20:05 21 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2410
  • 100 RUB4.5787
  • USD2.8845
სერგეი პროკუდინ-გორსკი

სერგეი პროკუდინ-გორსკი - მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კარის ფოტომემატიანე

ავტორები
მოკლე ბმულის მიღება
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (31)
19001

პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“ ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას იმავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული. წინამდებარე ნარკვევში ავტორი რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის პირადი ფოტოგრაფის სერგეი პროკუდინ-გორსკის შესახებ მოგვითხრობს.

ბესიკ ფიფია

მსოფლიოში პირველი ფერადი ფოტოგრაფია და ფერადი კინემატოგრაფია სერგეი პროკუდინ-გორსკიმ გამოიგონა. იგი სანკტ-პეტერბურგში დაიბადა 1863 წელს. სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში და სამხატვრო აკადემიაში, მუშაობდა ქიმიის საკითხებზე დიმიტრი მენდელეევის საუნივერსიტეტო ლაბორატორიაში, სწავლობდა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში.

ფერადი გამოსახულების მიღების მეთოდი პროკუდინ-გორსკიმ XX საუკუნის დასაწყისში გამოიგონა. ის ჩვეულებრივი შავ-თეთრი ფოტოფირფიტებისა და საკუთარი კონსტრუქციის სპეციალური ფოტოაპარატის საშუალებით ერთი და იმავე სიუჟეტის სამ სურათს იღებდა სამი სხვადასხვა ფოტოფილტრით — ლურჯით, მწვანეთი და წითელით. შემდეგ მზადდებოდა დიაპოზიტივები, რისი პროექცირებაც ხდებოდა ეკრანზე სპეციალური დიაპროექტორით. შედეგად ეკრანზე ჩნდებოდა ფერადი გამოსახულება.

სერგეი პროკუდინ გორსკი - მდინარის პირას ბათუმის მახლობლად
საქართველოს ეროვნული არქივი
სერგეი პროკუდინ გორსკი - მდინარის პირას ბათუმის მახლობლად

საიმპერატორო კარის წინაშე საკუთარი ნამუშევრების წარდგენა ფოტომხატვარმა ცარსკოე სელოში მოაწყო. ნიკოლოზ II ნანახით აღფრთოვანებული დარჩა და უმალვე დაავალა პროკუდინ-გორსკის, გადაეღო რუსეთის იმპერიაში შემავალი ყველა ოლქის ცხოვრების ამსახველი მხარეები, და ამისთვის ფოტოგრაფს ორი სპეციალური ნებართვაც მისცა. პირველში ნათქვამი იყო, რომ მისი საიმპერატორო უდიდებულესობა ნებას რთავს მას, შევიდეს ნებისმიერ ადგილზე, გასაიდუმლოების როგორი დონეც არ უნდა მოქმედებდეს იქ, და ფოტოზე გადაიღოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებიც კი. მეორე დოკუმენტში ყველა ოფიციალურ პირს მოუწოდებდნენ, ხელი შეეწყოთ პროკუდინ-გორსკისთვის „ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს". მოგზაურობისთვის ფოტოგრაფს გამოუყვეს პულმანის ვაგონი, რომელშიც ფოტოლაბორატორიაც მოეწყო.

ბორჯომში, მინერალურ წყაროსთან, ფოტოს ავტორი - სერგეი პროკუდინ-გორსკი
საქართველოს ეროვნული არქივი
ბორჯომში, მინერალურ წყაროსთან, ფოტოს ავტორი - სერგეი პროკუდინ-გორსკი

1909-1915 წლებში პროკუდინ-გორსკიმ ფოტოაპარატით ხელში იმოგზაურა საქართველოში. გადაიღო რამდენიმე ათეული სურათი, მათ შორის — ბათუმში, ჩაქვში, სოხუმში, ახალ ათონში, გაგრაში, ბორჯომში, თბილისში. ოსტატმა აღბეჭდა ბუნება, არქიტექტურა, წარმოება, ყოფა-ცხოვრება, სოფლის მეურნეობა, ქართველების კოსტიუმები. მდინარე მეფისწყალზე კი პროკუდინ-გორსკიმ საკუთარი ფოტოსურათიც გადაიღო. სურათები იმდენად მკაფიო, ცოცხალი, მდიდარია, თითქოს დღეს არის გადაღებული ძვირფასი იაპონური ტექნიკით.

ხედი ტიფლისზე მამადავითის მონასტრიდან. ფოტოს ავტორი - სრეგეი პროკუდინ-გორსკი
საქართველოს ეროვნული არქივი
ხედი ტიფლისზე მამადავითის მონასტრიდან. ფოტოს ავტორი - სრეგეი პროკუდინ-გორსკი

1917 წლის რევოლუციის შემდეგ პროკუდინ-გორსკი რუსეთიდან ემიგრაციაში წავიდა და თან წაიღო თავისი თითქმის მთელი არქივი, რომელიც ფოტოფირფიტების 20 ყუთს შეადგენდა. მას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სამეფო ოჯახის წევრების ფოტოების გატანის ნება არ მისცეს. იგი დასახლდა პარიზში, სადაც 1944 წელს გარდაიცვალა. ოთხი წლის შემდეგ პროკუდინ-გორსკის შვილმა 5000 დოლარად გაყიდა კოლექცია — 1900 მინის ნეგატივი და 14 ალბომი, რომელიც შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა და დღემდე იქ ინახება.

2000 წელს პროკუდინ-გორსკის ფოტოების ელექტრონული ვერსიები დამზადდა, 2007 წელს კი ქართული თემატიკისადმი მიძღვნილი მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, შემდეგ კი საჩუქრად გადაეცა ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს.


თემები:
„დიდი ადამიანები საქართველოში“ (31)

მთავარი თემები