13:02 01 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (362)
64560

შუა საუკუნეების საქართველოში მკაცრად იყო განსაზღვრული იერარქია — არადიდგვაროვანი და შემთხვევითი პირების სამეფო კარზე აღზევება მინიმუმადე იყო დაყვანილი.

მაგრამ მონღოლთა ბატონობის პერიოდში ეს წესი მოიშალა და არაერთ უგვარო, მაგრამ ნიჭიერ და მოხერხებულ პოლიტიკოსს მიეცა დაწინაურების შანსი. 

ერთ-ერთი ასეთი გახლდათ დავით VII-ის (ულუს) სამეფო კარზე დაწინაურებული ვინმე მესტუმრე ჯიქური. სამწუხაროდ, მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. არც ის არის ცნობილი, ჯიქური სახელია თუ გვარი. მაგრამ გონიერი და ენერგიული მმართველი რომ იყო, ამაზე არავინ კამათობს. 

მესტუმრეს სახელო (თანამდებობა) მეორეხარისხოვანი იყო. ქართული სამართლით, მესტუმრე მანდატურთუხუცესის ხელქვეით მოხელედ მიიჩნეოდა. მაგრამ ჯიქურმა იმდენს მიაღწია, რომ გავლენით არა მარტო მანდატურთუხუცესზე მაღლა დადგა, არამედ მწიგნობართუხუცესი, ამირსპასალარი და ათაბაგიც უკან მოიტოვა და მეფის პირველ ვაზირად, ერთგვარ „რუხ კარდინალად“ იქცა.

ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა, ბუნებრივია, ბიძგიც მისცა მესტუმრე ჯიქურის დაწინაურებას. გარკვეულ მიზეზთა გამო დავით ულუ იძულებული გახდა, ოქროს ურდოში სწვეოდა ბათო ყაენს. ამ დროს სამეფოში რეალური ხელისუფალი მისი მეუღლე ჯიგდა ხათუნი იყო, რომელთანაც მესტუმრე ჯიქური საკმაოდ დაახლოებული იყო. ფაქტობრივად, სწორედ მისი წყალობით იქცა იგი საქართველოს მმართველად. 

ირანის პრინცესას მხსნელი ქართველი მაშველი: ამბავი მემედ ბედიასი

ჯიგდა-ხათუნი, მართალია, წარმოშობით მონღოლი იყო, მაგრამ ქართველთა გულის მოსაგებად მართლმადიდებლად მოინათლა და თამარი დაირქვა. სამწუხაროდ, ამბიციების მიუხედავად, მას არ აღმოაჩნდა ქვეყნის მართვა-გამგეობისთვის საჭირო უნარ-თვისებები, რასაც თავადაც კარგად ხვდებოდა. ამიტომაც აღაზევა სამეფო კარზე მესტუმრე ჯიქური და ქვეყანას მისი მეშვეობით მართავდა.

ჯიქური ძალზე მარჯვე და გონიერი ვაზირი გამოდგა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე წელი იყო პირველი ვაზირი, მაინც მოასწრო საქართველოსთვის ბევრი სასიკეთო ღონისძიების გატარება. 

მონღოლთა ბატონობის დროს ქვეყანა „ქვაბ-ავაზაკებით“ გაივსო. ისინი ძარცვავდნენ ყველას, ვისაც მისწვდებოდნენ — მდიდარსაც და უქონელსაც. ღარიბ გლეხებს მარჩენალ ცხვარ-ძროხასაც კი სტაცებდნენ. მესტუმრე ჯიქურის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სასტიკი მეთოდებით დაამყარა წესრიგი და აღგავა ქურდთა და ყაჩაღთა თარეში ქვეყანაში. ამან მას უბრალო ხალხში სახელი და დიდება მოუტანა. 

ჟამთააღმწერელი საგანგებოდ აღნიშნავს:

„სრულიად სამეფოსა შინა მპარავი და ავაზაკი არ იპოვებოდა და თუ სადა გაჩნდის, ძელსა ჩამოჰკიდიან“. 
  • განდგომილ მთიელთა დამორჩილება

მონღოლთა ბატონობის დროს შესუსტდა საქართველოს მეფის ხელისუფლების გავლენა მთიელებზე. მართალია, ფხოველები უკვე გაქრისტიანებულები იყვნენ — ზოგი ნებით და ზოგიც იარაღის ძალით, მაგრამ წარმართობა მთაში მაინც მყარად ფესვგადგმული რჩებოდა. მთიელთა გარკვეული ნაწილი ისევ კერპებს ეთაყვანებოდა. ივანე ათაბაგმა დიდი ლაშქრობაც მოაწყო ფხოვში მათ გასაქრისტიანებლად, მაგრამ საკმარისი იყო, მეფის ხელისუფლება დასუსტებულიყო, რომ მთიელთა ნაწილი ისევ წარმართობას დაბრუნებოდა და ბათო ყაენის კარზე წასულ დავით ულუს აჯანყებოდა.

მესტუმრე ჯიქურმა კი ფხოვი ცეცხლითა და მახვილით დალაშქრა და ხელახლა განათლა ქრისტეს სჯულისგან განმდგარნი.

როგორც ჟამთააღმწერელი წერს:

„ფხოელნი მოხარკე ყვნა, და მეჯორედ ყვნა კაცნი იგი მხეცისა ბუნებანი“.

ეს იმ დროს მართლაც დიდი საქმე იყო — მესტუმრემ მთა დააწყნარა და მეფის ძალაუფლება განამტკიცა. 

  • უომრად მოგვარებული საქმე 

მესტუმრე ჯიქურის სახელს მიეწერება კახეთის განდგომილი ერისთავის თორღვა პანკელის განეიტრალებაც.

დავით VII ულუს ბათო ყაენის კარზე საკმაოდ ხანგრძლივად მოუწია ყოფნა. კახეთის მმართველმა თორღვა პანკელმა იუკადრისა მონღოლ ჯიგდა-ხათუნისა და უგვარო მესტუმრე ჯიქურის დამორჩილება. თანაც ფიქრობდა, რომ მეფე აღარც დაბრუნდებოდა საქართველოში და კახეთის დასაკუთრება მოინდომა.

მაგრამ თორღვას მოლოდინი არ გამართლდა. დავით VII დაბრუნდა და პანკელს შეუთვალა, მასთან გამოცხადებულიყო. ერისთავმა ვერ გაბედა ხელმწიფესთან წვევა, რადგან კარგად იცოდა, ურჩობისთვის დაისჯებოდა. და ომი გარდაუვალი შეიქნა.

მართალია, დავით მეშვიდეს სოლიდური ჯარი ჰყავდა, მაგრამ თორღვასაც არანაკლები ძალა უმაგრებდა ზურგს. ამიტომ მეფემ კახეთის დალაშქვრაზე ხელი აიღო და ამ პრობლემის მოგვარება ჯიქურს მიანდო. და მანაც თავი არ შეირცხვინა.

მესტუმრემ პანკელს ერისთავი ბერი ხორნაბუჯელი მიუგზავნა და უვნებლობის ფიცი მისცა. მაგრამ კახეთიდან გამოსული თორღვა პანკელი დედოფალ ჯიგდა-ხათუნის ჩაგონებით შეიპყრეს და მეფის დაუკითხავად გადააგდეს კლდეკარის ციხის ქონგურიდან...

დასაგმობია? მაგრამ როცა სასწორის ერთ მხარეს ქვეყნის ერთიანობა და ძმათა შორის სისხლისმღვრელი ომი დევს, მეორეზე კი ყალბად გაცემული ფიცი, ალბათ ფლიდობასა და ტყუილზე არავინ იტყვის უარს.

აღმშენებლობა და ქველმოქმედება 

მესტუმრე ჯიქური აღმშენებლობითი სამუშაოებითაც საკმაოდ აქტიურად იყო დაკავებული. მემატიანე ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, პირველ ვაზირს საჭირო სახსრები მოუძიებია და ისნის სამეფო სასახლე აუშენებ-აღუდგენია.

გარდა ამისა, როგორც ჩანს, პირველ ვაზირს თავისი მდაბიო წარმომავლობა არ ავიწყდებოდა და ბევრს ზრუნავდა ღარიბ-ღატაკებსა და ქვრივ-ობლებზე. უპოვართა დასაპურებლად პირად სახსრებსაც გულუხვად ხარჯავდა თურმე, რადგან თავად შვილი არ ჰყავდა. ამან მოსახლეობის დაბალ ფენებში მესტუმრეს დიდი სიყვარული და პოპულარობა მოუტანა... 

სამაგიეროდ ვაზირი სასტიკად სძულდა არისტოკრატიას. სანამ მისი მფარველი ჯიგდა-ხათუნი ცოცხალი იყო, ვერაფერს უბედავდნენ, მაგრამ 1251 წლის შემდეგ, რაც მონღოლი დედოფალი გარდაიცვალა (არ გამორიცხავენ, რომ ის სასახლის კარის ინტრიგებს შეეწირა), მესტუმრე ჯიქურის ძალაუფლების მზეც ჩაესვენა.

დედოფლის სიკვდილის შემდეგ დავით ულუმ რაჭის ერისთავ კახაბერის ასული გვანცა შეირთო ცოლად. მესტუმრე ჯიქური მეფისა და მისი ოჯახისადმი დიდი ერთგულებით გამოირჩეოდა (ჟამთააღმწერელი მას ასეთი სიტყვებით ამკობს: „ერთგული მეფეთა, უმეტეს ყოველთა კაცთა”), მაგრამ ღვარძლიანმა ჭორმა და დედოფლის განწყობამ ამ ადამიანის ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

გახდა თუ არა დედოფალი, გვანცამ ავად დაუწყო ცქერა სასახლის კარზე განდიდებულ მესტუმრე ჯიქურს. ამით ისარგებლეს გააზნაურებული მდაბიოსგან შევიწროებულმა დიდგვაროვნებმა. სუმბათ ორბელმა ჯიქურს ცილი დასწამა, თითქოს ის ილხანელ მონღოლთა ყაენ ჰულაგუს მეფის სიმდიდრეზე საიდუმლო ცნობებს აწვდიდა. არადა, ვერაგი და ფლიდი სუმბათ ორბელი თავად იყო ქართველთა მეფის ორგული და დიდი მანგუ ყაენის „ენჩუ“ (ანუ ყმა, ხასა). ამის თაობაზე სათანადო იარლიყიც (ბრძანება) ჰქონდა მონღოლთა ყაენისგან მიღებული, რაც მის ხელშუხებლობას უზრუნველყოფდა. სამწუხაროდ, მალემრწმენმა მეფემ ასეთი კაცის დასმენა მაინც სრულ ჭეშმარიტებად მიიჩნია და... 

განრისხებულმა დავით მეშვიდემ საწრაფოდ ვაზირის მოყვანა ბრძანა. ღამით დაეცნენ თავზე ჯიქურს, სახლ-კარი დაუქციეს, ქონება დაიტაცეს, მერე კი მხრებგაკრული მიიყვანეს ისნის სასახლეში.

მეფე აივანზე იჯდა და მტკვარს გადასცქეროდა. არც კი გაუხედავს ერთგული და ამაგდარი ვაზირისკენ, ნიშანი მისცა და უმალვე კლდიდან გადაჩეხეს მესტუმრე.  

მეორე დილით ტფილისელებმა მტკვრის ნაპირებზე იპოვეს გვამი ერთ დროს ყველაზე გავლენიანი ადამიანისა. მეფის მრიხანებას შეწირულ, უშვილძიროდ გადაგებულ ჯიქურს ჭირისუფლობა ქალაქის ღარიბებმა, გლახაკებმა და ქვრივ-ობლებმა გაუწიეს — ყველამ, ვისაც სიცოცხლეში პატრონობდა აღზევებული მდაბიო. მათ მეფეს მოციქული მიუგზავნეს და ჯიქურის გვამის დატირება-დაკრძალვის ნებართვა სთხოვეს. მეფემ დასტური მისცა.

მემატიანე წერს, „მრავალითა გოდებითა წარიღეს ჯიქურიო“.

მართლაც დიდის ამბით გააპატიოსნა მდაბიო ხალხმა უსამართლოდ შერისხული მფარველი გმირი, მრავალრიცხოვანმა სამგლოვიარო პროცესიამ წაასვენა მისი ცხედარი წმინდა ქალწულ ქრისტინას სახელობის ტაძარში და ეკლესიის ეზოში პატივით დაკრძალა...

 

თემები:
იცით თუ არა, რომ... (362)

მთავარი თემები