ქართველი სთრით–არტისტის ფერადი სამყარო და მოგზაურობა, როგორც ინსპირაციის წყარო

© მუსია ქებურიას პირადი არქივიმუსია ქებურია
მუსია ქებურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსია ქებურია გრაფიკული დიზაინის სპეციალისტია. იგი სამი წლიდან ხატავს. მუსიამ ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოსინჯა საკუთარი შესაძლებლობები და ყველა წარმატებული აღმოჩნდა მისთვის. ხატავს, მუშაობს მზა თექის ნაჭრებზე, კერავს დეკორატიულ ჩანთებს და სხვადასხვა აქსესუარებს, ქმნის სამკაულებს. მისი თქმით, ცდილობს, ერთ ჩარჩოში არ „გაიჭედოს“.

მუსია უცხო ქვეყნებში მოგზაურობის დროს სხვადასხვა შენობების კედლებზე ყოველთვის ტოვებს ქართულ კვალს. საზღვარგარეთ პირველი შეხება კედლებთან ხარკოვში ჰქონდა, სადაც კედლები ქართული ანბანის თემატიკით მოხატა.

© მუსია ქებურიას პირადი არქივიმუსია ქებურია
მუსია ქებურია - Sputnik საქართველო
მუსია ქებურია

— ჩემთვის პირადად სასიცოცხლო მნიშვნელობის გახდა მოგზაურობა და სიახლეების ძიება ცხოვრებაში. მოგზაურობის დროს ეცნობი ახალ კულტურას, გარემოს, ხვდები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სამყაროში, რაც თავისთავად ახდენს შენზე რაღაც სახის ზეგავლენას. ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, მოგზაურობა პირველ რიგში ძალიან დიდი ინსპირაციის საშუალებაა, რაც თავისთავად აისახება ჩემ შემოქმედებაზეც. შეიძლება პირდაპირი გავლენა არ მოახდინოს კონკრეტულმა კულტურამ ხელწერაზე, თუმცა აუცილებლად დამყვება ფონად, პერიოდებად ამა თუ იმ მოგზაურობიდან მიღებული შთაბეჭდილებები.

მოგზაურობის დროს ადამიანის ცნობიერების ამაღლება, ღირებულებების გადაფასება, შედარება ერთმანეთთან, რაღაც ახლის გამოძერწვა თავისთავად ხდება. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი გაქვს ადამიანს ნანახი, მით უფრო მეტად დიდი ხარ შინაგანად. 

© მუსია ქებურიას პირადი არქივიმუსია ქებურია
მუსია ქებურია - Sputnik საქართველო
მუსია ქებურია

– სთრით–არტისტი ხარ, როგორ არის ეს სფერო საქართველოში განვითარებული, რამდენად აქტუალურია ჩვენთან?

— ივნისის თვეში თბილისში მეორედ, ხოლო ბათუმში მეხუთედ ჩატარდა სთრით-არტ ფესტივალი, რაც თავისთავად მიგვანიშნებს იმაზე, რომ უკვე საკმაოდ წინ წამოიწია ქუჩის ხელოვნების კულტურამ საქართველოშიც. 3-4 წლის წინ თბილისში თითზე ჩამოსათვლელად იყვნენ ქუჩის მხატვრები. ახლა უკვე საკმაოდ ბევრია ამ სფეროთი გატაცებულიც და დაინტერესებულიც. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მეტი არტისტი გამოჩნდება და ქალაქების ქუჩებიც მეტად აჭრელდება ნამუშევრებით, რაც თავისთავად მიუთითებს ამ თემის აქტუალურობაზე და განვითარებაზე.

© მუსია ქებურიას პირადი არქივიმუსია ქებურია
მუსია ქებურია - Sputnik საქართველო
მუსია ქებურია

– უცხო ქვეყანებში სტუმრობის დროს თუ ტოვებ შენ „კვალს“?

— პირველი შეხება საზღვარგარეთის კედლებთან მქონდა ხარკოვში, სადაც ფესტივალი ჩატარდა და მეც მიმიწვიეს. ქართული ანბანის თემატიკით მოვხატე 25 კვადრატული მეტრი კედელი. შემდეგ ლისაბონშიც დავტოვე კვალი. სოციალურ ქსელში მქონდა theabcproject-ის ფარგლებში გაკეთებული სერია და ლისაბონშიც ამ სერიის გაგრძელება გავაკეთე „უ“ ასოზე უძილობის სახით, რაც პირდაპირ კავშირში იყო ამ მოგზაურობასთან — უძილო ღამეებთან და სასიამოვნოდ გატარებულ მოგზაურობასთან. ამის შემდეგ იყო ნორვეგია, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილმა ახალგაზრდებმა გადასასვლელი გვირაბი მოვხატეთ. გამოცდილმა არტისტებმა ახალბედები დავაკვალიანეთ და ერთობლივი ნამუშევარი შევქმენით. მანდვე მოვხატე ადგილობრივი სასტუმროს კედელიც უკრაინელ არტისტთან ერთად. ბოლოს ბერლინში ვიყავი და სანამ წავიდოდი, ჩანაფიქრი მქონდა იქაც რამე დამეხატა, მაგრამ იმდენად აღტაცებული დავრჩი ადგილობრივი ქუჩის ხელოვნებით, თან ჯამში იმდენია, რომ მათ ნახვაში ამოვწურე ჩემი იქ ყოფნის პერიოდი და, სიმართლე გითხრათ, დროც დამენანა, რომ ჩემი რაღაც შემექნა. მომდევნო სტუმრობაზე დავხატავ აუცილებლად. წელს ტოსკანის მოვლას ვაპირებ და იმედი მაქვს იქაურ შთაბეჭდილებებს თუნდაც მინიმალური სახით მაინც გამოვხატავ და დავტოვებ იქაურ კედელზე.

© მუსია ქებურიას პირადი არქივიმუსია ქებურია
მუსია ქებურია - Sputnik საქართველო
მუსია ქებურია

– ყველაზე კომფორტული ვისთან ერთად არის შენთვის მოგზაურობა?

— მე ვფიქრობ, ადამიანს როდესაც პარტნიორი გყავს, თავისთავად მოგზაურობაც მასთან ერთად ხდება კომფორტულიც, საინტერესოც და რომანტიკულიც. მით უმეტეს, როდესაც ინტერესებიც, მიზნებიც და სწრაფვაც სიახლეებისკენ ერთნაირად გაქვთ. თუმცა მეგობრებთან ერთადაც ძალიან კომფორტულად მიგრძვნია თავი მოგზაურობაში. ძალიან მიყვარს ბევრი სიარული, არატურისტულ კუთხე-კუნჭულებში ბოდიალი და საინტერესო, მოულოდნელი და უცნობი სილამაზეების აღმოჩენა, რაც ძალიან კარგად გამოგვდის მე და ჩემ პარტნიორს.

– რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი და ყველაზე მეტად რომელმა ქვეყანამ გაგაოცა?

— ჯამში სადღაც 7-8 ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ძალიან მომწონს როგორც ევროპული, ასევე აზიური კულტურა. ინდოეთში ზედიზედ ორჯერ ვარ ნამყოფი და ძალიან მომწონს იქაური ესთეტიკა და აურა. თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე ლამაზად ლისაბონი მახსენდება. ჩემში საოცარ პატარა ქუჩებთან, ბევრ სიჭრელესთან და ფერადოვნებასთან ასოცირდება. ასევე თავისი ფერად-ფერადი და ათასგვარი კერამიკული ფილებით მორთულ სახლებთან, ახალგაზრდულ სულთან და მეგობრებთან ერთად გატარებულ ტკბილ დროსთან, სადაც დავესწარი ორ მუსიკალურ ფესტივალს და მოვუსმინე ჩემთვის ყველაზე საყვარელ მუსიკალურ ჯგუფებს. გაოცებით ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს წინ სანახავი და გაოცების მიზეზებიც ბევრი იქნება. ძალიან მინდა ლათინური ამერიკის მოვლა და იქაური კულტურის ნახვა. შინაგანადაც მგონია, რომ ჩემთან ეგ სამყარო ყველაზე ახლოსაა ესთეტიკით და ბევრი სხვა რამით.

© მუსია ქებურიას პირადი არქივიმუსია ქებურია
მუსია ქებურია - Sputnik საქართველო
მუსია ქებურია

– გაიხსენე ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც საზღვარგარეთ განახორციელე.

— ყველაზე დიდი პროექტი ხარკოვის კედლის მოხატვა იყო. 25 კვადრატულ მეტრ ფართობს ორი დღე ვხატავდი და საკმაოდ შრომატევადი საქმეც გამოდგა. ბევრი დეტალებით დატვირთული, ბევრი ფერების და ფორმების საშუალებით მომიწია კომპოზიციის აწყობა.

– ძალიან ფერადი და საინტერესო პროფესია გაქვს. პროფესიასთან დაკავშირებით რაიმე უცნაური შემთხვევა, კურიოზი, თავგადასავალი თუ შეგიძლია გაიხსენო?

— ძალიან სასაცილო შემთხვევა გადამხდა, როცა მარჯანიშვილის ხიდთან არალეგალურად ვაკეთებდი დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ერთ-ერთ საკმაოდ დიდ ნამუშევარს wheatpaste-ის ტექნიკით. ნამუშევარში, სადაც ორი პოლიციელი ერთჯერადი ჭიქით ხელში დგას, და მათ წინ მდგარი ხალხი, პერსონაჟები ფილმებიდან და მულტფილმებიდან, ასევე რეალური ადამიანები, რომლებიც დავხატე, ელოდებიან თავიანთ რიგს მოსაშარდად, ზუსტად იმ დროს, როდესაც ბოლოს ეს ორი პოლიციელი უნდა გამეკრა, პატრული მოვიდა და გვკითხა, რას ვაკეთებდით. ჩვენც ვუპასუხეთ, რომ ვაკრავთ სახალისო ნაცნობ პერსონაჟებს კედლის გასალამაზებლად. იდეაში ჯარიმა გვეკუთვნოდა და პროცესიც უნდა შეგვეჩერებინა, მაგრამ, რომ ვკითხეთ, ხომ ჯობდა საარჩევნო პლაკატებს ეს ნამუშევრები, დაგვეთანხმნენ და სიცილით წავიდნენ. პროექტი არ ჩავარდა და გავაკარით ბოლო ორი პოლიციელის პერსონაჟიც. საბოლოოდ ნამუშევარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან ბევრს მოეწონა.

ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ქუჩაში ხატვის დროს ბევრი ადამიანი ინტერესდება, მოდიან და კითხვებს სვამენ, ყველაფერს გეკითხებიან. არის ერთი კითხვა, რომელიც  ყველაზე მეტად მაღიზიანებს — შეგიძლია მეც მიმახატო?

© მუსია ქებურიას პირადი არქივიმუსია ქებურია
მუსია ქებურია - Sputnik საქართველო
მუსია ქებურია

– როცა უცხოელი არტისტები ჩამოდიან საქართველოში, რას ამბობენ ჩვენი ქვეყნის შესახებ? რა შედარებებს აკეთებენ?

— პირველი შეფასება, რაც აქვთ ხოლმე, უი, რამდენი კედელი გაქვთ მოსახატი! და მეორე, როცა იგებენ, რომ ჩვენთან ჯერჯერობით ისეთი სიმკაცრე არ არის კედლის მოხატვასთან დაკავშირებით, როგორც ევროპულ ქვეყნებში, ძალიან უხარიათ.

– ისინი თუ ტოვებენ „ანაბეჭდებს“ საქართველოში?

— იდეაში მათი მთავარი მიზანიც მოგზაურობის დროს თავიანთი ხელწერის და ნამუშევრების დატოვებაა, შესაბამისად, ეგრეც იქცევიან. ბოლოს თბილისის fabrikaffiiti-ს ფესტივალზე დაახლოებით 5-6 ქვეყნიდან იყვნენ არტისტები ჩამოსული, რომლებმაც ფესტივალის ფარგლებში თბილისსა და ბათუმში შექმნეს ნამუშევრები, ასევე სხვაგანაც დატოვეს კვალი სხვადასხვა კედლებზე.

© მუსია ქებურიას პირადი არქივიმუსია ქებურია
მუსია ქებურია - Sputnik საქართველო
მუსია ქებურია

– შენს ხელოვნებას დავუბრუნდეთ. ძირითადად რა არის ის თემატიკა, რაზეც მუშაობ?

— ტუჩები 2012 წელს დაწყებული სერიაა, რომელსაც ერთი წელი მოვანდომე და ჯამში 15 სხვადასხვა ესთეტიკის ტუჩის ნამუშევარი შევქმენი. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, დრო არ მაქვს, რომ ჩემი ნამუშევრები შევქმნა და ვხატო, თუნდაც ფურცლებზე და ტილოებზე. თუმცა სამომავლოდ ვგეგმავ ამ საქმეს მეტი დრო დავუთმო. ძირითადად დაკვეთებზე ვმუშაობ კედლის მხატვრობის მიმართულებით და მაქვს რამდენიმე დიდი ნამუშევარიც შექმნილი. ბათუმში ანბანის კოშკის ინტერიერის კედლები, ქუთაისის აეროპორტში ოთხსართულიანი ოფისების შენობა, ბოტანიკურ ბაღში მდებარე დიდი კედელი, ასევე  მოვხატე VR Game Centre-სთვის 36 კვადრატული მეტრი კედელი, ყველაზე ბოლოს, დიდი ნამუშევარი რაც შევქმენი, fabrikaffiiti-ს ფესტივალზე სამსართულიანი სახლის ფასადი მოვხატე Fabrika-ს წინ მდებარე ტერიტორიაზე. მაქვს ჩემი ვებ-გვერდი, სადაც ვათავსებ ჩემ ნამუშევრებს პორტფოლიოს სახით www.musya.ge

– სკანდალური სთრით–არტისტის სახელი გაქვს…

— არ ვფიქრობ, რომ ძალიან სკანდალური სთრით–არტისტი ვარ. თუმცა, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები იკვეთება და მე პროტესტი მიჩნდება რაღაც თემებთან დაკავშირებით, ვცდილობ  ჩემი აზრიც დავაფიქსირო და გამოვხატო ამა თუ იმ ნამუშევრით კედლებზე. არ ვიქრობ, რომ ჩემი აქტიურობა მაგ მხრივ იმხელა იყოს, რომ სკანდალურობის მიზეზი გახდეს.

– როგორ ფიქრობ, საზოგადოებამდე რამდენად აღწევს შენ მიერ კედლებზე დატოვებული მესიჯები?

— ვფიქრობ, რომ აღწევს. პირადად მნახველებისგან, ადგილზე როდესაც ნამუშევარს ვასრულებ და უკვე გამოკვეთილია, ბევრის აზრი და შეფასება მომისმენია, ასევე შემდეგ ეტაპზეც, როდესაც სოციალურ ქსელში ვათავსებ ნამუშევრის ფოტოს, გამოხმაურებაც და შეფასებაც დიდი მოჰყვება ხოლმე.

– ქვეყანა სადაც ოცნებობ, რომ მოხვდე და რატომ?

— სან-პაულოდან დავიწყებდი, ალბათ, დიდი მოხატული კედლების თვალიერებით და მოვივლიდი ირგვლივ მთლიანად ლათინურ ამერიკას, კულტურებს და ეთნიკურ მხარეებს. ვფიქრობ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი და მთავარი ინსპირაციის წყარო იქნებოდა ჩემი თავის, სტილისტიკის და ნიშის პოვნისთვის, საბოლოოდ ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ამ ეტაპზე არ მაქვს და ვარ ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გატაცებული.

ყველა ახალი ამბავი
0