ეს ქუჩა დღეს მისი სახელობისაა. სიმონ ვირსალაძე ტფილისში კი დაიბადა, მაგრამ სხვა უბანში. მშობლებთან და დებთან — თინასა და ელენესთან ერთად პეტრე დიდის, დღევანდელ პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ცხოვრობდა. ამ სახლში კი 1958 წელს დაიდო ბინა.
წლების განმავლობაში ლენინგრადის კიროვის სახელობის (დღევანდელი მარიას თეატრი) და მოსკოვის დიდ თეატრებში მუშაობდა მთავარ მხატვრად. როცა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა, დას, ელენეს სთხოვა მოეგვარებინა გადმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები. სოლიკოს (ამ სახელით იცნობდა მას თეატრალური სამყარო და მთელი საქართველოც) საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა. სწორედ ელენემ შეურჩია რამდენიმე ვარიანტი და ტელეფონით აცნობა ძმას: ბინა ახალ სახლში, აპარტამენტები ძველებურ შენობაში და სამოთახიანი ბინა ერთსართულიან კერძო სახლში — ცის ვაზის ბაღით.
ბატონი სოლიკოს დისშვილი, მანანა ხიდაშელი ამბობს – ბიძიამ წამში მიიღო გადაწყვეტილება და დედას უთხრა, ცისვაზიანი სახლი მინდაო. და არასდროს უნანია არჩევანი, მიუხედავად იმისა, რომ სახლი კეთილმოუწყობელი იყო. პირიქით, შენობისგან, რომელშიც 50-იან წლებამდე საბავშვო ბაღი იყო განთავსებული, ნამდვილი შედევრი შექმნა: ერთი ოთახი სამზარეულოდ და საპირფარეშოდ გაყო, დანარჩენები კი ძველებური ავეჯით გააწყო, ბიბლიოთეკის ჭერი სპარსული ჩუქურთმებით შეამკო და მყუდრო კაბინეტი მოიწყო.
უსათუოდ უნდა მენახა ეს სახლი…
გარედან ერთი ჩვეულებრივი, ნაცრისფერი ნაგებობა აღმოჩნდა. ბიბლიოთეკის ფანჯარა დაჩრდილულ ეზოში გამოდის — ფანჯარა, რომლის მიღმაც დაიბადა არაერთი ზღაპრული სპექტაკლი, სოლიკო ვირსალაძის მიერ გაფორმებული.
სწორედ ამ კედლებში გაჩნდა „სპარტაკი“ — იური გრიგოროვიჩის მიერ დადგმული ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ბალეტი. ვირსალაძე და გრიგოროვიჩი ჯერ კიდევ ლენინგრადში დამეგობრდნენ, როცა უკვე ცნობილი მხატვარი კიროვის თეატრის კორდებალეტის ახალგაზრდა მოცეკვავის სპექტაკლის სანახავად მივიდა. ამ ყმაწვილისთვის ბედისწერას ХХ საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ ქორეოგრაფად ქცევა განესაზღვრა.
მათი პირველი ერთობლივი ბალეტი პროკოფიევის მუსიკაზე შექმნილი ბალეტი „ქვის ყვავილი“ იყო. სპექტაკლის პრემიერა 1957 წელს შედგა ლენინგრადში… და გრიგოროვიჩ-ვირსალაძის თანამშრომლობა კიდევ ოთხი ათეული წლის განმავლობაში გაგრძელდა.
მანანა ხიდაშელი იხსენებს, რომ გრიგოროვიჩი მოსკოვიდან რამდენიმე დღით ჩამოდიოდა, მიდიოდა სოლიკოსთან, ჩართავდნენ მაგნიტოფონს, დილიდან დაღამებამდე უსმენდნენ საბალეტო მუსიკას და ფანტაზიორობდნენ.
სოლიკო ვირსალაძე, თურმე, თავადაც დადიოდა ბალეტზე ქართული ბალეტის ფუძემდებლად აღირებულ იტალიელ ქორეოგრაფთან მარია პერინისთან, რომელსაც კომენდანტის ქუჩაზე, კომერსანტ არშაკუნის სახლში დაარსებული სამხატვრო აკადემიის ფლიგელში ჰქონდა სტუდია 1937 წლამდე.
თუმცა, საბოლოოდ მაინც ხატვის სიყვარულმა სძლია ცეკვისას — სოლიკო ვირსალაძე ჯერ მოსე თოიძის სამხატვრო სასწავლებელში შევიდა, მერე კი მოსკოვისა და ლენინგრადის სამხატვრო ინსტიტუტებში განაგრძო სწავლა…
თუმცა ბალეტს მაინც ვერ შეეშვა. სოლიკო შესანიშნავად ერკვეოდა ბალეტში და სიღრმისეულად შეიგრძნობდა ცეკვას. სწორედ ამიტომ შეუცდომლად არჩევდა დეკორაციებს წარმატებული სპექტაკლისთვის.
პირველი ქორეოგრაფი, ვისთანაც სოლიკო ვირსალაძემ იმუშავა საქართველოში, დიდი ვახტანგ ჭაბუკიანი იყო. თუმცა მხატვარმა ნამდვილი შედევრები მაინც იური გრიგოროვიჩთან დუეტში შემქნა. და სულაც არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვირსალაძეს ამ გენიალური ქორეოგრაფის თანაბარუფლებიან თანაავტორს ვუწოდებთ.
როცა ვირსალაძის სახლის ზღურბლს პირველად გადავაბიჯე, თვალში მყის მეცა მაკნატუნას დიდი თოჯინა, რომელიც წითელი ხისგან ნაკეთებ დივანზე დაებრძანებინათ. მანანა ხიდაშელს სახლში ყველაფერი ზუსტად ისე აქვს შენარჩუნებული, როგორც ბიძამისის სიცოცხლეში იყო.
სოლიკო ვირსალაძე 1989 წელს გარდაიცვალა. როცა მისი გამოჯანმრთელების იმედი გადაიწურა, მანანა ხიდაშელმა ბიძა კრემლის საავადმყოფოდან თბილისში წამოიყვანა. მანამდე კი ის და მისი ვაჟი ლევან აბაშიძე, ახალგაზრდა, იმედისმომცემი მსახიობი მორიგეობით, თვეში რამდენჯერმე დაფრინავდნენ მოსკოვში სოლიკოს მისახედად. აფხაზეთის ომში 1993 წელს დაღუპული ლევანის ფოტო ოთახში ყველაზე გამოსაჩენ ადგილზეა გამოფენილი.
ახლა ამ სახლში მანანა მარტო ცხოვრობს. შვილიშვილის ჩამოსვლას ელოდება ბრიტანეთიდან — ელენე, მისი უფროსი ვაჟის, ირაკლის ქალიშვილი ლონდონში სწავლობს… ცხოვრობს და ბიძის არქივს სწავლობს. ხანდახან ისეთ უნიკალურ დოკუმენტს გადააწყდება ხოლმე, რომ…
ერთ-ერთი ვიზიტისას მითხრა, ძლივს ვაჯობე თავს და საწერი მაგიდის უჯრა გამოვაღე, რომლისთვისაც სოლიკოს გარდაცვალების დღიდან, ამდენი წლის განმავლობაში ხელი არ მიხლიაო და შავი ტუშით დახატული პორტრეტი მაჩვენა — ახალგაზრდა, ლამაზი ქალის პორტრეტი. ვინ არის-მეთქი, ვკითხე.
და ქალბატონმა მანანამ სიყვარულის ისტორია მიამბო.
სოლიკოს ყმაწვილობაში მარიამ ბაგრატიონი შეჰყვარებოდა — საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონის ქალიშვილი. თუმცა ეს ტიტული უკვე მხოლოდ ცარიელი სიტყვებიღა იყო.
1801 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ბაგრატიონებმა ტახტი დაკარგეს. საუკუნეზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ კი, 1931 წელს, როცა ქვეყანა უკვე საბჭოთა იმპერიის ნაწილი იყო, გიორგი მუხრანბატონის ოჯახი ევროპაში გადაიხვეწა, ვინაიდან აქ დარჩენა მათთვის უკვე სახიფათო იყო.
მაგრამ მარიამი მალევე დაბრუნებულა ტფილისში სატრფოსთან ერთად — საფრანგეთში საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი შეჰყვარებოდა, რომელიც, როგორც ამბობენ, დაბრუნებიდან მოკლე ხანში დაუხვრეტიათ.
მარიამ ბაგრატიონი კი მშობლების ყოფილ სახლში დაბინავებულა, სადაც ახალ ხელისუფლებას მისთვის ერთი პაწია ოთახი გამოეყო პირველ სართულზე.
მარიამი კარგად ხატავდა — სამხატვრო ოსტატობას პარიზსა და ნიცაში დაუფლებოდა. დეკორაციებს აფორმებდა ოპერაში. სწორედ იქ გაიცნო სოლიკო ვირსალაძე და… ეს იყო ერთი ნახვით სიყვარული, რომელიც მხოლოდ იმის გამო შეწყდა, რომ მარიამი დააპატიმრეს.
დაკითხვებზე გამომძიებელი მისგან მოითხოვდა, აღიარე, რომ თავადიშვილი ხარო, რაზეც მარიამი გამუდმებით პასუხობდა ერთსა და იმავეს: „ეს სიცრუეა!“ ბოლოს, როცა გამომძიებელი გაცოფდა, მარიამ ბაგრატიონმა პასუხი შეცვალა:
— თავადის ტიტულის მიღება ნებისმიერ ბოშა ქალს შეუძლია, თუ თავადს გაჰყვება ცოლად. მე კი მეფის ასული ვარ!
საბოლოოდ, მარიამ ბაგრატიონს ბრალი არარსებულ დანაშაულებში დასდეს და გადაასახლეს. პატიმრობაში ხატვის უნარი დიდად გამოადგა — კლუბში გაამწესეს კედლის გაზეთების გამფორმებლად.
სოლიკო მარიამს პროდუქტების ამანათებსაც უგზავნიდა და ფულსაც, მაგრამ ერთსაც და მეორესაც ბანაკის ხელმძღვანელობა და ზედამხედველები ითვისებდნენ. ალბათ ამიტომაც არ დაიჯერა ბაგრატიონების ასულმა, რომ სოლიკოს ის ამ წლების განმავლობაში არასდროს დავიწყებია და შეძლებისდაგვარად დახმარებასაც ცდილობდა. თბილისში დაბრუნებულმა მარიამ ბაგრატიონმა სოლიკოსთან შეხვედრაზე უარი თქვა.
მხატვარს თავის მართლება არც უცდია — ეს ღირსების შელახვად მიიჩნია. უფრო მეტიც, საერთოდ გვერდს უქცევდა გუდიაშვილის ქუჩას, სადაც მარიამი ცხოვრობდა…
და აი, წლების შემდეგ გაირკვა, რომ მარიამ ბაგრატიონი მართლაც არ დავიწყებოდა. მისი პორტრეტი საწერი მაგიდის უჯრაში ედო ყველასგან მალულად — ყველაზე ახლო ადამიანებსაც კი არ აჩვენებდა.
გაგრძელება იქნება