ორლეანელი ჰერცოგიდან მემაწვნე იოსებამდე, ანუ სიყვარულს რას გაუგებ, ჩემო...

© Pixabay / ddimitrovaჩიტები ხის ტოტზე
ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik–საქართველო“ კვლავ მოგესალმებათ ლელა ანჯაფარიძის სახელით მისი ვირტუალური აივნიდან და ჩვენს ფონდში დაცულ ჩანაწერებს გთავაზობთ.

ძალიან დილა მშვიდობისა!

არ გაგიკვირდეთ, თუ ჩვენ აივანთან მოახლოებისას ნაცნობი ჰანგები შემოგესმათ — „ჰაბანერა“ ბიზეს „კარმენიდან“… თუმცა, აქვე მინდა მოგახსენოთ, რაც თავადაც არცთუ ისე დიდი ხანია გავიგე, რომ სწორედ ეშხიანი კარმენის მთავარი არია ბიზეს სულაც არ ეკუთვნის. კომპოზიტორს ის თავიდან ხალხური მელოდია ეგონა და ჩასვა ოპერაში, მაგრამ, როგორც ძალიან წესიერმა ადამიანმა, როცა გაიგო, რომ ის ესპანელ კომპოზიტორს სებასტიან ირადიერს ეკუთვნოდა, ლიბრეტოს შესაბამისი შენიშვნაც დაურთო.

დღეს მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეყვარებულების დღეს აღნიშნავენ და ამაზე ლამაზი დღესასწაულის წარმოდგენა მართლაც შეუძლებელია.

ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა შეყვარებულების დღე, რომელიც ასევე 14 თებერვალს აღინიშნებოდა. ძველმა რომაელებმა დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად გამოიგონეს ეროტიკული ფესტივალი — ლუპერკალიები, რომლის დროს გაუთხოვარი, უკაცრავად, გასათხოვარი ქალბატონები პერგამენტზე წერდნენ სახელებს და ამ პერგამენტებს კალათში აგდებდნენ. უცოლო მამაკაცები კი ბრმად იღებდნენ ამ სიყვარულის სკივრიდან პერგამენტს და ვისი სახელიც შეხვდებოდათ, ერთი წლის განმავლობაში (შემდეგ 14 თებერვლამდე) უნდა ჰქონოდათ მასთან რომანტიკული ურთიერთობები. 

სიყვარული - Sputnik საქართველო
ვალენტინობა 2020: რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს – საინტერესო იდეები

დღეისათვის ეს წესი, საბედნიეროდ, აღარ არსებობს, მაგრამ ყველა ქვეყანას შეყვარებულების დღის გადახდის საკუთარი ტრადიციები შემორჩა. მაგალითად, საფრანგეთში 14 თებერვალს შეყვარებულებს ჩუქნიან სამკაულებს, ამერიკელები სამკაულებს მარციპანებით ცვლიან, იაპონელები მიჯნურებს შოკოლადის ფიგურებს მიართმევენ. ბრიტანელი ქალიშვილები ამ დღეს დილით ადრე იხედებიან ხოლმე ფანჯარაში, თავისი მომავალი ბედის შესახვედრად…

უცებ წარმოვიდგინე, ჩვენთანაც რომ ეს წესი არსებობდეს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აღმართის ყველა ქალის პოტენციური საქმრო გახდებოდა მემაწვნე იოსები, რადგან მასზე ადრე ვერავის დაინახავ ფანჯრიდან.

სხვათა შორის, დიდ ბრიტანეთში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, „ვალენტინკებს“ ოჯახში მყოფ ცხოველებსაც ჩუქნიან, რასაც მე პირადად მთელი გულით მივესალმები.

სხვადასხვა წეს-ადათის მიუხედავად, ერთი რამ არ იცვლება მხოლოდ — ამ დღეს მიღებულია შეყვარებულებს მიართვა ე.წ. „ვალენტინკები“ — ქაღალდის პატარა გულები, რადგან ეს დღესასწაული წმინდა ვალენტინის სახელს უკავშირდება. 

პირველი „ვალენტინკის“ ავტორი გახლდათ ჰერცოგი ორლეანელი, რომელიც 1415 წელს, კოშკში დამწყდეული, სასიყვარულო ბარათებს უგზავნიდა თავის საყვარელ და მონატრებულ მეუღლეს. სავარაუდოდ, ციხეში მყოფი მამაკაცები უფრო მოსიყვარულე და სენტიმენტალურები ხდებიან, განსაკუთრებით, განაჩენის აღსრულების წინა ღამეს. გავიხსენოთ, მაგალითად, კავარადოსის არია პუჩინის „ტოსკადან“ დიდი პლაჩიდო დომინგოს შესრულებით:

უკაცრავად, ცოტა სევდიან განწყობაზე დაგაყენეთ, მაგრამ, რას იზამ, სიყვარულს ხშირად ახლავს განცდები. სტატისტიკურად, ყველაზე ხშირად კრახით სრულდება პირველი სიყვარული, რომელიც, ასევე სტატისტიკურად, არასდროს არ გავიწყდება.

მე, მაგალითად, ამ სტატისტიკაში ნამდვილად შევდივარ, რადგან ძალიან კარგად მახსოვს, რომ პირველად შემიყვარდა 3 წლის ასაკში და თანაც… მუსლიმ მაგომაევი. მაგრამ სულ ცოტა ხანში იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემაში Голубой огонек ის ისეთ ვნებიან დუეტს ასრულებდა ულამაზეს თამარა სინიავსკაიასთან ერთად, თანაც თამარას ისეთი ლამაზი კაბა ეცვა, რომ ყველაფერს მივხვდი — ჩემი შანსები ნულს უტოლდებოდა.

ჩვეულებრივ, ამბობენ ხოლმე, რომ სიყვარულზე შექმნილია უამრავი მუსიკალური, ლიტერატურული ნაწარმოები და ფერწერული ტილო… მეც ვაპირებდი ამის დაწერას და უცებ დავფიქრდი — არსებობს კი რომელიმე ნაწარმოები, რომელშიც არ იყოს სიყვარულის თემა? ვერც ერთი ვერ გავიხსენე. ერთადერთი – სამეცნიერო ლიტერატურა და სკოლის სახელმძღვანელოები, მაგრამ მათაც ხომ ქნიდნენ ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უყვარდათ და ისინიც სიყვარულით ქმნიდნენ. 

სხვათა შორის, სიყვარულის მეცნიერული განმარტება ასეთია:

„ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც ხასიათდება სიყვარულის საგანზე მიმართული სუბიექტური დამოკიდებულებითა და ინტიმურად შერჩეული გრძნობით“, და გახლავთ „ბედნიერების უმნიშვნელოვანესი სუბიექტური ინდიკატორი“.

ეს რომ წავიკითხე, ჯერ შემეშინდა, მერე გამეცინა. არა, სიყვარული ნამდვილად არ შედის იმ კატეგორიაში, რომლის ახსნა მეცნიერულად შეიძლება. ის არავითარ კანონებს არ ექვემდებარება და არ ემორჩილება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, სიყვარულის ფორმულა ჯერჯერობით გამოგონილი არ არის. ყველა ადამიანს სიყვარულის მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შეგრძნება აქვს და, შესაბამისად, გამოხატვის უნარიც. 

ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო
„იყავით მადლიერი, რომ წყვილი არ გყავთ“: ფსიქოთერაპევტის რჩევები მარტოხელა „ვალენტინებს“

სიყვარული მართლაც ჩიტივით დაფრინავს. ზოგისთვის ეს ჩიტი პატარა და დახვეწილი კოლიბრია, ზოგისთვის — გულის ძგიდემდე ერთგული მერცხალი, ზოგისთვის — შაშვი მგალობელი, ზოგისთვის – შემოდგომის ტოტზე მობუზული ბეღურა, ზოგისთვის კი უსასრულოდ ფრთაგაშლილი ალბატროსია. 

ჩემი ბრძენი ბებია ალექსანდრა ბარათაშვილი, როდესაც თვალცრემლიანს დამინახავდა ხოლმე მორიგი „სასიყვარულო ტრაგედიის“ შემდეგ, სულ მარიგებდა: ბებია, ზოგს ამხელა სიყვარული შეუძლია (ხელებს ერთმანეთთან ახლოს მიიტანდა), ზოგს იმხელაო — და ხელებს გაშლიდა, — და ვისაც „ამხელა“ შეუძლია, „იმხელას“ ნუ სთხოვო.

როგორც წესი, ადამიანი სიყვარულის, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი დანარჩენის ბოლომდე დაფასებას იწყებს ცოტა უფრო გვიან, ვიდრე შეიძლებოდა. თუმცა, „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ — ეს ხომ უბრალოდ ცხოვრების კანონზომიერებაა.

სიყვარული ერთხელ მაინც მოდის ადამიანის ცხოვრებაში, მთავარია, ხელიდან არ გავუშვათ და ვისწვლოთ მისი შენარჩუნება.

გისურვებთ ლამაზ, ბედნიერ და სიყვარულში ამოვლებულ დღეს!

ყველა ახალი ამბავი
0