08:00 19 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0995
  • 100 RUB4.3046
  • USD2.7664
Журналист меняет профессию - добрый аптекарь

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: კეთილი აფთიაქარი

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
შოთა ნოზაძე
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას (13)
16010

რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტმა ფარმაცევტის ასისტენტის როლი მოირგო და მოგვიყვება, თუ როგორია აფთიაქში გატარებული ერთი სამუშაო დღე.

„ვფიცავ აპოლონ მკურნალსა, ყველა ღმერთსა და ქალღმერთსა, მოწმეებად ვრაცხ რა მათ, რომ კეთილსინდისიერად, ჩემის ძალ-ღონისა და ჩემის მიხვედრილობის შესაბამისად აღვასრულებ ვალდებულებას“... მაგრამ ჰიპოკრატეს ფიცი აფთიაქში შესვლისთანავე გამაწყვეტინეს. მე კი, პროფესია კიდევ ერთხელ უნდა შემეცვალა და ფარმაცევტის როლი მომერგო...

Журналист меняет профессию - добрый аптекарь
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას - ფარმაცევტი

პროფესიის არჩევა პრეპარატების რაოდენობის ზრდამ განაპირობა. უფრო და უფრო რთული ხდება აფთიაქარმა მიიღოს რაციონალური გადაწყვეტილება – შეარჩიოს პრეპარატები, რომლებიც მინიმალური დანახარჯის პირობებში მაქსიმალურ ეფექტს მოგვცემენ. აფთიაქარი კი ამ დავთარზე არასდროს დაგელაპარაკებათ.

ამასთან ერთად, არის კიდევ ერთი თემა: თუ აფთიაქში შესულს, თეთრ ხალათში შემოსილი ლამაზი აფთიაქარი წნევას გაგიზომავთ, მაჯაზე ხელს დაგადებთ და თქვენ კი ამ დროს პულსი აჩქარებული არ გაქვთ, გირჩევთ ყოველი შემთხვევისთვის მიმართოთ ექიმს... მე კი ვეცდები, სათქმელი ექიმის ხელწერაზე გასაგები იყოს და მოგიყვეთ, თუ რამ ამიჩქარა გული.

Журналист меняет профессию - добрый аптекарь
© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას - ფარმაცევტი

აფთიაქში შესვლამდე - პულსი 65-70

სააფთიაქო სფეროში სამუშაო დღის დაწყებისას პულსის დარეგულირება მაშინ იყო ადვილი, როცა აპოლონ მკურნალს მხოლოდ შორიდან ვიცნობდი და ვიცოდი, რომ აფთიაქიდან გარდა სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და ფარმაცევტული პროდუქტისა, მომხმარებელმა უნდა წაიღოს იმედი და პოზიტივი. რატომ? იმიტომ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობა და არა მხოლოდ დაავადების ან უძლურობის არარსებობა.

თუმცა აპოლონ მკურნალმა ყველაფერი გაართულა, როცა თავის ენაზე ამალაპარაკა: იცოდით, რომ ავადმყოფი საშუალოდ 4-დან 12-მდე სხვადასხვა წამალს ღებულობს? ძირითადად მოთხოვნადია არასტეროიდები ანუ ტკივილგამაყუჩებლები, გრიპისა და გაციების სამკურნალო საშუალებები და გასტრო-ენტეროლოგიური მედიკამენტები. წამალი კი ის განსაკუთრებული პროდუქტია, რომელიც მხოლოდ სპეციალისტის ხელშია ეფექტური და უვნებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.

აფთიაქში არსებული მედიკამენტური და სახარჯი მასალების მარაგის ვარგისიანობის კონტროლი აფთიაქარებთან ერთად სახალისოც კი იყო,  როცა თავი მეტყველების გაკვეთილზე გგონია და წამლების დასახელება ენის გასატეხად გეჩვენება: არლევერტი, ადენურიკი, ანდროკური, მედოტილინი, კლოპიდოგრელი, ჯიაჩელა და კიდევ აფთიაქარმა უწყის რა.

შემდეგ ამას მოჰყვა პროდუქციის შესაბამისი ფორმით მიღება-აღრიცხვა და დადგენილი წესით გაცემა; დოკუმენტაციის წარმოება, შემოსულ რეცეპტებისა და მოთხოვნების შესაბამისად საჭირო მასალების დროული მომზადება და გაცემა.

აპოლონ მკურნალმა დაიბარა - განსაკუთრებულ ნივთს შესაბამისი მოვლა სჭირდებაო და შესაბამისად ჩვენც მედიკამენტური მარაგის ზუსტი აღრიცხვა ვაწარმოეთ, პროდუქციის პროგრამული და სასაწყობე ნაშთები შევადარეთ, სექციები მოვაწესრიგეთ და პროდუქციის დადგენილი წესის დაცვით განვალაგეთ, გავეცანი მედიკამენტების ანოტაციებს და აფთიაქარის სასწორზე დღევანდელი დღეც აიწონა.

პულსი 70-75

სასწორის ერთი მხარე გადაწონეს მოქალაქეებმა, რომლებსაც პრეზერვატივების შეძენის კომპლექსი აწუხებთ. როდესაც ვეკითხებოდით რა ზომის პრეზერვატივი უნდოდათ წითლდებოდნენ და მორიდებით ამბობდნენ: „ყველაზე დიდი“-ო. იყვნენ პაციენტებიც, რომლებსაც ჩივილები ჰქონდათ, დიაგნოზის დასმას და რჩევებს კი ჩვენგან ელოდნენ.

სასწორის მეორე მხარეს იყვნენ ძირითადად ხანში შესული მოქალაქეები, რომლებიც ახალ მედიკამენტებს უნდობლად უყურებდნენ და ათეულობით წლების წინანდელ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ისევ იმ წამლის ფირფიტებს ითხოვდნენ. როდესაც უკეთესი სამკურნალო საშუალება შევთავაზეთ ერთმა ისიც კი გვითხრა თქვენი მარაგის „გასაღება“ გინდათო. ჩვენ კი ვუღიმოდით და ვეკითხებოდით: „კიდევ რით შემიძლია დაგეხმაროთ?“ ასე მოიმატა პულსმა სამუშაო დღის შემდეგ.

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას - კეთილი აფთიაქარი

პულსი - 100 / ტაქიკარდია

დღის ბოლოს პროფესიული მოტივაცია ისევ მოწოდების სიმაღლეზე რჩება - იყო ფარმაცევტი ნიშნავს თეთრი ხალათი ხალხის სიყვარულით მშვიდად მოირგო და კომიქსის გმირივით ყოველთვის მზად იყო მათ დასახმარებლად... ისევე, როგორც აპოლონ მკურნალი.

ეჰ, აპოლონ, აპოლონ...მინდოდა შენს ენაზე კიდევ მესაუბრა, მაგრამ თეთრ ხალათიანმა აფთიაქარმა პროფესიისთვის დამახასიათებელი მშვიდი ხმით მითხრა, რომ თურმე, ფარმაცევტები აპოლონ მკურნალს არ მიმართავენ და ჰიპოკრატეს ფიცს არ დებენ. შემდეგ ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე მისურვა და აფთიაქარის ნორჩ მოსწავლეს წნევის გაზომვა შემომთავაზა...

 

თემები:
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას (13)

მთავარი თემები