04:13 16 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0299
  • 100 RUB4.0185
  • USD2.6818
საბა მიგრიაული

არასტანდარტული მოგზაურობა: მაროკო, ბარსელონა, კანარის კუნძულები და 250 ევრო საჩუქრად

© FB / Saba Migriauli
ცნობილების ვოიაჟი
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
26830

გიმოგზაურიათ აფრიკასა და ევროპაში, სამ ქვეყანასა და რვა ქალაქში ათ დღეში და მიგიღიათ 250 ევრო საჩუქრად ამ ყველაფრისთვის? 

თუ არა, მაშინ ჩვენი რუბრიკის სტუმარი საბა მიგრიაული გიამბობთ არასტანდარტული მოგზაურობის შესახებ.

საბა მიგრიაული
საბა მიგრიაული
საბა მიგრიაული: ჩვენი პირველი გაჩერება იყო ტანჟირი, მაროკო, სადაც ქუთაისიდან ბარსელონის გავლით ჩავედით. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე გადავწყვიტეთ, რომ ნაცვლად ტაქსის დაქირავებისა ან ავტობუსის მოძებნისა, ავტოსტოპით წასვლა გვეცადა. მცდელობა საკმაოდ წარმატებული გამოდგა. თერთმეტნი ვიყავით და ორ ნაწილად გავიყავით. ორივე ჯგუფს, ფაქტობრივად, პირველივე მანქანებმა გაგვიჩერეს.

ჩვენი მძღოლი ისეთი პოზიტიური ადამიანი გამოდგა, ცოტა მეწყინა კიდეც, რომ ჩვენთან ერთად არ აგრძელებდა მოგზაურობას. თანაც აღმოჩნდა, რომ საქართველოზეც იცოდა, თბილისზეც და ჩვენ მიმართაც კარგად იყო განწყობილი.

სახელები გამოგვკითხა და ჩემი რომ ვუთხარი, უცებ გაჩერდა და ჩამეკითხა:

- საბაა?!

ცოტა სასაცილოა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, საბა მათ ყველაზე დიდ დედოფალს რქმევია. ჰო, დედოფალს! რაღა ჩვენი თამარ მეფე და რაღა იმათი საბა დედოფალი.

ასე საუბარ-საუბარში მიგვიყვანა Old Medina-ში, საითაც თვითონ საერთოდ არ ჰქონდა გზა, უბრალოდ, პატივი გვცა. არადა, ქალაქის მეორე ბოლოში იყო.

ტანჟირში სულ რამდენიმე საათით გავჩერდით და მსოფლიოს ყველაზე ლურჯ ქალაქში – შიფშაუენში გადავინაცვლეთ.

შიფშაუენი

შიფშაუენი-მაროკო
შიფშაუენი-მაროკო

მაროკოელები რომ ზემეგობრული ხალხია, ამის პირველი გამოვლინება სწორედ შიფშაუენში ვიხილეთ. თუ ქუჩაში შეგამჩნიეს, რომ რაიმეს ეძებ, მაშინვე მოგცვივდებიან დახმარების სურვილით გამსჭვალულნი. ასე მოხდა ჩვენ შემთხვევაშიც.

ტაქსის მძღოლს ვუთხარით, რომ სასტუმროში მივეყვანეთ და მისამართიც მივეცით. ქალაქის ცენტრში რომ შევედით, გააჩერა მანქანა და გვითხრა, აღმართს აუყევით და თქვენი სასტუმროც იქვეაო. გადმოვედი მანქანიდან და გავხედე აღმართს. ამ დროს საიდანღაც გაჩნდა რამდენიმე მაროკოელი, რომლებიც დაინტერესდნენ, რას ეძებო. ვანახე სასტუმროს მისამართი. მითხრეს, ეგ სასტუმრო 2-3 კილომეტრშია აქედანო. თუმცა დასაზუსტებლად მაინც გადარეკეს სასტუმროში, გაარკვიეს, სად იყო, მერე კი ერთ-ერთი ტაქსიში შეხტა და, ფაქტობრივად, დაუკითხავად წამოვიდა ჩვენთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ტაქსის მძღოლს ერთი სული ჰქონდა, როდის მოგვიშორებდა თავიდან, მისმა მოძმე მაროკოელმა მაინც სასტუმროს კარამდე მიაყვანინა ჩვენი თავი. 

შიფშაუენი-მაროკო
შიფშაუენი-მაროკო

მაროკო მარიხუანისა და ჰაშიშის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში და რეალურად მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყაროც ეს არის. ამიტომ ტურისტულ ადგილებში, ყველა თუ არა, ყოველი მეორე მაინც მარიხუანას გთავაზობს. ისე კი, მარიხუანისა და სხვა ნარკოტიკების მოხმარება ლეგალიზებული არ არის. ამ „სიკეთეს” სულ უცხოელებისთვის ამზადებენ „ჯიგრები“...

ქალაქის ფერი სათავეს 1930-იან წლებიდან იღებს, როცა სეფარდიელმა ებრაელმა ლტოლვილებმა, ღმერთის ძალის შესახსენებლად, თავიანთი სახლები და კედლები ლურჯად შეღებეს. მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ებრაელი მოსახლეობა ნელ-ნელა ჩანაცვლდა მუსლიმებით, მათი გავლენა დიზაინსა და ისტორიაზე ისევ ბატონობს – ქალაქს კვლავ ლურჯი იერი აქვს.

თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც, ებრაელებს უბრალოდ სჯეროდათ, რომ ლურჯი ფერი კოღოებს განიზიდავდა...  

ფეზი-მაროკო
ფეზი-მაროკო

პრინციპში, ლურჯი მხოლოდ ტურისტული ზონაა, ანუ Old Medina. იქ თუ მოხვდით, აუცილებლად ესტუმრეთ რესტორან Aladin-ს, საიდანაც იშლება კიდეც ის ცნობილი ხედი, რომელიც ინტერნეტში გექნებათ ნანახი. თანაც უგემრიელეს კერძებსაც ამზადებენ და ფასებიც ძალიან დაბალია.

ისიც უნდა გითხრათ, რომ მაროკოს ასეთ პატარა ქალაქებში კვება ნამდვილად სერიოზული პრობლემაა ანტისანიტარიის გამო. ასე რომ, „ალადინი“ საუკეთესო მიგნებაა.

შიფშაუენიდან, წესით, მარაკეშში უნდა წავსულიყავით, მაგრამ გვირჩიეს, გზად ისტორიულ ქალაქ ფესში შეგვევლო.

ახლა ვფიქრობ, რამდენად მაგარი იქნებოდა მაროკოში მოგზაურობა, ფესში შევლა „შავ ლაქად“ რომ არ აჩნდეს მას – არაფერი იყო სანახავი, დრო ტყუილად დავკარგეთ. ეგაა მხოლოდ, იქ გავსინჯე კაქტუსის ნაყოფი, რომელსაც შიფშაუენში შორიდან ვუყურებდი ეჭვის თვალით. არადა, მომეწონა, მართლა უგემრიელესი იყო, განსხვავებული არომატი ჰქონდა. თუ სადმე შემხვდება, ერთ კილოს კიდევ დავაგემოვნებ.

კაქტუსის ნაყოფი
კაქტუსის ნაყოფი

სხვათა შორის, სასტუმროში ჩვენმა მეზობელმა ბიჭუნამ ძალიან უცნაური, თუმცა, თავისი აზრით, სარფიანი გარიგება შემომთავაზა: ჩემ მეგობარ ქერა გოგონას სამ აქლემში მიცვლიდა... ოთხი რომ მოეცა, იქნებ დავთანხმებოდი კიდეც, მაგრამ სამი აქლემი ვის ეყოფა? მეცოტავა და უარი ვუთხარი.

იქაურობას მალევე გავეყარეთ და ჩემ ფავორიტ ქალაქს, მარაკეშს „შევეყარეთ“.

მარაკეში

ეს არის ქალაქი, სადაც ნამდვილად გრძნობ, რამდენად განსაკუთრებული და ეგზოტიკური ქვეყანაა მაროკო. შიფშაუენი თუ ლურჯი იყო, მარაკეშს წითელ ქალაქს ეძახიან. იქ ყველაზე მეტად ისტორიული და თანამედროვე მაროკოს კონტრასტი მხიბლავს. ერთ წუთში თუ ძველ უბანს ათვალიერებ, მეორე წუთში ბარებისა და კლუბების ნაწილში ხვდები.

სხვათა შორის, მარაკეში ჰოლივუდელი რეჟისორების საყვარელი ადგილია. იქაა გადაღებული სცენები ფილმებიდან „გლადიატორი“, „შეუსრულებელი მისია“, „ჯეიმს ბონდი“ და სხვა მრავალი...

მარაკეში-მაროკო
მარაკეში-მაროკო

იცოდეთ:

  • თუ მაროკოში ოდესმე ჩაი ან ხორციანი კერძი შემოგთავაზეს, არასდროს თქვათ უარი, ვინაიდან ეს უპატივცემულობად მიიჩნევა. გარდა ამისა, ხორცი აუცილებლად მარჯვენა ხელით უნდა მიირთვათ. მოკლედ, თუ ცაცია ხართ ან ვეგეტარიანელი, ან, მით უმეტეს, ორივე ერთად, ძალიან არ გაგიმართლათ.
  • მაროკოს მოსახლეობას სახლებში ფაქტობრივად არ აქვთ სააბაზანოები, თუ ძალიან მცირე ნაწილს და სასტუმროებს არ ჩავთვლით. ძირითადად ყველანი აბანოებში დადიან, ანუ იქაურად „ჰამანებში“. 
  • მოერიდეთ თეთრი ტანსაცმლის ჩაცმას, რადგან ეს იქ გლოვის ფერია. ამიტომ იქაურები სულ ფერად-ფერადადად არიან შემოსილები. ტურისტები დიდად არ ითვალისწინებენ ამ ამბავს, მაგრამ ვფიქრობ, ადგილობრივი კულტურის გათვალისწინება აუცილებელია.

ამასობაში მაროკოს აფრიკული დღეები ამოიწურა და ბარსელონისკენ გავეშურეთ.

...მაგრამ, როგორც უნდა დაგეგმო მოგზაურობა და დეტალებში გათვალო ყველაფერი, ცხოვრებისეულ სიურპრიზებს ვერსად გაექცევი. 

მარაკეში–ლისაბონი–ბარსელონის რეისით მივფრინავდით. მარაკეშიდან ლისაბონში ჩავფრინდით, იქიდან კი ბარსელონაში უნდა წავსულიყავით, მაგრამ... ლისაბონში მხოლოდ 55 წუთი გვქონდა, რომ ერთი თვითმფრინავიდან მეორეში გადავმსხდარიყავით. ამ დროში უნდა მოგვესწრო ყველა საჭირო პროცედურის გავლაც. ბევრი კი ვირბინეთ, მაგრამ მაინც დაგვაგვიანდა, გეითთან რომ მივედით, უკვე დაკეტილი იყო.

მაგრამ, იცით, რა? ძალიან გამიხარდა ასე რომ მოხდა. სანამ თავად მიხვდებით, რა გამიხარდა, გეტყვით, რომ როცა ავიაკომპანიის მიზეზით თვითმფრინავს ვერ მიუსწრებთ, ანუ გამოტოვებთ დაკავშირებულ ფრენას, კომპენსაცია გეკუთვნით – 600 ევრომდე ფულადი სახით, სასტუმრო, ტრანსფერი სასტუმრომდე და უკან და ასევე უფასო კვება. ამიტომ ავიაკომპანიის წარმომადგენელს ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი მოვთხოვე და მათაც დაუყოვნებლივ გაგვიშვეს Radisson-ში. ჩვენ შემთხვევაში, საფრენი კილომეტრებიდან გამომდინარე, საკომპენსაციო თანხამ 250 ევრო შეადგინა თითოეულზე. ჯგუფის თერთმეტივე წევრმა იქვე შევავსეთ აპლიკაცია FlyBack.Ge-ზე და თანხა ორ თვეში მივიღეთ. 

ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როცა ავიაკომპანიამ კომპენსაცია გადამიხადა. პირველად კვიპროსის რეისზე დაგვიანებისთვის ავიღე 250 ევრო რამდენიმე თვის წინ.

მოვიდა ბარსელონასთან შეხვედრის დროც. 

ბარსელონა, Mirame!

ბარსელონა
ბარსელონა

ეს ქალაქი ჩემი აღმოჩენაა. სულ სხვა თვალით დავინახე. მართალია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ადგილია მსოფლიოში, მაგრამ, იცოდით, რომ ბარსელონას აქვს შვიდი სანაპირო და შვიდივე ხელოვნურია? 

თურმე ქალაქს 1992 წლამდე სანაპირო არ ჰქონია. სანამ ოლიმპიადის მასპინძლობა არ ერგოთ წილად, მანამ სანაპირო საწარმოებს ეკავა. ახლა კი ბარსელონის სანაპიროები ტოპ-ათეულშია შესული National Geographic-ის მიხედვით.

ქალაქის დასათვალიერებლად თავიდან სულ ორ-ნახევარი დღე გვქონდა გათვალისწინებული. მაგრამ ლისაბონში შეყოვნების გამო ერთი დღე გამოგვაკლდა და მხოლოდ დღე-ნახევარიღა გვქონდა დარჩენილი. ამიტომ ბევრ ადგილზე წასვლა ვერ მოვასწარით. ყველაზე ცნობილი Sagrada Familia-ს ნახვით, La Rambla-ზე სეირნობითა და Camp Nou-ზე სტუმრობით შემოვიფარგლეთ.

ჰოდა, რახან ბევრი რამ დამრჩა სანახავი, კიდევ ერთხელ უნდა ვესტუმრო ბარსელონას, მით უმეტეს, რომ თანაც ვგიჟდები ესპანელებზე...

მოგზაურობის ბოლოს, ამდენი დატვირთული და, ცოტა არ იყოს, დამღლელი დღეების შემდეგ მცირედი რელაქსაცია კანარის კუნძულებზე, კერძოდ, ტენერიფეზე ვპოვეთ.

ტენერიფე

ტენერიფე - კანარის კუნძულები
ტენერიფე - კანარის კუნძულები

იქ არც იმდენი სანაპიროა, ყველას რომ წარმოგვიდგენია, და არც იმდენად მაღალი ფასები, მე რომ მეგონა. ვიპ-ზონაში შესვლა თავისი აუზებით, კაფეებითა და მთელი ამბებით მხოლოდ ხუთი ევრო ღირს! მთავარია, დილის 10 საათზე უკვე ადგილზე იყოთ.

მერე კი, ზემოდანაც თუ გადმოხედავთ ქალაქს, ურიგო არ იქნება...

მოკლედ, ძალიან დატვირთული, თუმცა საინტერესო და სასიამოვნო მოგზაურობა გამოგვივიდა. წინ კიდევ ბევრი ასეთი, უფრო უკეთესი და იაფი მოგზაურობები გველოდება.

ასე რომ, შემომიერთდით და ვიმოგზაუროთ ერთად.

მთავარი თემები