18:14 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
კავკასია
მოკლე ბმულის მიღება
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)
226 0 0

ბაქო და ერევანი მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავების კარდინალურად განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ

თბილისი, 28 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ჟურნალისტებს შექმნილ ვითარებაზე საელჩოს მრჩეველი ელდარ ბაირამოვი ესაუბრა.

  • მეორე დღეა, მთიან ყარაბაღში, გამყოფ ზოლზე, ბრძოლა გრძელდება. მსხვერპლი არის როგორც სომეხ, ისე აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 27 სექტემბერს, გამთენიისას, „სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უხეშად დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და ინტენსიური დარტყმა მიაყენეს“ მჭიდროდ დასახლებულ აზერბაიჯანულ სოფლებსა და ფრონტის ხაზს.

„მოდიოდა ცნობები დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ სამოქალაქო მოსახლეობასა და სამხედროებს შორის. სერიოზულად დაზიანდა სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. მაგალითად, 27 სექტემბერს 20:00 საათზე,  წინასწარი შეფასებით, სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით საავადმყოფოებში 19 აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე გადაიყვანეს“, - აღნიშნა დიპლომატმა.

მან დასძინა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები „საპასუხო ზომებს იღებენ სომხეთის მორიგი სამხედრო აგრესიის აღსაკვეთად და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

„თუ საჭირო გახდა“, ერევანი ყარაბაღში „ისკანდერებს“ და გამანადგურებლებს გამოიყენებს >>

დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანის მხარე სრულ პასუხისმგებლობას შექმნილ ვითარებაზე და მომავალში მოვლენების განვითარებაზე სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

ერევნის პოზიცია

კარდინალურად განსხვავებული პოზიცია აქვს სომხეთის მხარეს.

ოფიციალური ერევნის ვერსიით, 27 სექტემბერს ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებს, ასევე სამხედრო ნაწილებს აზერბაიჯანულმა მხარემ ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. შემდეგ მოწინააღმდეგის მოტომსროლელი და სატანკო ქვედანაყოფები გადავიდნენ შეტევაზე ჩრდილოეთის, სამხრეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. ყარაბაღის თავდაცვის არმია კი მხოლოდ მოწინააღმდეგის შეტევებს იგერიებს.

ამ დროისთვის ბრძოლები გრძელდება. თავდაცვის ჯარის ბოლო მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დაიღუპა 59 სამხედრო მოსამსახურე და ორი მშვიდობიანი მოქალაქე (ბებია და შვილიშვილი), დაჭრილია 200-ზე მეტი ადამიანი.

კონფლიქტის გამწვავება

სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა მთიან ყარაბაღში დაძაბული ვითარების გამო საომარი მდგომარეობა შემოიღეს. არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ აზერბაიჯანის მხრიდან საარტილერიო თავდასხმისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თაობაზე განაცხადა.

კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)

მთავარი თემები