რაში იხარჯება მომავლის ენერგია, ანუ როგორ ატყუებენ დიდი კომპანიები ახალგაზრდებს

CC0 / Pixabay / ახალგაზრდა თანამშრომელი კაფეში
ახალგაზრდა თანამშრომელი კაფეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდები ძირითადად კერძო კომპანიებში საქმდებიან, სადაც მიზერული ხელფასის ფონზე მონური შრომა უწევთ. ეს კომპანიები ახალგაზრდების ენერგიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებას ანელებს. ეს მავნე პრაქტიკა სასწრაფოდ შესაცვლელია!

32 ლარი... სულ რაღაც 32 ლარი გადამიხადეს ჩემს წინა სამსახურში. არადა თვე-ნახევარი, დღეში ექვსი საათი ვიმუშავე ისე, რომ ერთ დღეც არ გამიცდენია. საშინელებაა, უნივერსიტეტიდან დაღლილი რომ მიდიხარ და კიდევ ექვსი საათი მუშაობ ყოველდღე იმის იმედით, რომ აღარ დაგჭირდება მშობლებს ფული გამოართვა. თუმცა, სულ ტყუილად… ახლა მეცინება იმაზე, როგორ გამაბითურა ერთმა დიდმა კომპანიამ, რომელიც საგანმანათლებლო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს, თუმცა არც ისე სასაცილო იყო მაშინ.

დღეს ასეთი პრობლემის წინაშე მრავალი ახალგაზრდა დგას. ან ჩემ ბედს რას ვჩივი, როცა საქართველოში 16 წლის მოზარდები იღუპებიან მშენებლობებზე მარტო იმიტომ, რომ ოჯახის რჩენა უწევდათ. ამ მდგომარეობაში ყველაზე საშინელი ისაა, რომ შრომის პირობების დარღვევისთვის იმ უსინდისო კომპანიებსაც ვერავინ უჩივის, რადგან რეალურად ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სამუშაო ნორმებს პრაქტიკულად არავინ იცავს.

ტყიბულის მაღარო - Sputnik საქართველო
რატომ იხოცებიან მაღაროელები საქართველოში და ვინ დაიცავს მათ უფლებებს?

18 წლის, სიცოცხლით სავსე რომ ხარ, უკვე სრულწლოვანი, ახლა იწყებ დამოუკიდებელ ცხოვრებას, გადაწყვიტე სამსახური დაიწყო. ბევრი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა, მოხვდი გასაუბრებაზე. დაგიხატეს იდეალური სამუშაო გარემო, იდეალური ანაზღაურებით. შენც ახალგაზრდა ხარ, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყურებ, ყველაფერს იჯერებ და წინ დადებულ კონტრაქტს ხელს ისე აწერ, რომ ბოლომდე არც კი კითხულობ. მორჩა, შენ უკვე ჩვენი დიდი ოჯახის წევრი ხარ, ამბობს დამსაქმებელი. ხელს გართმევს და ურცხვი სახით გილოცავს ამ ვითომდა წინ გადადგმულ ნაბიჯს. ეჭვიც არ გეპარება, რომ რამე შეიძლება ცუდად წავიდეს, შენი უფროსი ხომ ასეთი კარგი და კეთილი ადამიანი ჩანს, არა?

ჰოდა დგება პირველი სამუშაო დღე, ჯერ სტაჟირებას გადიხარ დაახლოებით ნახევარი თვე, რა თქმა უნდა, უხელფასოდ. ამ ტანჯვის შემდეგ უკვე იწყებ ნამდვილ სამსახურს.

ახალგაზრდები ძირითადად კერძო კომპანიებში და მარკეტებში საქმდებიან, აქ უმეტესად სამუშაო დროის გადაჭარბების პრობლემას ვხვდებით. „შრომის კოდექსის“ თანახმად, 18 წელს ზემოთ დასაქმებულის სამუშაო დრო კვირაში არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს, 16–18 წლის ასაკში – 36 საათს. თუმცა ეს არავის აინტერესებს, თანამშრომლებს კერძო კომპანიები 60 საათსაც ამუშავებენ კვირაში. 

CC0 / Pixabay / გამყიდველი გოგონები მაღაზიაში
რაში იხარჯება მომავლის ენერგია, ანუ როგორ ატყუებენ დიდი კომპანიები ახალგაზრდებს - Sputnik საქართველო
გამყიდველი გოგონები მაღაზიაში

სადღეღამისო 24-საათიან სამუშაო გრაფიკსაც ხშირად ვხვდებით. კანონმდებლობა ასეთი გრაფიკის პირობებსაც მკაფიოდ განსაზღვრავს. ხოლო ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების დროს დასაქმებულის მიერ სამსახურში ზედმეტად გატარებული საათები გაზრდილი რაოდენობით უნდა ანაზღაურდეს. თუმცა საქართველოში ამ მოთხოვნებს ყურადღებას არავინ აქცევს. მეტიც, თუ გაბედავ და ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას მოითხოვ, მაშინვე კარისკენ მიგითითებენ. დამსაქმებლისთვის გამოსავალი მარტივია: „თუ არ გინდა სამსახური, წადი!“

მშენებლობა - Sputnik საქართველო
2018 წელს სამუშაო ადგილზე 39 ადამიანი დაიღუპა

სამუშაო დროის გადაჭარბებასთან ერთად ახალგაზრდები მრავალ სხვა პრობლემას აწყდებიან. მაგალითად, კერძო კომპანიებსა თუ მარკეტებში დასაქმებულებს თავიანთ ძირითად მოვალეობებთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულებაც უწევთ, რაშიც არაფერს უხდიან. რაც შეეხება ხელფასებს, ხელფასის საშუალო მოცულობა დამწყებთათვის ძალიან დაბალია, შეიძლება 350 ლარიც იყოს, საიდანაც დასაქმებულებს დანაკლისებისა და ჯარიმების უსამართლო სისტემის გამო ანაზღაურების თითქმის ნახევარი ჩამოეჭრებათ, ხოლო ზოგ შემთხვევაში მთლიანი ხელფასიც კი უკავდებათ ხოლმე.

სტუდენტებისთვის პრობლემურია სწავლასთან სამსახურის შეთავსება, რადგან იშვიათია ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ადგილები. ამიტომ სტუდენტებს ხშირად 24-საათიანი გრაფიკით მუშაობა უწევთ, რადგან ასეთი გრაფიკით მხოლოდ ორ დღეში ერთხელ უწევთ სამსახურში მისვლა. შესაბამისად, მეორე, თავისუფალ დღეს, შეძლებისდაგვარად, სწავლას ახმარენ. მოგეხსენებათ, ღამისთევას, მით უმეტეს, ყოველ მეორე დღეს ორგანიზმისთვის ცუდი შედეგი მოაქვს. ღამენათევ სტუდენტს მეორე დღეს სწავლის ენერგია აღარ რჩება, რაც დიდად აზიანებს მის აკადემიურ მოსწრებას. რეალურად ასეთი სამსახური დასაქმებულს მთლიან დროს ართმევს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ჯანმრთელობაზე.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
გაფრთხილება დამსაქმებლებს: როდის კრძალავს კანონი არასრულწლოვნის დასაქმებას

ყველა ეს პრობლემა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ იყენებს კერძო ბიზნესი ქვეყნის ახალგაზრდა თაობის ენერგიას საკუთარი ინტერესებისთვის, რაც ახალგაზრდებს განათლების და განვითარების უფლებას ართმევს, საბოლოო ჯამში კი ქვეყნის განვითარების პერსპექტივასაც ძლიერ ზიანს აყენებს.

ქვეყნისთვის მთავარ საზრუნავს ახალგაზრდობა უნდა წარმოადგენდეს, რადგან საზოგადოების ზუსტად ამ ჯგუფზეა დამოკიდებული მომავალში ქვეყნის განვითარება. შესაბამისად, აუცილებელია წახალისდეს ახალგაზრდების დასაქმება და განათლება, რათა მომავალში ქვეყნის ბედი მაქსიმალურად კვალიფიციურ ხელში აღმოჩნდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0