თბილისი, 15 ოქტომბერი - Sputnik. აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებმა ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს მედიაჯგუფის გენერალურ დირექტორ დმიტრი კისელიოვს ინტერვიუ მისცეს.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის სიტუაციასთან დაკავშირებულ Sputnik-ის კითხვებს პარალელურ რეჟიმში უპასუხეს. კითხვაზე, რა არის კონფლიქტში მათთვის „წითელი ხაზი“, ალიევმა უპასუხა, რომ აზერბაიჯანი არასდროს არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას, ხოლო ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლებაზე უარს არასდროს იტყვის.
„რაც შეეხება „წითელ ხაზებს“, ამის შესახებ ჩვენ განვაცხადეთ ძალიან მკაფიოდ და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს ეს კარგად მოეხსენებათ: არანაირ პირობებზე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არ შეიძლება დაირღვეს, არანაირ პირობებზე აზერბაიჯანი არ დასთანხმდება მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობაზე“, - განაცხადა ალიევმა Sputnik-ის პარალელური ინტერვიუს დროს.
„არსებობს ასეთი ხაზი, და ეს ხაზი - მთიანი ყარაბაღის ხალხის თვითგამორკვევის უფლებაა. და სომხეთი ყოველთვის მზად იყო ასეთ კომპრომისზე. და ყველაზე ცნობილი ინიციატივა - ყაზანის ინიციატივაა, როდესაც სომხეთი მზად იყო კონკრეტული კომპრომისისათვის. მაგრამ აზერბაიჯანმა უარი თქვა ამ შეთანხმებების ხელმოწერაზე, რადგან აზერბაიჯანს არ სურდა და არ სურს მიიღოს მთიანი ყარაბაღის სომხების თვითგამორკვევის უფლება. და მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლება - ეს ჩვენთვის „წითელი ხაზია“, რომელსაც ჩვენ ვერ გადავაბიჯებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა Sputnik-ის პარალელური ინტერვიუს დროს.
სიტუაცია მთიან ყარაბაღში
ყარაბაღში ბრძოლები 27 სექტემბერს დაიწყო. აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებენ, ხოლო ყარაბაღში აცხადებენ არაღიარებული რესპუბლიკის დასახლებული პუნქტების, მათ შორის დედაქალაქ სტეპანაკერტის საარტილერიო დაბომბვების შესახებ. ამჟამად სომხეთში მოქმედებს სამხედრო მდგომარეობა, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზაცია. ერევანში ამტკიცებენ, რომ ბაქოს აქტიურ მხარდაჭერას ანკარა უწევს. აზერბაიჯანმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის ლიდერებმა მოუწოდეს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მთიან ყარაბაღში და აღადგინონ მოლაპარაკებები. თურქეთმა კი განაცხადა, რომ აზერბაიჯანს ნებისმიერი სახის დახმარებას გაუწევს, რომელიც მას დასჭირდება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში.
9 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით მოსკოვში ჩავიდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც რუს კოლეგასთან ათსაათიანი მოლაპარაკებები გამართეს. შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. საუბარია ტყვეთა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე, ასევე დაზავების კონკრეტული დეტალების დამატებით დაზუსტებაზე. თუმცა მხარეებმა დაზავების შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი შაბათსვე დაადანაშაულეს.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.