12:09 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
45 0 0

მმართველი პარტია, ეყრდნობა რა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს

თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად აღიარეს. ამის შესახებ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიურომ (ოდირი) საპარლამენტო არჩევნები შეაფასა, როგორც თავისუფალი, თუმცა არა უნაკლო.

„ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მთავარი შეფასება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებთან ჩვენ მიერ ჩატარებული არჩევნების შესაბამისობას განსაზღვრავს. შეფასება გახლავთ გაცილებით პოზიტიური, ვიდრე წინა არჩევნებთან დაკავშირებულ დასკვნებშია მოცემული და საუბარია, რომ მოხდა საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, სადამკვირვებლო მისიებს, რომლებიც, მიუხედავად პანდემიისა, ჩამოვიდნენ საქართველოში, მხარი დაუჭირეს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და დააკვირდნენ არჩევნების მსვლელობას.

ცესკო: დათვლილია ბიულეტენების 97 პროცენტზე მეტი>>

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, რომლებიც ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა გამოაცხადა, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ამის შესახებ მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ მათი მიზანია ამ არჩევნებში არა პოზიტიური, კონსტრუქციული სახით მონაწილეობა, არამედ საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენება და მისთვის უნდობლობის გამოცხადება.

სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ უკვე გამოქვეყნებულია პარალელური დათვლის შედეგები, რომლებიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩაატარეს, სადაც ცდომილება პრაქტიკულად მინიმალურია და არსებით გავლენას არ მოახდენს საბოლოო შედეგებზე. ეს ნიშნავს, რომ ცესკოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი ორგანიზაციები ამჟამად პრაქტიკულად იმავე შედეგებს აჩვენებენ, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ–გვერდი.

როგორც თალაკვაძემ შეაჯამა, არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, სწორედ არჩევნების ლეგიტიმურობას აყენებს ეჭვქვეშ ოპოზიცია და იწყებს საპროტესტო აქციებს თბილისში.

მთავარი თემები