თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სერჟ სარგსიანმა მასობრივი პროტესტების მეათე დღეს გადადგომის შესახებ განაცხადა და აღიარა, რომ შეცდა.
მთავრობის მეთაურის ოფიციალური განცხადება მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე ორშაბათს შუადღეს გაჩნდა. „Sputnik-სომხეთმა“ პოლიტიკოსის მიმართვის სრული ვერსია გაავრცელა.
„მივმართავ სომხეთის ყველა მოქალაქეს, ხანდაზმულებსა და ახალგაზრდებს, მამაკაცებსა და ქალბატონებს. მივმართავ იმათ, ვინც დღე და ღამე დგას მოედანზე მოწოდებით „უარი სერჟს“, და იმათ, ვინც ამ დღეებში დადის გადაკეტილ ქუჩებში, გაჭირვებით აღწევს სამსახურს და საკუთარ მოვალეობას უსიტყვოდ ასრულებს.
მივმართავ იმათ, ვინც დღე და ღამე თვალს ადევნებს პირდაპირ ეთერს, იმათ, ვინც დღისით და ღამით, როგორც ნამდვილი მამაკაცები, იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მივმართავ ჩვენს მამაც ჯარისკაცებს, რომლებიც საზღვარზე დგანან, მივმართავ მეგობრებსა და თანამოაზრეებს.
მივმართავ თანაპარტიელებს, ყველა პოლიტიკურ ძალასა და მოღვაწეს.
ბოლოჯერ მოგმართავთ როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი.
ნიკოლ პაშინიანი მართალი იყო. მე შევცდი. შექმნილი სიტუაციიდან არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუმცა, მე არც ერთ მათგანს არ ავირჩევ. ეს ჩემი არ არის. ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას.
ქუჩის მოძრაობა ჩემი ხელისუფლების წინააღმდეგია. მე ვასრულებ თქვენს მოთხოვნას.
ჩვენს ქვეყანას მშვიდობას, ჰარმონიას და კეთილგონიერებას ვუსურვებ ", — ნათქვამია სერჟ სარგსიანის განცხადებაში.
სომხეთის პრემიერად ყოფილი პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის არჩევის წინააღმდეგ აქციები 13 აპრილს დაიწყო. ოპოზიცია ბრალად უყენებს მას ქვეყნის არაეფექტურ მართვას და ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებას. 17 აპრილს მომიტინგეებმა სომხეთში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადეს.
პროტესტის მიუხედავად, სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად იმავე დღეს აირჩია. მანამდე კი ძალაში შევიდა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად ყველაზე ფართო უფლებამოსილება პრემიერს ექნებოდა.
სარგსიანი პრეზიდენტის პოსტზე ორჯერ აირჩიეს — 2008 და 2013 წლებში.