16:37 15 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
ქალი ანგელოზის ფორმაში

სამყაროს მოწყობის ძველქართული ვერსია და ოქროსთმიანი ქალღმერთი

© CC0 / Pixabay
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
იცით თუ არა, რომ... (328)
39240

ჩვენი წინაპარი ქართველების შეხედულებები სამყაროს შექმნისა და აგებულების შესახებ საკმაოდ განსხვავებულია იმ უძველესი სისტემისაგან, რომელთანაც არის დაკავშირებული ბიბლიური ტრადიცია.

ქართველებს ქრისტიანობამდე საკუთარი და ყველასგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ სამყაროს მოწყობაზე. მათი აზრით, სამყარო სივრცეში (ანუ კოსმოსში) იყო განფენილი სფეროს სახით, რომელიც შემოსაზღვრული იყო ზღვით ან მთებით. ქვეყნის დასასრულს იდგა სიცოცხლის ხე (ზოგი ვერსიით – ბოძი, კოშკი, ციდან დაშვებული ჯაჭვი და ა.შ.). თავად სფერო შედგებოდა სამი ჰორიზონტალური და ორი ვერტიკალური ფენისაგან, რომლებიც შემდეგნაირად იყო განლაგებული:

  • სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა შუასკნელი, ანუ მიწის ზედაპირი თავისი ადამიანებით, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროთი;
  • მის ზევით განფენილი იყო ზესკნელი (ღმერთისა და ღვთისშვილების სამყარო);
  • ქვევით — ქვესკნელი, ანუ მიწისქვეშეთი, გარდაცვლილებისა და ყველანაირი ავი სულების სამყოფელი;
  • წინ — წინასკნელი, ნათელი, ბარაქიანი და, სავარაუდოდ, მომავლის სამყარო;
  • და უკან — უკანასკნელი, წარსულის ბნელი, მოულოდნელობებითა და ფათერაკებით სავსე სამყარო.

რაც შეეხება ვერტიკალურ სამყაროებს, ისინი ერთმანეთისგან გამოყოფილი იყო ჰაერითა და მიწით, ჰორიზონტალური კი — შვიდი (ზოგი მოსაზრებით, ცხრა) მთით ან ზღვით. 

ეს სისტემა შემოსაზღვრული იყო გარესკნელით. ერთი სკნელიდან მეორეში გადასვლა ღვთაებებს, გმირებს ან ნახევარღმერთებს შეეძლოთ. ადამიანი ამას მხოლოდ ღვთის ნებით დროებით ან გარდაცვალების შემდეგ ახერხებდა.

სიცოცხლის ხის გარდა სამყაროებს შორის დაკავშირება შესაძლებელი იყო სასწაულმოქმედი ზღაპრული არსებების (ცხენი, არწივი, ცხვარი, ფასკუნჯი და სხვ.) მეშვეობით.

ქვესკნელთან დაკავშირებით ერთი ასეთი მოსაზრება არსებობდა: მთელი ქვეყნიერების დარდი და ტკივილი ბალღამად იჟონება მიწაში. იქ დიდი თასი დგას და ამ თასში გროვდება. მთელი წელი უნდა მის ავსებას. წელიწადში ერთხელ ყველა ავსული გროვდება ამ თასთან და ძალების განსამტკიცებლად თითო პეშვ ბალღამს მიირთმევს, სანამ თასი არ დაცარიელდება. თურმე ასე გრძელდება წლობით. ეს აძლევდა უშრეტ ძალას ავსულებს.

მათ საპირწონედ არსებობდნენ ხვთისშვილები, ღმერთები და ნახევრად ღმერთები, რომელთა უმთავრეს მოვალეობას ამ ავსულებისგან ადამიანთა დაცვა წარმოადგენდა. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ღმერთები ადამიანებს ურჩობისთვის თავადაც სჯიდნენ. სასჯელი სხვადასხვაგვარი იყო, უმეტეს შემთხვევაში ურჩებს თავს ავადმყოფობებს ატეხდნენ. 

ეს საქმე ებარათ ძირითადად ქალ-ღმერთებს. აღმოსავლეთ საქართველოსა და მთაში ესენი იყვნენ ე.წ. დობილები ან მოდეები. ერთ და ალბათ მთავარზე — სამძივარ ხელ-ყელღილიანზე უკვე გესაუბრეთ. ახლა მისი მსგავსი ქალღმერთის შესახებ მოგითხრობთ.

დალის კულტი უძველესია და უმთავრესად კოლხეთის დაბლობსა და სვანეთში გვხვდება. ქართული მითოლოგიის თანახმად, ნადირობის ქალღმერთი და ველური ცხოველების მფარველი, მზეთუნახავი დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც გადმოშვებულია მისი ოქროს თმები. სამძივარის მსგავსად დალიც მაქციაა, შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის, ფრინველის, ან სხვა ქალის სახით. არ ერიდება სასიყვარულო ისტორიებს მონადირეებთან. მისი რჩეული საოცრად წარმატებული იქნება მანამ, სანამ მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. პირობის დამრღვევი აუცილებლად იღუპება.

ერთი ლეგენდის მიხედვით, დალის მონადირისთვის რიდე უჩუქებია, ამ უკანასკნელს ხალხში გამოუჩენია დალის ნაჩუქარი და მაშინვე სანადიროდ წასვლის სურვილს აუტანია. ორი მეგობრის თანხლებით საჯიხვეები მოუნახულებია და მთიდან წამოსულ უზარმაზარ ზვავს ჩაუტანია, მეგობრები კი გადარჩენილან. 

მეორე მონადირის, ვინმე ნუას შვილს მამის სკივრი გაუხსნია და იქ დალის საჩუქარი უნახავს. შინ დაბრუნებული ნუა ლოგინად ჩავარდნილა და ვეღარც ამდგარა. სიკვდილის წინ ყველა გარეთ გაუსტუმრებია. წყნარი მოთქმის ხმაზე შვილებს სარკმელში შეუჭყეტიათ და დაუნახავთ, რომ მომაკვდავს დალები (აქ ასე, მრავლობითში მოიხსენიება) დასტიროდნენ და აცმევდნენ. სარკმელზე მტრედი მჯდარა, მთელი დღე გულსაკლავად ღუღუნებდაო, ხოლო ნუას ხელი, რომელსაც დალი გულში იკრავდა, ვეღარ გაუსწორებიათ.

ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ლეგენდა მაინც დალისა და მამაცი მონადირე დარჯალანის (ზოგი მკვლევარის აზრით, მონადირის სახელი უცნობია) სასიყვარულო ისტორიაა, რომლის შედეგადაც ქვეყნიერებას ქართული მითოლოგიის ყველაზე ცნობილი გმირი — ამირანი მოევლინა. ლეგენდა ამირანის შესახებ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ ამბის მოყოლით ვერ შემოვიფარგლები. ამიტომ ამ თემას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

 

თემები:
იცით თუ არა, რომ... (328)

მთავარი თემები