თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე გამოსვლის მთავარი თემა გარე ჩარევის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.
საქართველოს პარლამენტის სპიკერი სტამბულში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ათზე მეტ შეხვედრას გამართავს, როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე პლენარული დისკუსიების ფარგლებში.
„კონფერენციაზე ჩვენი მთავარი სათქმელი ის ახალი საფრთხეებია, რომლებიც ყველა ქვეყანაში კარგად ჩანს. ყველა ქვეყანა ცდილობს, საკუთარი, ეროვნული ინტერესები გარე ჩარევებისგან დაიცვას და ამ მხრივ, ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე ვისაუბრებ, რომ გარე ჩარევის ჰიბრიდულ საფრთხეებს ერთგვაროვანი პასუხი გაეცეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან გაიმართება შეხვედრები, სადაც იქნება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იქნება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რასაც ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ. სამწუხაროდ, დიალოგის რეჟიმს კეტავენ და ცალმხრივი დირექტივების მიდგომაა, რომელიც სულ უფრო მძლავრია ბრიუსელში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ხმა მიაწვდინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, რათა მათ დაანახონ, რომ გზა, რომელიც დღეს აქვს ბრიუსელს არჩეული საქართველოსთან და ზოგადად კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, სრულად აცდენილია ევროპულ ღირებულებებს.
„მნიშვნელოვანია, ევროპულმა პარლამენტმა ამ მხრივ საკუთარი პოზიციებიც აჩვენონ“, - აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, კანდიდატი ქვეყნებისა და აზიის ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს.
საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა 15-დან 19 აპრილს იმართება სლოგანით „იმედის გაღვივება, მომავალი თაობებისთვის მშვიდობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა“.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად 2500-ზე მეტი სტუმარი დარეგისტრირდა. სტამბოლში 157 ქვეყნის დელეგაციას და 77 მომხსენებელს ელიან.