16:04 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
ხმალი ბრძოლის ველზე

სხვათა იმედად ყოფნის ტკივილი, ანუ როგორ იქცა ქართლი ირანის პროვინციად

CC0 / Pixabay
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
22120

ვანო სულორი

V-VI საუკუნეთა მიჯნაზე იბერიის სამეფო განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამიერკავკასია ირან-ბიზანტიის სამკვდრო-სასიცოცლlო ბრძოლის ასპარეზად იქცა. ირანელებმა ამიერკავკასიის მთლიანად ხელში ჩაგდება გადაწყვიტეს და ჯერ სომხეთში (428 წ.) გააუქმეს მეფობა, ხოლო შემდეგ, 510 წელს, სპარსეთის შაჰმა კავად პირველმა — ალბანეთში. ჯერი ქართლის სამეფოზე მიდგა.

სამწუხაროდ ვახტანგ გორგასლის მემკვიდრეები ვერ გამოდგნენ მაინცადამაინც დღეგრძელნი და სულ რაღაც 30 წლიან მონაკვეთში იბერიამ ხუთი მეფე გამოიცვალა. ძლიერ და ამბიციურ შაჰ კავადს საქართველოს გასპარსელება ჰქონდა გულში ამოჭრილი. მას უკვე აღარ აკმაყოფილებდა ქართველთა მეფის ფორმალური მორჩილება და იბერიის სატრაპიად გადაქცევა დაგეგმა.

სპარსელებს კარგად ესმოდათ, რომ სანამ ქართლი ქრისტიანულ ქვეყნად რჩებოდა, მისი ირანის პროვინციად გადაქცევა შეუძლებელი იყო. ამიტომ შაჰმა გურგენ მეფეს შეუთვალა, იბერიის მოსახლეობა მაზდეანობაზე მოექცია და ყოველგვარი საყოფაცხოვრებო ადათიც ამიერიდან სპარსული წეს-ჩვეულებით აღესრულებინა.

VI  საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის,  პროკოფი კესარიელის ცნობით, გურგენ მეფეს ევალებოდა, „სხვა რამეშიაც ისე მოქცეულიყო,  როგორც სპარსელებში იყო მიღებული და მიცვალებულებიც მიწაში კი არ დაემარხა, არამედ ყველა მიცვალებული ფრინველებისა და ძაღლებისათვის გადაეგდოთ“.

ეს არ იყო რჩევა, ეს იყო ბრძანება, რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულებულიყო.

ბუნებრივია, ქართველები მამაპაპურ ტრადიციებსა და ქრისტიანულ მრწამსზე უარის თქმას არ აპირებდნენ და გურგენ მეფეს აჯანყების მეტი აღაფერი დარჩენოდა. საამისოდ იუსტინე კეისართან გამართა მოლაპარაკებები. კეისარმა გაიხარა, ქართლის მეფეს არათუ მოუწონა განაზრახი, დახმარებასაც კი დაპირდა: რომაელები არასდროს სპარსელების ხელში არ ჩააგდებენ იბერებს, რომლებიც ქრისტიანები არიან და ამ სარწმუნოების წესებს ყველაზე უკეთ იცავენო.

სპარსელთა შესაშინებლად ბიზანტიის სამეფო კარმა პრობოს პატრიკოსი აფრინა ყირიმში ჰუნების დასაქირავებლად. უცნაურია, იუსტინეს თითქმის კბილებამდე შეიარაღებული ნახევარმილიონიანი არმია ჰყავდა და ჰუნები რაღა საჭირონი იყვნენ? აქედანვე ჩანდა, რომ თავად კეისარი არ აპირებდა ირანთან ომს.

ბიზანტიისაგან მხარდაჭერილმა იბერიელთა მეფე 523 წელს აჯანყდა. კავადს ბიზანტიელთა სამხედრო მზადება ანგარიშშიც არ ჩაუგდია და ირანელთა უზარმაზარი არმია საქართველოს მოადგა ბოეს მეთაურობით. სამწუხაროდ, მიუხედავად დაპირებისა, კეისარმა იბერიელებს დახმარება არ გაუწია. პატრიკოსი პრობოსიც ხელცარიელი დაბრუნდა ყირიმიდან, მხოლოდ პეტრე სტარტეგოსი მოვიდა გურგენის დასახმარებლად მცირერიცხოვანი ჯარით — იმდენად მცირიცხოვანით, რომ თავმოყვარე მეფე ამალადაც არ იახლებდა.

ბიზანტიამ იბერია გავეშებულ სპარსელებს კიდევ ერთხელ შეატოვა. ძალთა უთანაბრობა აშკარა იყო, ამიტომაც გურგენმა ხელი აიღო გენერალური ბრძოლის გამართვაზე და პარტიზანულ მოქმედებებზე გადავიდა. თუმცა შედეგი არც ამას მოჰყოლია. სპარსელებმა ქვეყანა გააპარტახეს, არ დაინდეს არც ქალი და არც ბავშვი. ასობით დასახლება აღგავეს მიწისაგან პირისა.

საგონებელში  ჩავარდნილმა გურგენმა ლაზიკას მიაშურა ერთგული ამალით, მაგრამ სპარსელები წამოეწივნენ იბერიელებს და უთანასწორო ბრძოლები გაუმართეს.  სკანდას ციხეს მიადგა გურგენი, მაგრამ  სპარსელებიც უმალვე იქ გაჩნდნენ, როგორც ჩანს, მოღალატეთა წყალობით, მათთვის ცნობილი ხდებოდა მეფის გადაადგილება. ქართველებმა დიდი გაჭირვებით მოიგერიეს მტერი და იქიდან  შორაპნის ციხეში გადავიდნენ. შორაპნის ციხესაც დაეცნენ სპარსელები. კარგა ხანს იგერიებდნენ სპარსელთა იერიშებს იბერიელები, ბოლოს მათ ლაზები მიეშველნენ და კავადის მეომრებს უკან დაახევინეს.

გურგენი  კონსტანტინეპოლის გზას დაადგა იმ იმედით, რომ კეისარი ჯარით დაეხმარებოდა. მაგრამ წლები გადიოდა, კეისარი კი მარტოოდენ დაპირებებით კვებავდა იბერიის მეფეს. ამასობაში გურგენის შვილები — პერანი, ბაკური და შვილიშვილი ფაზა ბიზანტიის სამხედრო სამსამსახურში შევიდნენ და იმპერიის აღიარებული სარდლები გახდნენ. მერე კი, 532 წელს, ბიზანტია ირანს დაუზავდა და ამით საბოლოოდ მოკვდა გურგენის სამშობლოში დაბრუნების უკანასკნელი იმედი.

იბერიაში კი „ვითარცა მეფობაი დაესრულა ქართლსა შინა, სპარსნი გაძლიერდეს“, — წერია „მოქცევაი ქართლისაის“ მატიანეში.

მარეთალია, იბერიაში გურგენის ძმა ნერსე გამეფდა, მაგრამ ქვეყნის რეალური ბატონ-ბატრონები სპარსელები იყვნენ. ხოლო ბიზანტიასა და სპარსეთს შორის გაფორმებული უვადო ზავის შემდეგ მასაც აუკრავს გუდანაბადი და კონსტანტინეპოლს გახიზნულა. 

პროკოფი კესარიელის ცნობით, ირანელები ქართველებს ნებას აღარ აძლევდნენ, საკუთარი მეფე ჰყოლოდათ. შაჰ კავადმა ირანის სახელმწიფოს რეორგანიზაცია მოახდინა და ოთხ მხარედ, ანუ კუსტაკად დაჰყო. კუსტაკი აერთიანებდა უფრო მცირე ადმინისტრაციულ ერთეულებს, შაჰრებს, რომლებსაც მარზპანები მართავდნენ. ქართლი, სომხეთი, ალბანეთი და ადარბადაგანი სწორედ ასე, შაჰრებად შევიდნენ კავკასიის კუსტაკის შემადგენლობაში.

ქართლის ქალაქებში ირანელებმა ჯარები ჩააყენეს და ქვეყნის მართვა-გამგეობის საქმეში ადილობრივი წარჩინებულები ჩართეს. მარზპანის გარშემო ქართლის დიდკაცობა იყო შეკრებილი, რომლებიც, ჯუანშერის ცნობით, სპარსელმა უფლისწულმა „წარიბირნა ლიქნითა“ (გადაიბირა დაყვავებით). სპარსელებმა ერისთავებს მემკვიდრეობით დაუმტკიცეს სამოხელეო და დროებით მიცემული ტერიტორიები.

ირანის შაჰს იმედი ჰქონდა, რომ იბერიელი არისტოკრატიის მოსყიდვითა და დაშინებით ქართლს დაამშვიდებდა, მაგრამ ქართლში დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლა არასდროს შეწყვეტილა და სპარსელებს გამუდმებით უწევდათ დიდი დანაკარგებით ჩაეხშოთ აჯანყებები...

მთავარი თემები