17:36 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (351)
418740

ჩვენი ქვეყნის ისტორიას მრავალი პარადოქსი ახსოვს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარადოქსი მაინც 1918 წლის დეკემბერში დაწყებული ომია საქართველოსა და სომხეთს შორის.

მაშინდელი დაპირისპირების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ სომხეთის იმჟამინდელ მესვეურებს ჩვენს მიწა-წყალზე ეჭირათ თვალი. ჯერ კიდევ 1830 წელს სომხებმა 2 მილიარდი რუპია შეაგროვეს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველისთვის გადასაცემად, სანაცვლოდ კი მოითხოვეს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში შექმნილიყო სომხური გუბერნია, რომლის ცენტრიც იქნებოდა თბილისი(?!). არადა, რუსებმა სპარსელებს ერევანი 1828 წელს წაართვეს, მიუხედავად ამისა, სომხებს მაინც თბილისის დასაკუთრება ჰქონდათ გულში ამოჭრილი. სხვათა შორის, ნიკოლოზ პირველმა კატეგორიული უარი განაცხადა ასტრონომიულ თანხაზე და სომხებს ერევნისკენ მიუთითა – იქ არის თქვენი მიწა-წყალი და ის იმყოფინეთო.

მეოცე საუკუნის დასაწყისში სომეხმა დაშნაკებმა გამოსცეს რუკები, სადაც „დიდი სომხეთის“ შემადგენლობაში მოაქციეს აღმოსავლეთ საქართველო, ნახევარი აზერბაიჯანი, ჩრდილოეთ ირანი და ოსმალეთის იმპერიის უდიდესი ნაწილი. ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე ვიქტორ ნოზაძე წერდა:

„სომხებმა გაამზადეს სომხეთის რუკა პარიზის საზავო კონფერენციისათვის წარსადგენად და ამ რუკაზე, როგორც სომხეთში შემავალი ტერიტორიები, აღნიშნული იყო თბილისი, ბორჩალოს, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები, მცხეთა, გორი, ბათუმი და ბათუმის ოლქი“.

ჩვენი მეზობლები ამას არ დასჯერდნენ და სიტყვა საქმედ რომ ექციათ, ხელები დაიკაპიწეს. 

ამ დროს ქართული ჯარი რამდენიმე ფრონტზე იბრძოდა. სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობდა აფხაზეთსა და შიდა ქართლში აჯანყებული აფხაზი და ოსი ბოლშევიკების წინააღმდეგ. თურქთა აგენტურამ შექმნა ე.წ. „ყარსის სეპარატისტული მთავრობა“ და იქაც საომარ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. ამ დროს სომხებმა რატომღაც ჩათვალეს, რომ დასუსტებულ საქართველოს ადვილად დაიპყრობდნენ და შავ ზღვაზე გასასვლელს მოიპოვებდნენ.

არადა, ჩვენზე უკეთეს დღეში არც თავად სომხები იყვნენ: პირველ მსოფლიო ომში სომხებმა სცადეს ესარგებლათ ხელსაყრელი ვითარებით და ოსმალეთისთვის წაერთმიათ აღმოსავლეთი ანატოლია, მაგრამ მათი მცდელობა კრახით დასრულდა. აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს. უამრავი სომეხი დაიღუპა ამ ბრძოლაში, ასობით ათასი კი სხვაგან გადაასახლეს.

და ასეთ უმძიმეს დროს საქართველოს თავშესაფრის მძებნელი 120 ათასი სომეხი და 15 ათასი ბერძენი მოადგა. მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია თავის ერთ-ერთ გამოსვლაში აღნიშნავდა:

„განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ერის ტრაგედიას, რომლის ერთი ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობს, ხოლო მეორე ნაწილი – მის გარეთ... ეს არის სომხობა. ძველ ანდერძს დღევანდელი ქართველობაც გაიხსენებს და სომხის ერი იმავე მფარველობას ჰპოვებს ჩვენში, რომელსაც ჰპოვებდა იგი ქართველ მეფეთაგან“.

ძალიან მალე მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებას რეალური სახე მიეცა — ლტოლვილ სომეხთა დასახმარებლად ოპერატიულად შეიქმნა საგანგებო კომიტეტი, ხელისუფლებამ გამოყო ფულადი სახსრები 100 ათასი მანეთის ოდენობით, რაც იმ დროისათვის საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა. უმოკლეს დროში მოხდა ათობით ათასი ლტოლვილის დაპურება და დაბინავება. 

სომხებმა აზერბაიჯანისკენაც სცადეს გაჭრა და ყარაბაღის დაკავება, მაგრამ ხელი მოეცარათ. და, ოსმალებთან და აზერბაიჯანელებთან რომ ვერაფერს გახდნენ, 1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს გამოუცხადეს ომი.

ამ ფაქტს საქართველოს მთავრობაში ხარხარით შეხვდნენ. სანამ ქართველები ვხარხარებდით, სომხეთის არმიამ თითქმის უბრძოლველად დაიკავა ლორე-ტაშირი (რომელსაც ადრე თავად სომხები „ვრაც დაშტს“, ანუ „ქართველთა მიწას“ უწოდებდნენ), ქვემო ქართლი და თბილისს მოუახლოვდა. ბოლოს, როგორც იქნა, „გატოკდა“ საქართველოს ხელისუფლება და პირველი, რაც გააკეთა, იყო ის, რომ საპროტესტო ნოტა გაგზავნა სომხეთში.

ქაღალდის გაგზავნას ჯარის გაგზავნა აჯობებდაო, აყვირდა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი, თუმცა გულუბრყვილოებს კიდევ სჯეროდათ, რომ ეს „გაუგებრობა“ დიპლომატიით მოგვარდებოდა

სხვათა შორის, არც მოსახლეობაში იგრძნობოდა სერიოზული დამოკიდებულება ამ „უცნაური ომისადმი“. მაგალითად, თბილისში, დღევანდელ კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობაში თბილისელ სომხებს გახსნილი ჰქონდათ შტაბი, სადაც მოხალისედ ეწერებოდნენ სომხურ არმიაში(!). მთელმა ქალაქმა იცოდა ეს ამბავი, მაგრამ ხელის შემშლელი არავინ იყო.

1918 წლის 21 დეკემბერს, მაშინ, როდესაც თიანეთში ადგილობრივი მოსახლეობის სამხედრო მობილიზაცია მიმდინარეობდა, დაბის ცენტრში თავშეყრილ ხალხთან მივიდა სომეხი მღვდელი ტერ-ოვანეს გირგიდიანცი და ქართველებს მოუწოდა, არ მიეღოთ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში. საუბედუროდ, ბევრმა დაუჯერა კიდეც ტერტერას და თანამოძმეთა დახმარება გადაიფიქრა. 

იმ პერიოდში დუშეთში მოხდა აჯანყება, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ლტოლვილი სომხები. ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის ზურგში მახვილის ჩაცემა, მაგრამ ახლად შექმნილი რესპუბლიკის მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დუშეთის აჯანყება უმოკლეს დროში ჩააქრეს. 

როდესაც მავანთა სიავეს ვიხსენებთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ დიდი სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ერთგული შვილის ოვანეს თუმანიანის მართლაც ღირსეული საქციელი. ქართველთა და სომეხთა შორის მიმდინარე ომის დროს ოვანეს თუმანიანის შვილებიდან რამდენიმე ერევანში ჩარჩა. მწერალმა შვილებს შეუთვალა:

„თუ ქართველების წინააღმდეგ იბრძოლებთ, შეგაჩვენებთ და თქვენზე უარს ვიტყვი!“

რაც შეეხება „უცნაურ ომს“, საქართველოს მთავრობამ მობილიზაცია მხოლოდ 18 დეკემბერს გამოაცხადა და ამის მერეღა დაიწყეს შეკრება მაშველმა ჯარებმა. 23 დეკემბერს ფრონტზე განლაგდა სამტრედიის რაზმი გენერალ ჩხეტიანის მეთაურობით. მთავარსარდალმა გიორგი მაზნიაშვილმა ამ რაზმს უბრძანა, იერიში მიეტანა ქალაქ შულავერზე. 24 დეკემბრის ღამით გვარდიელებმა, თანახმად ბრძანებისა, ერთ-ერთ მაღლობს შეუტიეს,

ხელჩართული ბრძოლით გარეკეს მტერი შულავერიდან და ხელთ იგდეს ორი ტყვიამფრქვევი. მაგრამ საღამოს გვარდიელებმა დაკავებული პოზიციები მიატოვეს და სოფელში დაბრუნდნენ.

ამ საქციელს გვარდიელები მოგვიანებით იმით ხსნიდნენ, რომ ციოდა და იფიქრეს, ჩავალთ სოფელში, ჩაის დავლევთ, ღამეს გავათენებთ და მაღლობს გათენებისას კვლავ დავიკავებთო.

25 დეკემბერს გვარდიელებმა, ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ, ისევ დაიკავეს მაღლობები, მაგრამ საღამოს კვლავ მიატოვეს დაკავებული პოზიციები და სოფელში დაბრუნდნენ.

მესამე დღეს ჩვენმა სახელოვანმა მეომრებმა არა მარტო მიტოვებული პოზიციები დაიბრუნეს, წინაც წაიწიეს. ასე გამეორდა რამდენჯერმე და, როგორც იქნა, „ცეცხლთან მიმჯდარი ბრძოლის ტაქტიკით“ ქართველები სომხეთის კუთვნილ ტერიტორიაზე გადავიდნენ — 1919 წლის იანვრის დასაწყისში ლამის სევანის ტბას მიაღწიეს. თუმცა, მიუხედავად ასეთი დიდი წარმატებებისა, ჟორდანიას მთავრობამ უკან გაიწვია ლაშქარი.

საერთაშორისო ჩარევის (ინგლისი, აშშ, საფრანგეთი) შემდეგ კი დამარცხებულმა სომხეთმა მიიღო სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი ლორე-ტაშირის ოლქი, რაც საბოლოოდ კავბიუროს (ამიერკავკასიის მაშინდელი ბოლშევიკური ხელისუფლება) 1921 წლის 7 ივლისის დადგენილებით სომხეთს დაუკანონდა...

თემები:
იცით თუ არა, რომ... (351)

მთავარი თემები