„ჭარბვალიანობასთან“ ბრძოლის საპირისპირო შედეგი

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკები და კუპიურები
ბანკები და კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგულაციების გავლენა ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგებზე

თემურ იოსელიანი

ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ „ჭარბვალიანობა“ ეკონომიკის უმთავრეს პრობლემად გამოაცხადა და ნაირ-ნაირი რეგულაციებით ბრძოლა გამოუცხადა. ყველაზე მასშტაბური აკრძალვები 2019 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში. რა მიიღო შედეგად – ამაზე ქვემოთ.

მევახშეები მიკროსაფინანსოების ადგილს იკავებენ

იპოთეკური კრედიტების გაცემის შეზღუდვის მიზნით კამპანია ჯერ კიდევ 2013 წელს წამოიწყო იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

„მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც მატერიალურად უჭირს, კარგად აწონ-დაწონონ თავიანთი შესაძლებლობები, სანამ ქონებას კერძო იპოთეკარს, ბანკს ან საფინანსო ორგანიზაციას ჩაუგდებენ ხელში“, – აცხადებდა წულუკიანი, რომელიც სესხის გამცემებსაც აკრიტიკებდა – „სამარცხვინოა, როდესაც სუსტი პიროვნების მდგომარეობის გათვალისწინებით მევახშე აწესებს წლიურ 36 და მეტ პროცენტს, მაშინ, როცა წინასწარ იცის, რომ მოცემული პირი ვალს ვერ გადაიხდის“.

სესხების გაცემის შეზღუდვაზე ლაპარაკი სახელმწიფომ ბოლოს საქმედ აქცია. რეგულაციების შედეგად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა შემცირდა.

2019 წლის 11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას – შპს „მისო მო მანი კრედიტს“ რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
რა მიზანი აქვს „თიბისი ბანკის“ დამაარსებელს

არასაბანკო საფინანსო დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბერძენაძე ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც ეროვნული ბანკი საფინანსო ბაზრის სრული რეგულატორი გახდა და გადაცდომებზეც პასუხს არავინ სთხოვს, მიკროსაფინანსოების რაოდენობა კიდევ შემცირდება.

„თუ სესხების გამცემ ორგანიზაციებს აღარ უღირთ საქმიანობის გაგრძელება და იხურებიან, სამაგიეროდ მევახშეები აქტიურდებიან. ხალხი მათ მიაწყდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებებს უკვე ქონების გამოსყიდვის უფლებით აფორმებენ. ამაში მევახშეებს ხელს, ფაქტობრივად, არავინ უშლის. რეგულაციებმა სწორედ მათ აღზევებას შეუწყო ხელი“, – ამბობს „რეზონანსთან“ საუბრისას ბერძენაძე.

კრიზისი სამშენებლო სექტორში

2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება – „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლის მიხედვითაც, სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა. შედეგად, სუბიექტი ფიზიკურ პირზე იმაზე მეტ სესხს ვეღარ გასცემს, რისი გადახდის რეალური შესაძლებლობაც მსესხებელს არ ექნება. ასევე დადგინდა ამა თუ იმ ტიპის სესხის ხანგრძლივობა. მაგალითად, იპოთეკური სესხის მაქსიმალურ ვადად 15 წელი განისაზღვრა.

საბანკო სექტორისთვის სესხის გაცემის გამკაცრებამ პირდაპირი გავლენა იქონია მშენებლობაზე, რომლის წილიც ქვეყნის ეკონომიკაში 2017-2018 წლებში 9%-ს აჭარბებდა.

დეველოპერების ნაწილი ამბობს, რომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მათი გაყიდვები განახევრდა, ზოგთან კი საერთოდ შეჩერდა. მათი თქმით, ასეთ პირობებში ბიზნესი განვითარებას წყვეტს.

მობილური ტელეფონები - Sputnik საქართველო
„ბილაინი“ არაფერს ცვლის, „სილქნეტი“ ელოდება, „მაგთიმ“ დაიწყო...

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, 2019 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამშენებლო კომპანიებში უძრავი ქონების გაყიდვის მონაცემები დაახლოებით 50%-ით შემცირდა.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, თუ შემოღებული რეგულაციები რომელიმე სეგმენტს კრიზისამდე მიიყვანს, ეროვნული ბანკი მზადაა რეგულაციებს გადახედოს, თუმცა, ძირითადი პრინციპის შეცვლას არ ვარაუდობს. მისი თქმით, სესხი აუცილებლად შემოსავალზე ორიენტირებული დარჩება.

ტექნიკის მაღაზიების გასაჭირი

„პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის“ ამოქმედების შემდეგ მაღაზიებში განვადებები დაახლოებით 70%-ით შემცირდა. განვადებები პირველად 2018 წლის 7 მაისს ამოქმედებულმა რეგულაციებმა შეამცირა. მაშინ ბაზრის ზოგიერთი მონაწილე ამბობდა, რომ გაყიდვები გაუნახევრდათ, რასაც მცირე მაღაზიების დახურვა მოჰყვა, დიდმა ქსელებმა კი გაერთიანებით გადაირჩინეს თავი. მაგალითად, ორი კომპანია – „არაი“ და „სმაილი“ გაერთიანდა და „არაი-სმაილის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას. თუმცა, ახალმა რეგულაციამ ამ გაერთიანებულ კომპანიასაც გაურთულა ცხოვრება.

თიბისი ბანკი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისიდან“ აძევებს

იანვრის ბოლოს გაკეთებულ კომენტარში ტექნიკის მაღაზიათა ქსელის – „ტექნო ბუმის“ დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ განაცხადა, რომ 2018 წლის 7 მაისიდან მოყოლებული, განვადებები 70%-ით შეუმცირდათ, ამიტომ ოპტიმიზაციასა და ფილიალების ნაწილის დახურვას გეგმავენ. უკვე რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ „ტექნო ბუმმა“ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ სასამართლოს მიმართა. 2019 წლის 17 იანვრის განჩინებაში აღნიშნულია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, მეურვედ კი აღსრულების ეროვნული ბიურო დანიშნა. შედეგად, „ტექნო ბუმს“ ნებისმიერი გარიგების დადება მეურვესთან შეთანხმებით მოუწევს, თუ მეურვესთან თანხმობას ვერ მიაღწია, მაშინ უკვე სასამართლოს თანხმობით.

რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს

„ახალი საბანკო რეგულაციები ტექნიკისა და უძრავი ქონების ბაზრებს აზარალებს, ამცირებს ეკონომიკურ აქტივობას და საბოლოოდ ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე“, – ამბობს ბიზნეს-ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

მისი თქმით, 1 იანვრიდან ამოქმედებული ახალი საბანკო რეგულაციები ართულებს და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის განვადების სერვისით სარგებლობას, რაც აზარალებს იმ კომპანიებს, რომელთა გაყიდვებს შორის განვადებების წილი მაღალია.

საავტომობილო მოძრაობა თბილისში - Sputnik საქართველო
ახალი ხარჯი მძღოლებისთვის

„ჯერ კიდევ 2018 წლის 1 მაისს დაკრედიტების გამკაცრებამ ამოქმედებიდან პირველივე თვეებში ტექნიკის მაღაზიების გაყიდვები შეამცირა, რასაც 2019 წლის 1 იანვრიდან კიდევ უფრო გამკაცრებული ახალი რეგულაციები დაემატა. განსაკუთრებით პრობლემურია რეგიონები, სადაც მოქალაქეები თვითდასაქმებულები არიან, ვერ ადასტურებენ შემოსავლებს და, შესაბამისად, ახალი საბანკო რეგულაციებით მათ პრაქტიკულად ეკრძალებათ განვადების სერვისით სარგებლობა. ჩვენ ვიყავით ჩართული კონსულტაციებში, რეკომენდაციითაც მივმართეთ ეროვნულ ბანკს, რის შემდეგაც რეგულაციები შერბილდა და ამოქმედების ვადამ გადაიწია, თუმცა, არ მოხდა კერძო სექტორის ინტერესების სრულად გათვალისწინება, რამაც საბოლოოდ დაგვაყენა ამ რეალობის წინაშე“, – ამბობს ლექვინაძე.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ვარაუდობს, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტების გამკაცრებული პოლიტიკა ოდესმე ისევ შერბილდება. მისი თქმით, წინასწარვე ცხადი იყო რეგულაციები ყველას არ მოეწონებოდა, თუმცა, დაკრედიტების შეზღუდვით ხალხი ჭკუას ისწავლის და სესხს გაუაზრებლად აღარ აიღებენ.

თბილისის ისტორიული ცენტრი - Sputnik საქართველო
არის თუ არა საგანგაშო მზარდი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი

„დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ეს რეგულაცია გაუქმდება, და სწორედ დღევანდელი რეგულაცია გაზრდის ცოდნის დონეს და დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ. მე არ ვთვლი, რომ ეს მუდმივი რეგულაციაა“, – განაცხადა კაკულიამ.

დასკვნის სახით რომ ვთქვათ, მასშტაბური საბანკო რეგულაციებიდან ჯერ მხოლოდ თვენახევარი გავიდა, თუმცა, შედეგები უკვე თვალსაჩინოა. საბჭოთა წარსულიდან ერთ ცნობილ ფრაზას თუ გავიხსენებთ, მაშინდელი მთავრობისთვის დამახასიათებელი გამოთქმა დღევანდელ „ჭარბვალიანობასთან“ ბრძოლის პოლიტიკასაც ერგება – Хотели как лучше, а получилось как всегда.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0