თბილისი, 18 ოქტომბერი - Sputnik. აზერბაიჯანის და სომხეთის თავდაცვის უწყებებმა ერთმანეთი შაბათს მიღწეული დაზავების შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
შაბათს ბაქომ და ერევანმა მიიღეს გადაწყვეტილება, გამოაცხადონ დაზავება 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან. მხარეებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება იმ შეთანხმებების მიხედვით, რომლებიც მიღწეულია მოსკოვში 10 ოქტომბერს მოლაპარაკებების შედეგად, ასევე 2020 წლის 1 და 5 ოქტომბრის საფრანგეთის, რუსეთის და აშშ-ის (ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნები ყარაბაღის საკითხზე) პრეზიდენტების განცხადების მიხედვით.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უხეშად დაარღვიეს დაზავების რეჟიმი და ყარაბაღში შეხების ხაზზე აზერბაიჯანული პოზიციები დაბომბეს, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
„18 ოქტომბრის 00:00 საათიდან ცეცხლის ახალი ჰუმანიტარული შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვიეს შეთანხმება. ღამით მოწინააღმდეგემ ნაღმმტყორცნებიდან დაბომბა ჯებრაილის მიდამოებში, ასევე მდინარე არაზზე გათავისუფლებული სოფლები“, - იუწყება თავდაცვითი უწყების პრესსამსახური.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა განაცხადა, რომ ბაქომ კვირას ღამით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია, იუწყება Sputnik-სომხეთი.
„მორიგ ჯერზე, ცეცხლის ჰუმანიტარული შეწყვეტის რეჟიმის დარღვევით, მოწინააღმდეგემ ჩრდილოეთი მიმართულებით განახორციელა საარტილერიო დაბომბვა 00:04 საათიდან 02:45 საათამდე პერიოდში, ასევე სარაკეტო დაბომბვა სამხრეთი მიმართულებით 02:20 საათიდან 02:45 საათამდე პერიოდში“, - განაცხადა სტეპანიანმა.
სიტუაცია მთიან ყარაბაღში
ყარაბაღში ბრძოლები 27 სექტემბერს დაიწყო. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებენ, ხოლო ყარაბაღში აცხადებენ არაღიარებული რესპუბლიკის დასახლებული პუნქტების, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტის საარტილერიო დაბომბვების შესახებ. ამჟამად სომხეთში მოქმედებს სამხედრო მდგომარეობა, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია. ერევანში ამტკიცებენ, რომ ბაქოს აქტიურ მხარდაჭერას ანკარა უწევს. აზერბაიჯანმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.