდა, კაცებს ხოცავდა, ქალებსა და ბავშვებს კი ოსმალეთში ტყვედ ერეკებოდა. შერვაშიძის ცხენოსანთა დივიზიამ გაანადგურა ალი მუსტაფას რაზმი. უფრო მეტიც, ორთაბრძოლაში ყადირ შერვაშიძემ ცხენიდან ჩამოაგდო მუსტაფა და თავი წააცალა მას. უმეთაუროდ დარჩენილი თურქები გაიფანტნენ, მაგრამ ქართველებმა ყველა მათგანი შეიპყრეს და სათითაოდ დასაჯეს სიკვდილით. ამან ისე დააფრთხო თურქები, რომ ახალციხეში თარეშზე ხელი აიღეს.   

ყადირ შერვაშიძე სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა ხალხსაც და ქვეყანასაც. 1919 წელს აჭარაში ტიფის ეპიდემია მძვინვარებდა. გამოცდილმა ექიმმა უზარმაზარი წვლილი შეიტანა მასთან ბრძოლაში, მაგრამ, სამწუხაროდ, თავადაც დაავადდა.

1919 წლის აპრილში თბილისს გაემგზვრა პარლამენტის სხდომაზე დასასწრებად. მაგრამ გზაშივე იგრძნო თავი ცუდად. მერე მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, დამძიმდა და ყადირ შერვაშიძე გარდაიცვალა. მაშინ ის 32 წლისა იყო.

სხვათა შორის, ყადირის თანამებრძოლებს ეჭვიც არ ეპარებოდათ იმაში, რომ ღირსეული მამულიშვილი ქვეყნის მტრებმა მოწამლეს. მისი ნეშტი პატივით გადაასვენეს ბათუმში, სადაც ბრიტანულმა საოკუპაციო ხელისუფლებამ ინიციატორებს მისი აზიზიეს მოედანზე დაკრძალვის საშუალება არ მისცა. ამიტომ მამულიშვილი მშობლიურ სოფელ ქედაში დაკრძალეს...

 

ყველა ახალი ამბავი
0